ექსპერტიზის პასუხები ცნობილია - რა გავიგეთ ახალი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ

გაუჩინარების წინა დღეს აფთიაქში მედიკამენტების საყიდლად მიმავალი თამარ ბაჩალიაშვილი გარე კამერების ჩანაწერებიდან

18 ივლისს გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის გვამის პოვნიდან თვე-ნახევრის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ დასრულებული ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა. რამდენიმე სახის ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე არ დასტურდება მექანიკური დაზიანების კვალი, ავტომობილსა და მასში ნაპოვნ ნივთებზე აღმოჩენილი არ არის უცხო პირის დნმ, დაბოლოს, 22 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილისაა.

მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს თამარის პირად ავტომობილში ნაპოვნი ნივთების შესახებ ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის პასუხები. ამ დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ თამარის ავტომობილში ექსპერტიზისთვის ამოღებულია და, შესაბამისად, თამარის გარდაცვალებისას იყო შემდეგი ნივთები:

  • 3 სხვადასხვაგვარი საფულე - ნაცრისფერი, მოვარდისფრო და გამოსახულებებიანი;
  • დანა;
  • შავი ფერის ელექტროშოკი;
  • სამართებლის პირების კოლოფი (ე.წ. ბრიტვა - ერთი შეკვრა);
  • გადამყვანი ფლეშბარათი, რომელიც ნაპოვნია მაგნიტოფონის ქვეშ სანთებელის შესაერთებელთან;
  • USB პორტში შეერთებული მეხსიერების ბარათი, ე.წ. ფლეშკა 64 GB მოცულობით, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე;
  • კოსმეტიკური ჩანთა, კოსმეტიკური ფანქრები და საღეჭი რეზინები;
  • დასაკეცი სარკე-სავარცხელი;
  • ხელსახოცები და ცხვირსახოცის შეფუთვები;
  • გასაღების ასხმა ბეიჯით და ლიფტის ჩიპით;
  • აბები, ამპულები, კრემის ტუბები;
  • სამედიცინო პირბადეები, რომლებზე არსებული მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები, სავარაუდოდ, შეიცავს სისხლს;
  • სისხლს შეიცავს მანქანის სალონიდან ამოღებული 4 ცალი ხალიჩიდან ორზე არსებული ლაქებიც, თუმცა იმდენად მცირე რაოდენობით, რომ ექსპერტიზამ ვერ განსაზღვრა, ვისი შეიძლება ყოფილიყო სისხლი;
  • 1 ცალი „ნაბეღლავის“, 1 ცალი „ბაკურიანის“ ბოთლი;
  • “ვულე ვუს” ქაღალდის ფასდაკლების ბარათი;
  • “ისი პარის”, “ავერსის”, “World Fitness”-ის, “YVES ROCHER”-ის, “G-ENERGY”-ს, “სუფთა სახლის”, “რია-რიას”, “ჯიპისის”, “FIT PASS” და “თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების” ბარათები; ასევე სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” ბარათი, სტუდენტის მასტერქარდი, მართვის მოწმობა და მანქანის პასპორტი;
  • ქაღალდის და რკინის ფული.
ასევე ნახეთ რა ვიცით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ

4 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგამდე გამოძიებამ ექსპერტიზის დასკვნები გარდაცვლილის ოჯახს და ადვოკატს გააცნო, სახალხო დამცველს კი გენერალურმა პროკურორმა უთხრა, რომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიურო არ ჩაერთვებოდა.

მტკიცებულებები, რომელთაც საგამოძიებო ორგანო ასაჯაროებს, ამყარებს გამოძიების ვერსიას თვითმკვლელობის შესახებ, თუმცა ცენტრ „ემპათიის” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ თვითმკვლელობაც მრავალგვარია და მიუხედავად იმისა, რომ, არსებული მონაცემებით, სუიციდი დაუჯერებლად არ ჟღერს, გამოძიებამ თვითმკვლელობის მოტივის დადგენაზეც უნდა იმუშაოს და გამორიცხოს თვითმკვლელობამდე მიყვანა.

გამოძიება კი განმარტავს, რომ საქმეში ექსპერტიზების პასუხების გარდა არსებობს არაერთი სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულება და თუკი საჭირო იქნება, ამ ინფორმაციას გაასაჯაროებენ. პროკურორმა 4 სექტემბერს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს შორის გამოყო იუთუბზე თამარ ბაჩალიაშვილის პირადი დახურული არხიდან ჩამოწერილი და ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოები, სადაც გარდაცვლილი ჩანს.

