2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ დიდია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება, რადგან ეს არჩევნები მიიჩნევა უმნიშვნელოვანეს ტესტად საქართველოს დემოკრატიისთვის. პანდემიის მიუხედავად, ჩამოსვლა უკვე დაგეგმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), საერთაშორისო თანამეგობრობის ყველაზე სანდო ორიენტირმა. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული NDI-სა და IRI-ის სადამკვირვებლო მისიების საკითხი.
რატომ არის აუცილებელი საერთაშორისო დამკვირვებლების ფართო წარმომადგენლობა 2020 წლის არჩევნებზე? რა შედეგებით ხვდება საქართველო დამკვირვებლებს? როგორ შესრულდა 2018 წლის არჩევნების შემდეგ ODIHR-ისგან მიღებული რეკომენდაციები? რა იმედები უკავშირდება საერთაშორისო მისიებს რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხეების ფონზე?
31 ოქტომბრის არჩევნებზე შესაძლოა აღარ იყვნენ წარმოდგენილი აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) - ეს ინფორმაცია 31 აგვისტოს გაავრცელა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ.
სავარაუდო მიზეზად მან კორონავირუსის პანდემია დაასახელა და თქვა ისიც, რომ ამ ეტაპისთვის არც ევროპარლამენტში დასრულებულა წესების შემუშავება „ზოგადად, არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში“.
ასევე ნახეთ არჩევნებზე, შესაძლოა, ვერ ჩამოვიდნენ IRI-ის, NDI-ისა და ევროპარლამენტის დამკვირვებლები - კობახიძეთავად NDI-სა და IRI-ში არც მიზეზს ასახელებენ და არც გეგმებს გვიზუსტებენ. აცხადებენ, რომ საკითხის შესახებ კონკრეტული და საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერჯერობით მიღებული არ არის. „ამ საკითხის ბედი უახლოეს მომავალში გადაწყდება“, - გვითხრეს NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობაში. IRI-ის საქართველოს წარმომადგენლობაში კი საბოლოო პასუხისთვის „კვირის ბოლოს“ დაგვიბარეს.
თუკი ირაკლი კობახიძის პროგნოზი გამართლდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდება ამ ავტორიტეტიანი ამერიკული ორგანიზაციების მეთვალყურეობის გარეშე.
- NDI საქართველოში ყველა არჩევნებს აკვირდებოდა 1993 წლიდან;
- IRI საქართველოში ყველა არჩევნებს აკვირდებოდა 1998 წლიდან.
ბოლო წლებში, ეს ორგანიზაციები, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიუღებელი შედეგების გამო, ხშირად ხდებოდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის სამიზნე. მათი მისამართით მწვავე კრიტიკით გამოდიოდა „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილიც.
ასევე ნახეთ ვინ გააფრთხილებს პარტნიორებს?ხომ არ უკავშირდება ამ ორგანიზაციების ამჟამინდელი შესაძლო უარი ხელისუფლების კრიტიკულ განწყობებს - ჟურნალისტების მიერ დასმული ამ შინაარსის შეკითხვის საპასუხოდ კობახიძემ დააზუსტა, რომ კრიტიკა არა მათ, არამედ მათ მიერ დაქირავებულ კვლევით ორგანიზაციებს შეეხებოდა.
2020 წლის არჩევნებზე სადამკვირვებლო ჯგუფები ეყოლება საქართველოში მოქმედ ამერიკის საელჩოს, - ამის შესახებ ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ზუსტად რამდენი, ეს ჯერ უცნობია. მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამერიკის საელჩო 131 დამკვირვებლით იყო წარმოდგენილი.
ამერიკელი დამკვირვებლები შედიოდნენ ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მისიის შემადგენლობაშიც.
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩათვლით, 55 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული.
- ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, რა ვითარება იქნება ამ მხრივ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე - ცესკოს მიერ 1 სექტემბერს გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად, 2020 წლის არჩევნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაციის ბოლო ვადა კენჭისყრამდე 7 დღით ადრე იწურება.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ დამკვირვებლებისთვის ჩარტერულ ავიარეისებსაც დანიშნავს.
