პანკისის სათემო რადიო „ვეის“ და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ არაერთი მუქარისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.
ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი ჯერ რადიოს დახურვას მოითხოვდა, მერე კი მთივლიშვილის ხეობიდან გაძევებას. გაისმა მუქარა, რომ გელას „რადიოს თავზე დაამხობენ“. ბოლოს აქცია დუისში, სათემო რადიოს შენობასთან, პოლიციიდან 10 მეტრში, 5 სექტემბერს გაიმართა. რადიო მუშაობას განაგრძობს, თუმცა გელა მთივლიშვილი ხეობაში ჩასვლისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
გელა მთივლიშვილის საავტორო გადაცემის ორი გამოშვება ეთერში ვერ გავიდა. ამ ეტაპზე საველე მუშაობას ერიდებიან რადიოს თანამშრომლებიც. თუმცა როგორც რადიოს დამფუძნებელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რადიო მუშაობას არ შეწყვეტს. ის ამ დრომდე ელოდება სამართალდამცველი ორგანოებისგან რეაგირებას და მოითხოვს ეფექტიანი გამოძიების დაწყებას.
8 სექტემბერს, კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, შსს-ს სახალხო დამცველმაც მოუწოდა დროულად დაიწყოს გამოძიება პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ მუქარაზე.
ასევე ნახეთ ომბუდსმენი: დაიწყოს გამოძიება პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის მიმართ მუქარაზეგელა მთივლიშვილმა რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში, 7 სექტემბერს, ვრცლად ისაუბრა იმ დაგროვილ მიზეზებზე, რამაც, მისის აზრით, ადგილობრივ სალაფიტურ თემში სათემო რადიოს მიმართ უკმაყოფილება გაზარდა.
უკმაყოფილების პირველი ნიშანი - საეთერო მუსიკა
როგორც ირკვევა, პროტესტი რადიო „ვეის“ გახსნისთანავე გაჩნდა. გელა იხსენებს, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრები სალაფიტი მოსახლეობის ერთმა ნაწილმა რადიო „ვეის“ დამფუძნებელს რადიოს გახსნიდან მალევე, შეუთვალა, რომ ეთერში გასული მუსიკა მათთვის მიუღებელი იყო და შეეცვალა.
გელა მთივლიშვილი შენიშნავს, რომ რადიოს იძულებით მოსასმენად მას არსად დაუყენებია გამაძლიერებლები - ვისაც მოსმენა არ სიამოვნებდა, შეეძლო გამოერთო, მაგრამ რელიგიური საგალობლებს, ვერც ქრისტიანულს და ვერც მუსლიმურს, ეთერში ვერ გავუშვებდიო.
მეორე უკმაყოფილება, ადგილობრივების ერთი ნაწილის მხრიდან, მუდმივად მოჰყვებოდა ისეთი საკითხების გაშუქებას, რაზე ლაპარაკი ხეობაში არ სიამოვნებდათ. ასეთი იყო, მაგალითად, ერთი კონკრეტული ამბის გამო გვარებს შორის დაწყებული დაპირისპირების ამბავი, რომელიც მანქანების დამტვრევით და რაც მთავარია, ხეობის ერთი მკვიდრის ფიზიკური დაზიანებით დასრულდა - რადიო „ვეი“ ამ ამბავსაც აშუქებდა.
ოღონდ, როგორც გელა იხსენებს, გამოძიება დაწყებული იყო მხოლოდ სხვისი ქონების დაზიანების მუხლით, პანკისის რადიო კი სვამდა კითხვას, რატომ არავინ ისჯებოდა ადამიანის ცემისთვის. პოლიცია პასუხობდა, საჩივრით არავის მოუმართავსო - გელა მთივლიშვილი კი ამბობს, რომ ეს საკითხი ადგილზე შარიათის სამართლის კანონებით მოგვარდა.
