კახეთში რთვლისთვის ემზადებიან. ყურძენი სიმწიფის ბოლო კონდიციაში შედის. მევენახეები ყურძენზე მაღალი ფასის გადახდას ითხოვენ, მარნებისა და ქარხნების მფლობელთა ნაწილი კი მთავრობას სუბსიდირების პირობების გამო საყვედურობს და მცირე მეწარმეთა განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს. რა პასუხი აქვს სახელმწიფოს და როგორია რთვლის მზადების პროცესი?
დაახლოებით, ორ-სამ კვირაში კახეთის რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი - რთველი - დაიწყება. რეგიონში ყურძენი პირველად დედოფლისწყაროში, გვიან შემოდგომაზე კი საგარეჯოში იწევა. მევენახეებს ახლა უამინდობისა და სეტყვის ეშინიათ, რადგან ყურძენი სიმწიფის ბოლო კონდიციაშია და მალე მოსავლის გაყიდვით ოჯახების ნაწილმა მთელი წლის სარჩო უნდა მიიღოს. ვიდრე ქარხნები ყურძნის მიღებას არ დაიწყებენ, მევენახეებმა არ იციან კონკრეტული ფასი, თუმცა გამოთვლილი აქვთ რამდენი უნდა ღირდეს ცალკეული ჯიშის ყურძენი, რომ გაწეული ხარჯიც დაფარონ და შემოსავალიც დარჩეთ.
„რქაწითელი მინიმუმ 1.20 თეთრი უნდა ღირდეს, საფერავი კი 2 ლარიო“, - ამბობს მევენახე ვასილ მირიანაშვილი კახეთიდან, რომელიც წელს 20 ტონამდე რქაწითლის ჯიშის ყურძნის მოსავალს ელოდება. ის ამბობს, რომ „თუ ყურძენი 80 თეთრი ეღირება, დიდი ალბათობით, ის მოგებას ვერ მიიღებს“.
საქართველოს მთავრობამ წელს აღადგინა ბოლო წლებში შეწყვეტილი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა და ამის მიზეზად დაასახელა კორონავირუსის პანდემიით შექმნილი რთული ვითარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებენ ღვინის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ სულ მცირე 1000 ტონა რქაწითელს ან კახურ მწვანეს და ყოველ ერთ კილოგრამში ჩამბარებელს გადაუხდიან არანაკლებ 80 თეთრისა. ამ შემთხვევაში ღვინის კომპანიები, სუბსიდიის სახით, ორივე ჯიშის თითო კილოგრამ ყურძენზე მიიღებენ 30 თეთრს. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ ის კომპანიები და ღვინის მარნები, რომლებიც, თავიანთი მასშტაბებიდან გამომდინარე, ამ რაოდენობის მოსავალს ვერ ჩაიბარებენ.
ზურაბ ბეროზაშვილი იმ მეღვინეებს შორის აღმოჩნდა, ვინც სუბსიდიას ვერ მიიღებს. ის წელიწადში საშუალოდ 50-70 ტონა მოსავალს იბარებდა. ბეროზაშვილის თანახმად, სახელმწიფომ სუბსიდიის პროგრამის ამუშავება კორონაპანდემიას დაუკავშირა, თუმცა რეალურად ეხმარება მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც რამდენიმემილიონიანი ბრუნვა აქვთ.
„მაქსიმალურად მიმდინარეობს მცირე მეწარმეთა განადგურება. ის ქარხნები, რომლებიც მილიონერები არიან და 1000 ტონა მოსავალს ჩაიბარებენ, სახელმწიფო მათ გადაუხდით 300 ათას ლარს და კიდევ უფრო გამდიდრდებიან. ეს ერთჯერადი დახმარება კი არ გამოდის, სამომავლოდაც მათ ღვინის წარმოება დაუჯდებათ იაფი და როდესაც ბაზარზე გავალთ, მათი ღვინო ეღირება უფრო იაფი. რა გამოდის? მე ამ მილიონერებთან ვეღარ შევდივარ კონკურენციაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მეღვინე ზურა ბეროზაშვილი და აქვე ლაპარაკობს მხვილი კომპანიებისა და მთავრობის მეგობრულ ურთიერთობაზე. „სუბსიდირების პროგრამის პირობებიდან გამომდინარე, მთავრობა ხალხის ფულს აძლევს სახელმწიფოსთან დამეგობრებულ და გაიგივებულ კომპანიებს“.
რატომ არ ეხმარება სახელმწიფო ისეთ კომპანიებს და მცირე მარნებს, ვისაც შედარებით ნაკლები წარმოება აქვს და კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა? ამ შეკითხვის პასუხად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამბობს, რომ მათ მოიკვლიეს და დაადგინეს, რომ კილოგრამზე 30-თეთრიანი სუბსიდია უფრო მეტად სჭირდებათ დიდ კომპანიებს, ვიდრე მცირე მარნებს:
„ჩვენი ანალიზით, საოჯახო და მცირე მარნებისთვის ეს 30 თეთრი არ არის მტკივნეული, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის იბარებენ ძალიან მაღალი ხარისხის, ზოგ შემთხვევაში ბიოყურძენს, მასში იხდიან 4-5 ლარს. ასეთი წარმოებები ქმნიან მაღალხარისხიან და ნიშურ პროდუქტს. აქედან გამომდინარე, როდესაც 1 კილოგრამ ყურძენში იხდი 4 ლარს, მე მგონი, სუბსიდიის 30 თეთრს აღარ აქვს მნიშვნელობა. დახმარება არის უფრო მათთვის, ვინც სხვა სეგმენტზე გათვლილ ღვინოს ან საბრენდე სპირტს ამზადებს“.
ასევე ნახეთ მთავრობა რთვლის სუბსიდირებას გეგმავს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას, ამ არგუმენსტს არ იზიარებს მცირე მარნის მფლობელი ზურა ბეროზაშვილი. ის ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მისი შემოსავლები თითქმის განულდა, ვერ იხდის საბანკო ვალდებულებებს და არ გამორიცხავს, რომ ამ ვალდებულებების დასაფარად საცხოვრებელი სახლიც კი დაკარგოს:
„რას ნიშნავს, როცა 1000 ტონა ყურძნის მიმღები დაფინანსდება? წაქცეულის წამოყენებაზე არ ზრუნავ და ცხენზე მჯდომ კაცს მეორე ცხენი მოუყვანო - ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს სათავეში არიან ბანდიტები, აფერისტები და მაფიოზები. მიპასუხეთ, ბიუჯეტის ფული სჭირდებათ ისედაც მილიონერებს?“
მცირე მასშტაბის მქონე ქარხნის მფლობელთა პროტესტის ფონზე
შეცვლის თუ არა მთავრობა თავის გადაწყვეტილებას სუბსიდიის გაცემის დროს, ჯერ უცნობია.
აღსანიშნავია, რომ წელს კახეთის რეგიონში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობით, 300 ათას ტონამდე, ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
რთველი აგვისტოს ბოლოს დაიწყება, მანამდე კი თელავში განთავსდება დროებითი, საკოორდინაციო შტაბი, რომელმაც რთვლის მიმდინარეობის დროს პროცესის შეუფერხებლად წარმართვა უნდა შეძლოს.