თუკი მანამდე ოპოზიციას უფრო „კრიმინალურს“ უწოდებდნენ, ბოლო კვირებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელთა ლექსიკონში გაჩნდა ტერმინები - „ძველი ოპოზიცია“ და "ახალი ოპოზიცია". ვინ იგულისხმება ძველში და ვინ იგულისხმება ახალში? შემთხვევითია თუ არა ეს ტერმინები? რის მიხედვით ყოფს ოპონენტებს „ქართული ოცნება“ – პოლიტიკური ხანდაზმულობისა თუ მოსაწონი საქციელისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის მიხედვით?
ტერმინები „ძველი ოპოზიცია“ და „ახალი ოპოზიცია“ ხელისუფლების ლექსიკონში ივნისის ბოლოს გაჩნდა. ამ დროისთვის ოპონენტების მისამართით უკვე აქტიურად გამოიყენებოდა - „რადიკალური“, „დესტრუქციული“, „კრიმინალური“ და სხვა მსგავსი ეპითეტები.
- „გამოჩნდა განსხვავება ძველ და ახალ ოპოზიციას შორის. გამოჩნდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები პარლამენტში, რომელთაც მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა დემოკრატიული ცვლილებების მიმართ და მე ვფიქრობ, ეს არის დასაფასებელი“ – პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე , 29 ივნისი, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებამდე.
თუკი ონლაინ საძიებო სისტემაში ჩაწერთ სიტყვებს „ძველი ოპოზიცია“, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და არა მხოლოდ მის უამრავ კომენტარს წააწყდებით.
ასევე ნახეთ თალაკვაძე: ეს ყველაფერი მერაბიშვილმა ახლა ნახა, თუმცა საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია„ქართული ოცნება“ ძველ ოპოზიციად თვლის - „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და ოპოზიციური ერთობის საკონსულტაციო ფორმატში შემავალ პარტიებს, რომლებიც ერთმანეთს ტრადიციულად ლეიბორისტული პარტიის ოფისში ხვდებოდნენ.
„დღევანდელი რეალობა ასეთია: გაერთიანებულ ოპოზიციაში არის ერთი პოლიტიკური ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“. მას ასე თუ ისე ეჯიბრება „ევროპული საქართველო“, ხოლო დანარჩენები არიან სატელიტი პარტიული ორგანიზაციები, რომლებსაც ვერანაირ სიახლეს ვერ შეატყობს ადამიანი, ვერც რიტორიკაში და ვერც არსებობის ისტორიით. ეს სატელიტების გუნდი გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და თავისი დომინანტობის წარმოჩენის დროც დააყენა. ეს მთლიანად არის ძველი ოპოზიცია“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი.
და რა ძალები, ვინ იგულისხმება „ახალ ოპოზიციაში“?
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებების თანახმად, „ახალში“ იგულისხმებიან „ქართული ოცნებიდან“ გასული და ოპოზიციაში გადასული დეპუტატები. ეს ჩვენთან საუბრისას გია ვოლსკიმაც დაადასტურა.
„ახალ ოპოზიციას როდესაც ვახსენებ, ვგულისხმობ კალენდარულ მონაცემებს და არა იმას, ახალი იდეები ვის გაეხსნა... ისტორიით თუ ვიტყვით, არის ახალი ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში შეიქმნა. რამდენიმე პარტიაც არის და ერთ-ერთ პარტიას ფრაქციაც აქვს - „დამოუკიდებელი დეპუტატები“... ახლადშექმნილმა ოპოზიციამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს და რასაკვირველია, თავი გაცილებით უკეთ წარმოაჩინა მაშინ, როდესაც ოპოზიციად წოდებულმა გაერთიანებებმა ეს ნაბიჯი არ გადადგეს“ - უთხრა რადიო თავისუფლებას გია ვოლსკიმ.