„ჩვენ ვსვამდით კითხვებს, რადგან კანონის უზენაესობის გვჯერა. პატივს ვცემთ ტრადიციულ სამართალს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ როცა ქვეყანას აქვს კონსტიტუცია და მისი შესაბამისი კანონმდებლობა, ის უნდა იყოს უპირატესი. პანკისის რადიო მუდმივად აშუქებდა ისეთ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაში სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეს ვხედავდით, საქმე კი ამასობაში შარიათის სამართლით წყდებოდა“, - გვეუბნება გელა მთივლიშვილი.
რადიოს აფეთქებით ემუქრებოდნენ, როცა მან ლგბტქ თემის წევრზე ზეწოლაზე მოამზადა მასალა. როცა აქტიურად აშუქებდა შორტების გამო ნაცემი მამა-შვილის ამბავს... მაგრამ ბოლო ორი საპროტესტოა აქცია, როგორც გელა მთივლიშვილი ყვება, გამოიწვია არასწორად გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის თაობაზე, თითქოს მას იმ შენობის ყიდვა სურდა, რომელშიც დღეს რადიო "ვეის“ ოფისია.
დავის საგანი - შენობა?
ამავე შენობაშია განთავსებული „როდი სკოტის ფონდიც“, სადაც ადგილობრივ ბავშვებს ინგლისურს უფასოდ ასწავლიან და ზოგადად, ეს ფონდი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, ფონდმა შენობის ყიდვა გადაწყვიტა და შესყიდვის მოთხოვნით ახმეტის მერიას მიმართა. რადგან რადიოს, შენობის ნაწილის იჯარის ვადა 2022 წლამდე ჰქონდა და შესაძლოა, შენობის გაყიდვის შემდეგ მისთვის კონტაქტი აღარ გაეგრძელებინათ, რადიოს წარმომადგენლებმა მერიაში მოიკითხეს, ვინ იყო დაინტერესებული შენობის ყიდვით.
როგორც გელა მოგვითხრობს, ამის შემდეგ ხელისუფლებამ ფონდს შენობის შესყიდვაზე უარი უთხრა. ხეობაში კი გავრცელდა ამბავი, რომ ამ შენობის ყიდვას და ფონდის იქიდან გაძევებას გელა მთივლიშვილი აპირებდა. პირველ აქციას, სავარაუდოდ, ამიტომ ესწრებოდნენ ბავშვების მშობლებიც.
ისინი მეორე, 5 სექტემბრის საპროტესტო აქციაზე აღარ მისულან.
რადიო თავისუფლებას ჩაწერილი ჰყავს ამ ფონდის წარმომადგენელი და 29 აგვისტოს აქციის ორგანიზატორი ლია მარგოშვილი, რომელიც ამბობს, რომ მედიის წინააღმდეგ წასვლა მას აზრადაც არ მოსვლია.
„ჩვენ გვინდოდა, რომ ეს შენობა აუქციონზე გატანილიყო. გავიგეთ, რომ გელა მთივლიშვილი ამის წინააღმდეგი იყო. ამიტომ მოვიწვიე დეპუტატიც და ჩვენი 244 მოსწავლის მშობლებიც. გვინდოდა ამ შენობის შესყიდვა - მუზეუმის ნაწილის გარეშე. იქ არსებულ ორგანიზაციებს კი, მათ შორის რადიოსაც, იჯარის ხელშეკრულებები გაუგრძელდებოდათ. არავის გაძევება არ გვიფიქრია".
ლია მარგოშვილი ამბობს, რომ რადიომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, მაგრამ მისი აზრით, გელა მთივლიშვილის ადგილი პანკისში არ არის.
„მე ჯერჯერობით ჩუმად ვარ, არაფერი დამიწერია, თორემ მთელი ხეობა ამყვებოდა. მარტო მე კი არა, ხეობაში ბევრი მიიჩნევს, რომ გელა მთივლიშვილი პროვოკატორია. მის ყველა დაწერილ მასალას ახლავს რაღაც პროვოკაციული. ვეუბნებოდი კიდეც, მაჩვენეთ, კარგ თემაზე რა დაგიწერიათ-მეთქი. ნუთუ პანკისში კარგი არაფერი ხდება?“
გელა მთივლიშვილი ეჭვობს, რომ შენობა მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ გამოიყენეს.