ასევე ნახეთ ბაჩალიაშვილის საქმეში, გარდაცვლილის youtube-ის გვერდიდან ჩამოწერილი 16 ვიდეო დევს

თამარ ბაჩალიაშვილის პირადი არხის არსებობის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა მისი ოჯახის ინტერესების დამცველმა, მიხეილ რამიშვილმაც, რომელიც თვლის, რომ ეს ვიდეოები ამ სისხლის სამართლის საქმეში თვითმკვლელობის ვერსიის მტკიცებულებად ვერ გამოდგება, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ნაწილში თამარი სევდიანი და მოწყენილია, ზოგან ტირის კიდეც, სხვა ვიდეოებში კი მომავლის გეგმებზე საუბრობს განსხვავებულ განწყობაზე მყოფი. არც გამოძიება და არც ადვოკატი არ აკონკრეტებენ ვიდეოების ხანდაზმულობის ვადებს და მათ შინაარსს.

საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა, კამერების ჩანაწერებია, სადაც ჩანს, როგორ დადის თამარი სხვადასხვა აფთიაქში გაუჩინარების წინა დღეს მედიკამენტების შესაძენად.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება და ითხოვს პასუხებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე:

  • რას აჩვენებს სატელიტის ჩანაწერები თამარის მანქანის გაუჩინარებიდან პოვნამდე გადაადგილების შესახებ;
  • სად არის გარდაცვლილი პროგრამისტის მეხსიერების ბარათი, რომელსაც ის მუდამ თან ატარებდა და რაც მის ავტომობილში ვერ იპოვეს;
  • რა ვითარებაში წაიშალა თამარის ფეისბუქის პირადი გვერდი და არსებობს თუ არა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მისი პირადი ტელეფონიდან და კომპიუტერიდან თამარის გაუჩინარებამდე ან მას შემდეგ წაიშალა;
  • იყო თუ არა შემთხვევითი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 3 ავტომობილის გამოჩენა თამარის მანქანის სიახლოვეს მაგისტრალზე მის გაუჩინარებამდე მცირე ხნით ადრე;
  • რა შინაარსის წერილი მისწერა ქართულმა მხარემ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სამსახურს გამოძიებაში ჩართვასთან დაკავშირებით;
  • შეიძლება თუ არა თამარის საქმიანობა (ლეგალური ან არალეგალური, რომელშიც შესაძლოა, იყო ჩართული) ყოფილიყო მისი თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი.

იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ გენერალურ პროკურატურასთან 31 აგვისტოს გამართულ აქციაზე დასვა და რომლებიც გარდაცვლილის იარაღით არალეგალურ ვაჭრობასა და ფულის გათეთრებასთან კავშირზე მიანიშნებდა, ის უკვე გამოიკითხა 3 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის მიერ.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს გამოძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარის მიზეზი კი გენერალურ პროკურატურაში 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განემარტა საზოგადოებას.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთან, ატაშესთან კონტაქტი, რომლისგანაც მივიღეთ განმარტება, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები იძიებენ მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და ასევე მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს. შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს. ვატარებთ ამ საქმეზე სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას“, - თქვა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

ასევე ნახეთ FBI-სა და ექსპერტიზის ბიუროს პასუხები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

პროკურორმა განმარტა სატელიტიდან ინფორმაციის ამოღების და დრონის ჩანაწერების საკითხიც. გუმბერიძის თქმით, სატელიტური ანძებიდან მანქანის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სხვადასხვა ორგანიზაციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს, დრონის ჩანაწერებში კი, ის ადგილი, იმის გამო, რომ იქ ძებნა არ მიმდინარეობდა, არ ჩანს, სადაც თამარის ავტომობილი და ცხედარია ნაპოვნი.

„დრონის ჩანაწერები შეეხება კონკრეტულად იმ ტერიტორიებს, სადაც ვიდეოჩანაწერების მიხედვით დაფიქსირდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა და ასევე, იმ მოწმეთა ჩვენებაში აღნიშნული ადგილები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ნახეს თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს ამა თუ იმ ტერიტორიაზე. სოფელი მაწევანი არის სხვა, მოწმდებოდა მიმდებარე ტერიტორიები - პერიოდულად ხდებოდა ტერიტორიების შემოწმება. კონკრეტულად სოფელი მაწევანის კადრები და იმ ადგილის კადრები, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იქნა ნაპოვნი, დრონის ჩანაწერებში არ ფიქსირდება“, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

ასევე ნახეთ გარდაცვლილი ბაჩალიაშვილი იმ ადგილიდან 15 კმ-ში იპოვეს, სადაც კამერამ ბოლოს დააფიქსირა

ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ საქმის გახსნამდე უნდა მიიღოს რიგი დამატებითი ექსპერტიზის პასუხები, საქმის მასალების გაცნობას აპირებს სახალხო დამცველიც. თამარ ბაჩალიაშვილისა და მისი ოჯახის პერსონალური ინფორმაციის შემცველი მასალების გამოქვეყნების კანონიერებას სწავლობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა. ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.