OSCE/ODIHR-ის დამკვირვებლები ჩამოდიან
OSCE/ODIHR-ის საჭიროებათა შემფასებელი მისია, ხელისუფლების ოფიციალური მოწვევით, საქართველოს 6 დღით (3-8 აგვისტო) სტუმრობდა. ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, სწორედ ამ მისიას უნდა შეეფასებინა - დამკვირვებელთა საქართველოში გამოგზავნის საჭიროება.
საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ორგანიზაციის ოფიციალური ვებსაიტი გვამცნობს, რომ უკვე გამოცხადებულია კანდიდატების შერჩევის პროცესი შემდეგ პოზიციებზე: მისიის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, პოლიტიკური ანალიტიკოსი, საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსი, სამართლის საკითხების ანალიტიკოსი, მედიაანალიტიკოსი და გრძელვადიან მეთვალყურეთა კოორდინატორი.
განცხადებიდან ასევე ვიგებთ, რომ ODIHR-ის გეგმებში შედის 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნა წინა წლების პრაქტიკის თანახმად, ისინი განაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით და დააკვირდებიან როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე უშუალოდ არჩევნების დღეს - საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს.
როგორც წესი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE /ODIHR) სადამკვირვებლო მისიას საგანგებო ინტერესი უკავშირდება, რადგანაც სწორედ ამ მისიის საბოლოო შეფასებები და დასკვნები წარმოადგენს ძირითად და სანდო ორიენტირს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ასევე დიდი ყურადღება ეთმობა მის მიერ ამა თუ იმ ქვეყნის შემთხვევაში გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.
დემოკრატიულ ქვეყნებში სწორედ OSCE /ODIHR-ის შეფასებებს ითვალისწინებს პოლიტიკური სპექტრიც, არჩევნების შედეგების სანდოობის განსაზღვრისას.
ასევე ნახეთ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი თითქმის წაიშალამართალია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მთლიანობაში კონკურენტულად და თავისუფლად შეფასდა, OSCE /ODIHR-ის მისია თავის ანგარიშებში მიუთითებდა მთელ რიგ ნაკლოვანებებზე და მათ შორის იყო, მაგალითად:
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,
- ამომრჩევლებზე ზემოქმედება პარტიული აქტივისტების მხრიდან,
- შემოწირულებათა ძალიან მაღალი ზღვარი და არათანაბარი დაფინანსება,
- პოლარიზებული და არაუსაფრთხო გარემო.
შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაზეც საქართველოს მას შემდეგ მუდმივად მიუთითებდა საერთაშორისო თანამეგობრობა.
როგორ შესრულდა საერთაშორისო რეკომენდაციები?
ხელისუფლება აცხადებს, რომ 2 ივლისს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებებით, თითქმის ყველა რეკომენდაცია შეასრულა. თუმცა ასე არც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, არც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და არც საერთაშორისო პარტნიორები.
ასევე ნახეთ საარჩევნო რეფორმა: ვინ არის ყველაზე კმაყოფილი?როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დამკვირვებლები წლევანდელ არჩევნებზეც ბევრ ნაცნობ პრობლემას აღმოაჩენენ.
„გარკვეული ცვლილებები მართლაც შევიდა საარჩევნო კანონმდებლობაში; მაგრამ იყო დიდი თემები, რომელთა გათვალისწინებაც არ მოხდა და ვფიქრობთ, რომ კვლავ პრობლემატური იქნება ამ არჩევნებზე, მაგალითად: საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო დავების გადაწყვეტა - არ ხდება მასალების სათანადოდ შესწავლა და ხმების ხელახლა გადათვლა, როცა ამის აუცილებლობა ჩანს“.
საარჩევნო რეფორმამ ბოლომდე კმაყოფილი არც ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოები დატოვა.
ივლისის დასაწყისში გამოქვეყნებულ განცხადებებში ჩამოთვლილი იყო კონკრეტული პრობლემებიც.
- აშშ-ის საელჩო: დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, (საარჩევნო) დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება, COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
- ევროკავშირის საელჩო: ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.
რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბევრისთვის მოულოდნელად გამოაცხადა, რომ აპირებს ისევ გადახედოს ახლახან შეცვლილ საარჩევნო კანონმდებლობას. გამოცხადდა, რომ ამომრჩევლების „სხვადასხვა ფორმით“ დაშინება ან იძულება, რაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ისახავს მიზნად, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.
ცვლილებების განხილვის პროცესი პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
ნაგვიანევად დაგეგმილმა ცვლილებებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამას დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის აკეთებს. ხოლო ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს სვლა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ხელისუფლების თავმოწონების მცდელობაა.
რუსეთის გეგმები და საერთაშორისო დამკვირვებლები
ამერიკის ელჩმა საქართველოში ადრეც განაცხადა და ბოლო დღეებშიც რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მოსალოდნელია რუსეთის ჩარევა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში. კელი დეგნანი ამბობს, რომ - რუსეთი ფლობს არჩევნებში ჩარევის სქემებს და მათ შორის დიდი ადგილი უკავია დეზინფორმაციულ კამპანიებს.
ასევე ნახეთ კელი დეგნანის თქმით, საქართველოს არჩევნები რუსეთის აშკარა სამიზნეაის, რაც რუსეთის ძალისხმევას უნდა დაუპირისპირდეს, დეგნანის თქმით - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობაა. ამ კუთხით, ელჩი დახმარებისთვის საერთაშორისო პარტნიორების მზადყოფნასა და პოლიტიკური ლიდერების ვალდებულებას უსვამს ხაზს - „აამაღლონ მათი ცნობიერება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკის აღდგენა, განათლება, ჯანდაცვა და სხვა“.
როგორც „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) წარმომადგენელი, სოფო გელავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ჭრილში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო მეთვალყურეების ფართო წარმომადგენლობას 2020 წლის არჩევნებზე.
„ზოგადადაც და განსაკუთრებით - არჩევნების პროცესში უმნიშვნელოვანესია, რომ მარტო, პირისპირ არ აღმოვჩნდეთ რუსეთთან და ჩვენს გვერდით იყვნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები... მნიშვნელოვანია, როცა ისინიც ხედავენ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს...
ძალიან მარტივი ფორმულაც რომ ავიღოთ, განსხვავებაა - მარტო ჩვენ ვისაუბრებთ რუსეთის ჩარევაზე თუ ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციები გაგვიმაგრებენ ზურგს. საერთაშორისო რეზონანსის შედეგად შესაძლოა რუსეთმა მაღალი პოლიტიკური ფასიც გადაიხადოს“.
ასევე ნახეთ არჩევნები: რა მიზანი აქვს ფულს რუსეთიდან?რუსეთი საქართველოში თავის გავლენებს სხვადასხვა მექანიზმით რომ ამკვიდრებს, ამას არასამთავრობო ორგანიზაციების და მათ შორის - MDF-ის მრავალი კვლევაც ადასტურებს. შესაბამისად, არც სოფო გელავას ეპარება ეჭვი, რომ კრემლი საქართველოს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის შანსს ხელიდან არ გაუშვებს; მით უმეტეს, რომ ის ამას არც ძლიერ დემოკრატიებში - აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მოერიდა.
მისი თქმით, 2020 წლის არჩევნები განსაკუთრებულია ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე - „არჩევნებში მონაწილეობს "პატრიოტთა ალიანსი" და სხვადასხვა პრორუსული ჯგუფი და ასევე (ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული) ძალადობრივი ორგანიზაცია „ქართული მარში“ დარეგისტრირდა პარტიად“.
გელავა ფიქრობს, რომ სახიფათოა რუსეთის მიერ გამოცდილი ინსტრუმენტი, რაც საზოგადოების ემოციებით მანიპულირებას გულისხმობს - „ეს აისახება შემდეგ ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხზეც და, ემოციური დაძაბულობის ფონზე, მოქალაქე მშვიდად ვეღარ აკეთებს ინფორმირებულ არჩევანს“.