„მე ვფიქრობ, რომ მთავარი მაინც ჩვენს მიმართ დაგროვილი უკმაყოფილებაა, რომელიც ვისური მუთოშვილის პოლიციელების თვალწინ მკვლელობის საქმის გაშუქებას მოჰყვა. ჩვენი ვარაუდით, აქ არის სისხლის აღების საფრთხე. მუდმივად ვაშუქებთ და ვამბობთ, რომ ეს მკვლელობა უკავშირდება ჰესების მშენებლობის გამო გვარებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას. მსჯავრდებულების მხარეს კი ამ საკითხის ასე გაშუქება არ სურს, მირეკავენ და მეუბნებიან, რომ საერთოდ არ ვწეროთ ამაზე, რადგან მათ შერიგება სურთ და ყოველი ახალი სტატია ამ პროცესს აფერხებს“, - გელა მთივლიშვილი კი ფიქრობს, რომ მედიის მოვალეობა პროცესების გაშუქებაა და ამაზე უარის თქმას არ აპირებს.
ასევე ნახეთ ვისო მუთოშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათკიდევ ერთი საკითხი, რაც რადიოს დამფუძნებელს პირადად შეუთვალეს, პანკისში დაგეგმილ ჰესების მშენებლობას უკავშირდება:
„პირდაპირ მითხრეს, როგორც ინვესტორს, ლაშა იორდანიშვილს არ მიეცა ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა, რადიოც ისე უნდა დაიხუროს და აქედან წახვიდეთო. როცა ახსნა მოვითხოვე, მითხრეს, რადიოს აქვს დიდი როლი ინვესტორის მიმართ უნდობლობის და წინააღმდეგობის გაღრმავებაში, რადგან ასე აქტიურად ვაშუქებთ ჰესების საკითხს. და მართლაც, ჩვენ ამ საკითხზე მუდმივად ვწერდით, მაგრამ რას ნიშნავს ეს, არ ვწეროთ? არ მივაწოდოთ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია? გავჩუმდეთ?“ - კითხულობს გელა მთივლიშვილი.
პანკისის რადიოს დამფუძნებელმა არაერთხელ აღნიშნა ისიც, რომ დუისში გამართულ აქციას მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათაც ესმოდათ მუქარა, თუმცა რეაგირება არც მათ და არც ათ მეტრში მდგარ პოლიციას არ მოუხდენია.
ჩვენ ველაპარაკეთ ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, რამზან ბაღაკაშვილს, რომელიც პირველ აქციას ესწრებოდა და ვკითხეთ, რატომ არ მოახდინა რეაგირება იმ მუქარაზე, რაც აქციაზე მედიის მისამართით გაისმა ან რა იყო მისი იქ ყოფნის მიზანი. რაზეც ბაღაკაშვილმა გვიპასუხა, რომ იქ ყოფნა მისი, როგორც დეპუტატის მოვალეობა იყო. საკითხი კი, რის გამოც აქციაზე მივიდა, "როდი სკოტის ფონდისა" და ხეობის ბავშვებისთვის შენობის გადაცემის მოთხოვნა იყო, რასაც ეთანხმება კიდეც.
"იქ მერე რამდენიმე ადამიანმა სულ სხვა პრეტენზია გამოთქვა, მაგრამ მე მათ ვუთხარი, რომ კანონი როგორც მოითხოვს, ისე უნდა ვიმოქმედოთ-მეთქი. ყვირილი საქმეს არ არგებს-მეთქი. იყო რამდენიმე ასეთი გამოხდომა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ადამიანისგან", - უთხრა რამზან ბაღაკაშვილმა რადიო თავისუფლებას.