თუმცა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ასევე გვეუბნება, რომ:
- პირადად მას „ძველს“ არაფრით ურჩევნია „ახალი“ – „როგორი უარყოფითი დამოკიდებულებაც მაქვს ძველი ოპოზიციის მიმართ, ასეთივე უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს ახალი ოპოზიციის მიმართ“;
- ახალი ოპოზიციის გარკვეული პოზიტიური მახასიათებელია, რომ ის არ არის დესტრუქციული - „ოპოზიცია უნდა იყოს რადიკალური, კრიტიკული, მაგრამ არ უნდა იყოს დესტრუქციული და ამ ახალ ოპოზიციას ჯერჯერობით ეს დესტრუქციულობა არ ეტყობა“.
- ახალი „ლოიალურს“ არ ნიშნავს - „აქედან მოთხრობის გაკეთება, რომ თითქოსდა ახალი ოპოზიცია არის ლოიალური და ძველი ოპოზიცია არის ნამდვილი ოპოზიცია, არის უსაფუძვლო, არასწორი და პოლიტიკური თამაშების მიზანს ემსახურება“.
ასევე ნახეთ როგორ მცირდება „ქართული ოცნების“ უმრავლესობა
ახლადშექმნილი პარტია, რომელსაც პარლამენტში ფრაქციაც აქვს, ეს "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსია".
„ქართული ოცნებიდან“ სხვადასხვა დროს დემარშით წასულ დეპუტატებს ამ ეტაპისთვის სულ ორი პოლიტიკური პარტია აქვთ შექმნილი, ესენია:
- "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - სადაც გაწევრიანებული არიან, მაგალითად: მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე;
- „სამართლიანობისთვის“ - პარტიის თავმჯდომარეა ეკა ბესელია, რომელიც მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს მცხეთა-დუშეთი- ყაზბეგი-თიანეთის საარჩევნო ოლქში და ამ მხრივ ოპოზიციურ ერთობასთან გარკვეული კოორდინირების იმედიც აქვს.
"ქართული ოცნების" ინტერესები ოპოზიციაში?
საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი „ქართული ოცნებიდან“ წასულმა იმ სხვა დეპუტატებმაც დაუჭირეს, რომლებიც ჯერ არცერთ პარტიაში არ არიან გაწევრიანებული.
-
მაგალითად, ლევან კობერიძემ ალეკო ელისაშვილთან ერთად დააფუძნა პლატფორმა - ორპოლუსიანობის საპირწონე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნის მიზნებით;
-
ამ ცენტრში კობერიძე მოიაზრებდა, მაგალითად პარტიას „ლელო საქართველოსთვის“, "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსსა“ და ასევე - ცალკეულ პოლიტიკოსებს, მაგალითად - „ქართული ოცნების“ რიგებიდან დემარშით წასულ თამარ ჩუგოშვილს.;
-
კობერიძის გათვლით, ასეთ ალტერნატიულ ცენტრს ამომრჩეველთა 30%-ის მობილიზება შეეძლო.
მესამე ცენტრის შექმნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ხოლო ლევან კობერიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოთქვა ეჭვი, რომ ამ მიზნის გაჭიანურების უკან „ქართული ოცნების“ ინტერესები დგას.
ოპოზიციურ სპექტრში ბიძინა ივანიშვილის გავლენებს ამჩნევს ეკა ბესელიაც. როგორც მან „ფორმულას“ ეთერში თქვა - „მმართველი პარტიის მილიარდერი თავმჯდომარის რესურსები ოპოზიციურ ველზე ბევრგან იგრძნობა“. ბესელია კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და პარტიებს ჯერჯერობით არ ასახელებს.
"ახალ ოპოზიციაზე“ ლაპარაკი შემთხვევითი არ ჰგონიათ „ევროპულ საქართველოში“. როგორც დეპუტატმა და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, „ახალი“ ამ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის მისაღებს ნიშნავს.
„მათი დამოკიდებულებით, ოპოზიცია ის არის, ვინც მათ სურთ რომ იყოს და არა ის, ვინც რეალური ოპოზიციაა. თავისთვის კომფორტულ ხალხზე ამბობენ, რომ ეს არის ნამდვილი ოპოზიცია...
