წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლებმა 3 სექტემბერს იზოლატორში მოინახულეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით გაასამართლა და 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ასევე ნახეთ წითელმა ჯვარმა ცხინვალის იზოლატორში მოინახულა ხვიჩა მღებრიშვილისაერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში მღებრიშვილს ოჯახის მიერ ივლისში დაწერილი ბარათი გადასცეს და უკან საპასუხო წერილიც გამოიტანეს. წერილი ნათესავებმა დღეს მიიღეს. ხვიჩა მღებრიშვილის დაკავებიდან 60 დღე გავიდა. დაკავებულის ბიძაშვილი, ლეილა მღებრიშვილი, ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციას დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე პატიმარს მოინახულებდა.
თითქმის ორი თვის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობდა ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონახულებას. რამდენიმე დღის წინ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლები დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, შეხვდნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს პატიმრების მონახულება. ამის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ წითელი ჯვრის წარმომადგენლები ჯერ მხოლოდ მღებრიშვილთან შეუშვა. დაკავებულის ძმა, ჯუმბერ მღებრიშვილი, ამბობს, რომ წერილის მიხედვით, მისი ძმის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
მღებრიშვილის ნათესავები საქართველოს ხელისუფლებას დაკავებულის სასწრაფოდ გათავისუფლებას სთხოვენ. ხვიჩა მღებრიშვილის ძმამ, ჯუმბერ მღებრიშვილმა, და ბიძაშვილმა, ლეილა მღებრიშვილმა, ვიდეომიმართვა იუთუბის მეშვეობით 2 სექტემბერს გაავრცელეს. მათ საზოგადოებას მხარდაჭერა და მასშტაბური აქციის დასაწყებად თანადგომა სთხოვეს. ლეილა მღებრიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასაც მიმართა და მოსთხოვა, რომ მეტი გულისხმიერება გამოიჩინოს ცხინვალის იზოლატორში მყოფთა ოჯახების მიმართ. იუთუბზე ატვირთული განცხადების ტექსტში მღებრიშვილის ნათესავები რადიკალური ზომების შესახებაც საუბრობდნენ. მღებრიშვილის ნათესავები იხსენებენ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების დროს საზოგადოების კონსოლიდაციას და მისი გათავისუფლების საქმეში საერთაშორისო ჩართულობას.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს საერთაშორისო ორგანიზაცია მოინახულოს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ზაზა გახელაძე, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაკავებისას ფეხში დაჭრეს.
ასევე ნახეთ არშემდგარი აქცია მეჯვრისხევში. საქართველოს დაკავებული მოქალაქეების სათხოვარი ხელისუფლებასმის ოჯახს დაკავებულის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია არა აქვს. ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაჭრეს და დააკავეს. ამის შემდეგ ის ჯერ ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, იქიდან კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაზა გახელაძეს ბრალად ედება სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. დაკავებულის მეუღლე, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ხშირად ეკონტაქტებიან, მაგრამ ახალს ვერაფერს ეუბნებიან. ირმა ბუთხუზს წითელი ჯვრის მიერ ხვიჩა მღებრიშვილის მონახულების შემდეგ მცირედი იმედი გაუჩნდა, რომ ზაზასაც მალე მოინახულებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხინვალთან კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით აქვთ და დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. გარდა ამისა, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაკავებულთა ოჯახებს ეუბნებიან, რომ ცხინვალის იზოლატორში მყოფთა გასათავისუფლებლად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ისინი ოჯახებს სწრაფად დაუბრუნდნენ, თუმცა ეს განცხადებები საქართველოს დაკავებულ მოქალაქეთა ოჯახის წევრებს, თითქმის ორი თვეა, ესმით. ცხინვალის იზოლატორში ბოლო წლებში ყველაზე დიდხანს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იჯდა - მან იქ 48 დღე გაატარა, მღებრიშვილი და გახელაძე კი, ორი თვეა, რაც დაკავებულები არიან.