მუქარანარევი 2 აქცია - გავაგდებთ, თავზე დავამხობთ
პირველი საპროტესტო აქცია სოფელ დუისში, პანკისის სათემო რადიო „ვეის”-ს შენობასთან 29 აგვისტოს გაიმართა. ეს შენობა პოლიციის შენობიდან დაახლოებით 10 მეტრში დგას.
რადიოს და მისი დამფუძნებლის მიმართ ღია მუქარა სწორედ ამ აქციაზე გაისმა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ გელა მთივლიშვილს პანკისში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე თქვას უარი. „ეგ მთივლიშვილი გასაგდებია“, „ან თავისით წავა ან იძულებით“, „მაგის რაღაცებს (ტექნიკას) გამოვყრით’“ - ასეთი ფრაზები ისმოდა იმ დღეს აქციაზე.
5 სექტემბერს მეორე აქციაც ჩატარდა, ოღონდ იქ 150 კაცის ნაცვლად 30 ადამიანი მივიდა. მუქარა ისევ ისმოდა. ოღონდ უფრო დაკონკრეტდა და უკვე არა რადიო, არამედ გელა მთივლიშვილი იყო სამიზნე. „რადიოს თავზე დავამხობთ, თუ არ წავა, ძალით გავუშვებთ“ - მუქარაც უფრო კონკრეტული გახდა.
პანკისის სათემო რადიომ პირველივე აქციის მერე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ეს აქცია ორგანიზებული იყო: „როდი სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით“.
რა გადის დღეს პანკისის სათემო რადიოს ეთერში?
პანკისის სათემო რადიო „ვეი“ 4 წლისაა. დღეს მას 4 ძირითადი თანამშრომელი ჰყავს და მის ეთერში გადის:
- საინფორმაციო გამოშვება (დღეში სამჯერ);
- გადაცემა „რადიოკაფე“, რომელიც საგანმანათლებლო კუთხით არსებულ პრობლემებს, ინტეგრაციის საკითხებს, საბჭოთა წარსულის გააზრებას ეხება;
- გადაცემა „ფოკუსი“, რომელშიც კვირის მთავარ თემებზე ლაპარაკობენ;
- გადაცემა „მე და სახელმწიფო“, რომელშიც ისმის მოქალაქეების ხმა და სახელწიფოს პასუხი კონკრეტულ პრობლემაზე;
- გადაცემა „არ გაისუსო“, რომლის იდეას მისი სახელიც ხსნის და მასში ლაპარაკობენ ძირითადად ტაბუდადებულ თემებზე.
- და ხასო ხანგოშვილის საავტორო გადაცემა.
რა თემებს აშუქებდა რადიო ყველაზე აქტიურად?
პანკისის სათემო რადიო პირველია ხოლმე, ვინც ადგილზე მიმდინარე ამბებს ავრცელებს. ასეთი ამბავი იყო, მაგალითად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და პოლიციის დაპირისპირებაში გადაიზარდა და რომლის პირველი პირდაპირი ეთერიც რადიო „ვეის“ ჰქონდა.
მეორე საკითხი, რომელსაც პანკისის სათემო რადიო გახსნის დღიდან აქტიურად აშუქებდა, ეს იყო ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდების ამბავი, რაც, როგორც გელა მთივლიშვილი ამბობს, პანკისის ხეობის სოფლების სერიოზული პრობლემა იყო და რადიო მიიჩნევდა, რომ ეს პრობლემა არ უნდა მიჩქმალულიყო.
რადიო გახსნის დღიდან აშუქებდა ელექტროენერგიით ხეობის მომარაგების და გაუმართავი ქსელის პრობლემას, რაც იმით დასრულდა, რომ ქსელი შეიცვალა და როგორც გელაც ამბობს, დღეს ეს პრობლემა დიდწილად გადაჭრილია.