ხოლო სხვებს უწოდო „ძველი“, „კრიმინალური“ და ასე შემდეგ - ეს იაფი სვლაა და საზოგადოება ამით არ მოტყუვდება... ოპოზიცია იქმნება არჩევნების შედეგების მიხედვით და რამდენიც არ უნდა იძახოს ივანიშვილის გუნდმა მისთვის მისაღებ ხალხზე - ეს არისო ნამდვილი ოპოზიცია, ეგ ამბავი არ გამოუვა“ - გვეუბნება კაპანაძე.
ასევე ნახეთ სიკვდილის შიში VS შიმშილის შიში - ვინ უნდა ხალხს„ახლებად“ და „ძველებად“ დაყოფას წმინდ „პოლიტტექნოლოგიურ გზავნილად“ თვლის ანალიტიკოს გია ხუხაშვილი.
როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მიზანიც ნათელია:
- „ამით „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მაგალითად „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წარსულია და არა მომავლის იმედი... როდესაც შენ თვითონ ვერ ქმნი იმედს, შენი ძირითადი პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ასეთ ასოციაციებს ავრცელებ - „ბნელი წარსული“, „სისხლიანი 9 წელი“, „ძველები“ და ასე შემდე";
- „ე.წ. „ახლებთან“ დაკავშირებით კი, პრაქტიკული ამოცანა აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ თუკი უმრავლესობას დამოუკიდებლად ვერ შექმნიან, კოალიციის ფორმირებისთვის თავიანთ პარტნიორებად უფრო ამ ხალხს ხედავენ - ე.წ. „ახლებს“.
- ოცნების ყოფილი წევრები პარტიას ქმნიან
რას ამბობენ "ახლები"?
ვინც ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კავშირებზე ლაპარაკობს, მას ორპოლუსიანობა აძლევს ხელს - გვეუბნება "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე - „მიმაჩნია, რომ „ჩვენი საქართველო“ დღეს არის უალტერნატივო ლიდერი იმ ნიშისა, რასაც ჰქვია - არა ნაცებს და არა ოცნებას“.
რა სახით ითანამშრომლებენ და წარმოუდგენია თუ არა მისი პარტია კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან“ უკვე მომავალ პარლამენტში?
გედევან ფოფხაძე გვპასუხობს, რომ - „თუ საქართველოს სჭირდება, ერთად უნდა დავდგეთ და საერთო ეროვნულ თემებში უნდა ვიყოთ სოლიდარულები“. თუმცა, მისი თქმით, ამისათვის „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე აუცილებელ პირობა უნდა შეასრულოს, რისი იმედიც არა აქვს.
- „თუ „ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე წავალთ, მან უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები: უნდა გაუშვან „კლანი“ სასამართლოდან, უნდა დაგვაჭერინონ ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკი თუ მხარდამჭერი (მაგალითად - ვანო ჩხარტიშვილი, (ოთარ) ფარცხალაძე, (იოსებ) გოგაშვილი და სხვები )... ამ სიას დავუდებ მე ივანიშვილს“;
- „თუ გარანტიას მომცემს, რომ დასავლურ ორიენტაციას ამ ქვეყანაში არაფერი ემუქრება, იქნება დემოკრატია, აღიკვეთება ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების მცდელობა, ამის შემდეგ შეიძლება რაღაცაზე საუბარი... მაგრამ მე ასეთი გარდასახვების არ მჯერა . თეორიულად მაინც უშვებთ, რომ „ოცნება“ ამ ყველაფერს გააკეთებს?! “
ასევე ნახეთ ქართული ოცნების ყოფილი წევრები პარტიას ქმნიან
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 55%-ზე გაცილებით მეტის მობილიზებას შეძლებს და უმრავლესობის შესაქმნელად არავის დახმარება აღარ დასჭირდება.
„ედისონ რისერჩის“ (Edison Research) ბოლო კვლევის მიხედვით კი „ქართული ოცნების“ რეიტინგი 39%-იან მაჩვენებელს ვერ სცდება და შესაბამისად, ის ამ მაჩვენებლებით უმრავლესობის დამოუკიდებლად შექმნასა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას ვერ მოახერხებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოპოზიციური ერთობის საკონსულტაციო ფორმატის ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ტიპის შეთანხმების გარშემო. საუბარი შეეხება მაგალითად ერთმანეთის ხმების დაცვასა და „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არშესვლის პირობის დადებას.