უზენაესის მოსამართლეების არჩევის წესი ისევ იცვლება, თუმცა არასამთავრობოებს და ომბუდსმენს ისევ არ მოსწონთ

თითქმის ორი თვეა საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება დარეგისტრირდა, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი ისევ შეიცვლება. კანონპროექტი ერთგვარი წინსწრება იყო საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც ამ საქმეზე სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე დადგა.

კანონპროექტით ორი ძირითადი რამ შეიცვლება:

  1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს მოუწევს კანდიდატის შერჩევა დაასაბუთოს;
  2. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტებულ საკვალიფიკაციო პალატაში.

სწორედ ამას და უფრო მეტს მოითხოვდა საქართველოს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სარჩელით. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა პლენუმის ნახევარმა განსხვავებული აზრი გამოაქვეყნა და დაასაბუთა, რატომ იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო მათივე კოლეგების გადაწყვეტილება.

საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებულ მოსაზრებაში ეწერა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა დაესაბუთებინა როგორც კანდიდატის შერჩევის მიზეზები, ასევე მათი კონკურსიდან გამოთიშვაც. გარდა ამისა, ომბუდსმენის მსგავსად, ეს ოთხეულიც აღნიშნავდა, რომ საბჭოს წევრებს, თითოეულს ცალკე ღიად უნდა ეთქვათ, ვის უჭერდნენ მხარს და რატომ.

იმის გამო, რომ კანონში შერჩევის წესის მხოლოდ დეტალები იცვლება, საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს ამ კანონპროექტს:

"კანონპროექტი ვერ პასუხობს სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც ადგილი აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში და მათი მოგვარების მხოლოდ ნომინალურ მცდელობას წარმოადგენს".

ომბუდსმენმა კანონპროექტში დანახული ხარვეზები რამდენიმე პუნქტად გამოყო:

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები კვლავ ფარული კენჭისყრით აირჩევიან;
  • კანდიდატის შერჩევის სამოტივაციო ნაწილში "საბჭოს მდივნის დასაბუთება", ზოგადი დახასიათების დაწერაა გათვალისწინებულია და არა - იუსტიციის უმაღლესი საჭოსი;
  • საბჭოს მიერ კანდიდატისთვის უარის თქმა საჩივრდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, სადაც მანამდე არსებული სადავო წესით არჩეული მოსამართლეებიც არიან.

ომბუდსმენის მსგავსად ფორმალურ ცვლილებებად აფასებს კანონპროექტს კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის". გაერთიანების ერთ-ერთი წევრი ორგანიზაციის, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენელი, გვანცა წულუკიძე ამბობს, რომ ისინი არ მიიღებენ ამ საკითხზე ჩანიშნულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას:

"[ეს ცვლილებები] ვერ უზრუნველყოფს, როგორც თავად უზენაეს მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის და პროცედურის დახვეწას, ისევე ზოგადად სასამართლო სისტემაში რაიმე ტიპის დადებითი ცვლილების განხორციელებას".

კანონპროექტის კანონად გადასაქცევად პარლამენტში სამი მოსმენაა საჭირო. საქართველოს კი უკვე ჰყავს არასამთავრობოებისგან, სახალხო დამცველისგან და საკნონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილისგან დაწუნებული კანონით უვადოდ არჩეული 10-ზე მეტი მოსამართლე.