ორი წლის განმავლობაში აქტიურად აშუქებდნენ ტურისტული ბილიკების მარკირების საკითხს, რომელსაც წლები არ ექცეოდა ყურადღება - ხეობას კი ტურისტი მუდამ ჰყავდა. ესეც გაკეთდა.
დღემდე აქტიურად აშუქებენ თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის საკითხს, როგორც ეკოლოგიური, ისე მოსალოდნელი სარგებლის ჭრილში და ა.შ. ადგილზე არსებულ ყველა სოციალურ, პოლიტიკურ, კრიმინალურ ამბავს.
"არ არსებობს მიზეზი, რაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას გაამართლებს"
„როდესაც ვსაუბრობთ ისეთ ფუნდამენტურ საკითხზე, როგორიც არის მედიის თავისუფლება, არ შეიძლება რაიმენაირი გამართლება მოუძებნო თავისუფლების შეზღუდვას იმით, რომ ვიღაცისთვის ეს სიტყვა გამაღიზიანებელია. აქ „მაგრამების“ დასმა ყოველთვის არასწორია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დამფუძნებელმა გიორგი მშვენიერაძემ.
მისი შეფასებით, სიტყვის თავისუფლება სწორედ მაშინ უნდა იყოს დაცული, როცა ის ვიღაცას არ მოსწონს: „მე ვფიქრობ, პანკისის შემთხვევა არ არის ის შემთხვევა, როცა სიტყვის თავისუფლების მუქარა შეიძლება გამართლდეს იმით, რომ იქ ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ და მათ რაღაც არ მოსწონთ".
პანკისის სათემო რადიოს და გელა მთივლიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს 8 სექტემბერს პანკისის უხუცესთა საბჭოს განცხადებაც მიემატა.
ასევე ნახეთ პანკისის უხუცესთა საბჭო სათემო რადიოსა და გელა მთივლიშვილს მხარდაჭერას უცხადებს„ჩვენ, უხუცესთა კავშირი, ვგმობთ ყოველგვარ აგრესიულ გამოხტომებს ადამიანების მიმართ. ცხადია, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ გელა მთივლიშვილი იდეალური ჟურნალისტია ან პიროვნება, ისევე როგორც ჩვენ ან ნებისმიერი სხვა, ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი პლუს-მინუსები, რომლებისგანაც არავინ არ ვართ დაზღვეულები. აქვე აღვნიშნავთ, რომ გელა მთივლიშვილი ჟურნალისტია, მისი პროფესიაა მიმდინარე მოვლენების გაშუქება, თუნდაც ეს „შორტებს“ ან სხვა თემებს ეხებოდეს. უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ ქისტური ადათ-წესები და ღირსების გრძნობა! საქართველო პანკისიდან იწყება, ნუ დავივიწყებთ ამას!“, - ვკითხულობთ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„აღმაშფოთებელი და სამწუხარო“ უწოდა მთივლიშვილის „წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციული კამპანიას“ ქისტური თემის აქტიურმა წევრმა, მექა ხანგოშვილმაც, რომელმაც და დაწერა, რომ ამ პროცესის უკან დგანან ადამიანები, ვინც არ იცის რა როლი ითამაშა პანკისის კრიზისის დაძლევასა და მისი ჩიხური მდგომარეობიდან გამოყვანაში პირადად გელა მთივლიშვილმა და პანკისის სათემო რადიომ.
კრიტიკულად პრობლემური და მიუღებელია მედიის მიმართ ძალადობის ან იძულების შემცველი განცხადებების გაკეთება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) თანასწორობის პროგრამის დირექტორის თამთა მიქელაძისათვის, რომელიც ფიქრობს, რომ ამგვარი რიტორიკა პირველ რიგში თემს და საჯაროობაში თემის აღქმას აზიანებს.
მისი აზრით, ასევე პრობლემურია წინასაარჩევნო კონტექსტიც და ის ეჭვები, რაც ამ პროცესში ხელისუფლების ინტერესებზე მიუთითებს და ამ კუთხით, არ შეიძლება თემმა არ დაინახოს თემმა ის, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია, თავად თემისთვის მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ხეობაში "უსაფრთხოების სამსახურების ჭარბი ინტერესი და კონტროლი ჩანს და უფლების დარღვევის მძიმე შემთხვევებს ვხვდებით".
თუმცა რადგან ვითარება გარკვეულწილად დაიძაბა, თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ შეიძლება რადიოს რედაქციასა და ადგილობრივ, სანდო ლიდერებს შორის დიალოგი გაიმართოს, სადაც ადგილობრივი თემის ლიდერები საკუთარი უკმაყოფილების მიზეზებს და არგუმენტებს უკეთესად გაუზიარებდნენ რადიოს.
ასევე, იფიქრებდნენ რადიოს მუშაობის სტრატეგიის გაუმჯობესებაზე ისე, რომ სიმართლის თქმის და თემის მხარდაჭერის და მის მიმართ უფრო სამართლიანი და სოლიდარული პოლიტიკურ და სოციალური გარემოს შექმნის ინტერესებს შორის წონასწორობა უკეთ იყოს დაცული.
თამთას აზრით, სათემო მედიის მიზანი სიმართლის თქმასთან ერთად თემის ინტერესების დაცვა უნდა იყოს და ამ ორ ინტერესს შორის რთული, დელიკატური, მაგრამ აუცილებელი ბალანსის დაცვის მიდგომას უნდა იყენებდეს.
"ჩემი აზრით, სათემო მედია ადგილობრივი თემის რეალური საჭიროებების, წუხილების, ინტერესების მაქსიმალურ წარმოჩინებას და ისედაც მარგინალიზებული თემის პერსპექტივების ახლებურად ჩვენებას უნდა უწყობდეს ხელს. ადგილზე მომუშავე სათემო მედიებს სხვა პრინციპები უნდა ჰქონდეს და მცირე თემში მიმდინარე პროცესების დაკვირვების და გამადიდებელი შუშით აღწერის მიღმა, თემის მიმართ სამართლიანი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნის, მასზე დანარჩენი საზოგადოების ცოდნის და სოლიდარობის გაზრდას უნდა უწყობდეს ხელს. მით უმეტეს პანკისში, სადაც გლობალური და ადგილობრივი ცოდნა და პოლიტიკური ხედვები ძალიან პრობლემურია და ამ რთულ კონტექსტში თემს მუდმივი საგანგებო მდგომარეობის, ყოველდღიური კონტროლის და დაკვირვების პირობებში უწევს ცხოვრება", - ამბობს თამთა მიქელაძე.
თამთა შენიშნავს, რომ ბოლო თვეებში რადიოს მიერ მომზადებულ სტატიები (ის არ გულისხმობს რადიოში გასულ გადაცემებს, რომლებიც ვებსაიტზე არ დევს) პანკისელების და პანკისის კრიმინალური ქრონიკაა უფროა და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს აქ სხვა არაფერი ხდება:
"აღარაფერს ვიტყვი ადგილობრივი ხალხის, რეალობის, კულტურის და ა.შ წარმოჩენაზე, რაც ზემოთ ნახსენები ინფორმაციული ველის გარღვევის და სოლიდარობის შექმნის მიზნებისთვის მნიშვნელოვანი მგონია. სამწუხაროდ პანკისის სათემო რადიო ამ წონასწორობას ჩემი აზრით სათანადო ვერ იცავს და ადგილობრივების წუხილის მიზეზიც ეს არის. კიდევ ერთხელ ვამბობ დღეს ამაზე ლაპარაკისთვის არასწორი დროა პოლიტიკურად და ეს აზრი არ უკავშირდება და არ ამართლებს არც ერთ ფორმით გამოვლენილ ძალადობრივ სენტიმენტებს და მიდგომებს", - უთხრა თამთა მიქელაძემ რადიო თავისუფლებას.