თამთა თათარაშვილი, თავის 5 წლის გოგონასთან, ალექსანდრასთან ერთად ახლა თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში, კარანტინში იმყოფება და თვითიზოლაციაში გადასვლის განცხადებაზე პასუხს მოელის.
ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა გზა გაიარეს კონფლიქტის ზონიდან, სომხეთის ქალაქ ბერდიდან წამოსულმა თამთამ და მისმა მცირეწლოვანმა შვილმა, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტიდან - კარანტინამდე და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა დედა-შვილი.
თამთა და მისი მეუღლე, ჰამლეტი, 2013 წლიდან ცხოვრობენ სომხეთში, ერევანში, ჰამლეტის სამშობლოში. თუმცა, თვე ისე არ გავა, რომ თამთა საქართველოში არ ჩამოვიდეს ხოლმე. მხოლოდ ახლა ჰქონდა რამდენიმეთვიანი წყვეტა - პანდემიის გამო. ალექსანდრა 2015 წელს დაიბადა, რადგან ორი სამშობლო აქვს, ის ხშირ მოგზაურობას შეჩვეულია.
როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეირაღებული დაპირისპირება დაიწყო, ოჯახი ტავუშის რაიონის ქალაქ ბერდში, თამთას მეუღლის ბავშვობის სახლში ისვენებდა. იქ, როგორც წესი, ზაფხულობით ჩადიან ხოლმე.
სროლის და აფეთქებების ხმა რამდენიმე დღე ესმოდათ. მას მერე კი, რაც ყუმბარა სახლთან საკმაოდ ახლოს ჩამოვარდა, მიხვდნენ, რომ იქ უსაფრთხოდ ვეღარ იქნებოდნენ და ერევანში წავიდნენ.
ქალაქში ძალიან ცხელოდა, ბავშვით დარჩენა იქაც გაჭირდა და ამიტომ, თამთამ თბილისში წამოსვლა გადაწყვიტა.
საქართველოში ჩამოსვლამდე თამთა ყოველთვის არკვევდა ხოლმე სასტუმროს პირობებს, თუკი ბავშვთან ერთად სადმე მიდიოდნენ, კვება როგორი იყო, მიეცემოდა თუ არა საშუალება, მისთვის ფაფა თავად მოემზადებინა. ამიტომ ამჯერადაც სთხოვა თავის დას და მეგობარს, მოქმედ ცხელ ხაზებზე დაერეკათ და მოეგროვებინათ ინფორმაცია, თუ რა გზის გავლა მოუწევდა მას და მის 5 წლის შვილს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, სად მოხვდებოდნენ.
ოთხი დღით ადრე შეავსო თვითიზოლაციაში მოთხოვნის განცხადებაც, რადგან თბილისში ბავშვთან ერთად ბრუნდებოდა.
წინასწარი ინფორმაცია ასეთი ჰქონდა: საზღვარზე, მოგროვდებოდა თუ არა რამდენიმე ადამიანი, დაახლოებით ორ-სამ საათში, მათ საკარანტინო ზონაში გაანაწილებდნენ. ზუსტად რომელი სტრუქტურა რაზე იყო პასუხისმგებელი, თამთამ ეს ჯერ კიდევ არ იცოდა - მას მხოლოდ ცხელი ხაზის ნომრები ჰქონდა და ფიქრობდა, რომ სირთულის შემთხვევაში, იქ დარეკავდა.
საქართველოში წამოსასვლელად მან და მისმა მეუღლემ შედარებით მოკლე გზა აირჩიეს, რომელიც გაუმართავი აღმოჩნდა, მათი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაფუჭდა. როგორ იქნა, საზღვრამდე სხვისი დახმარებით მივიდნენ, მაგრამ ქართულ პუნქტამდე თამთას მძიმე ბარგით ხელში, სიცხეში, ბავშვთან ერთად, ფეხით მოუწია დაახლოებით 15 წუთიანი მონაკვეთის გავლა.
სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტთან რომ მივიდნენ, სადაც კარი ავტომატურად იღება ხოლმე, კარი რატომღაც არ გაიღო. არც მესაზღვრე ჩანდა სადმე. თამთამ კარზე კაკუნი დაიწყო. შიდა სივრცეში მყოფმა მგზავრებმა გამოხედეს და შიგნით შეუშვეს.
მესაზღვრე შენობის სიღრმეში იჯდა, თამთა რომ შენიშნა, გაშლილი ხელით ანიშნა, შეჩერდიო. თამთაც, თავისი ორი მძიმე ჩემოდნით, სხვა წვრილი ბარგით და გვერდით ალექსანდრათი, დაემორჩილა. თუმცა როცა მეტი მითითება აღარ მიუღია და დროც გავიდა, კართან მიბრუნდა და მებაჟეებს ჰკითხა, აქ რა დრომდე უნდა ვიდგეო.
საბოლოოდ, როგორც იქნა, გაირკვა, რომ ექიმების ჯგუფი და მანქანა, რომლითაც კარანტინში გადაიყვანდნენ, 6 საათზე მოვიდოდა. ანუ მთელი 5 საათი ლოდინი მოუწევდათ. იქ სხვა, ბავშვიანი მგზავრებიც ელოდნენ. ზოგი მათგანი დილის რვა საათიდან იქ იჯდა. როცა თამთამ საქმის გარკვევა დაიწყო და კითხვები დასვა, უთხრეს რომ არაფერი შეიცვლებოდა.
მანქანა მხოლოდ დღეში ერთხელ, ექვს საათზე მოდიოდა და რომ ვერაფერს სხვას ვერ შესთავაზებდნენ.
ჯერ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე დარეკა - არავინ უპასუხა. მერე 144-ზე - იქ უთხრეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებოდათ.
ამასობაში ალექსას მოშივდა, მაგრამ რადგან ხელები დაბანილი არ ჰქონდა, თამთამ საპირფარეშოში წაიყვანა. იქ საპონი არ დახვდათ. მხოლოდ ნატურალური წვენის დაცლილი ბოთლი იდო, რომელშიც რაღაც სითხე ესხა. თამთამ საპონი მოითხოვა, რაზეც თავიდან უარი მიიღო, მაგრამ როცა არ გაჩერდა, ადმინისტრაციის თანამშრომელმა კაბინეტიდან პატარა პლასტმასის ჭიქით გამოუტანა თხევადი საპონი.
ასევე ნახეთ ბავშვები კარანტინში: შეზღუდული თავისუფლება დასაბუთების გარეშეთან იქ შეკრებილ ხალხს ეუბნებოდა, მადლობელი უნდა იყოთ სახელმწიფოსი, უფასო კარანტინში რომ გადაჰყავხართო.
დრო გაჭირვებით გავიდა. ბოლოს ყველანი ერთად ერთ მანქანაში ჩასხეს და რუსთავში, ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით თამთას უთხრეს, ეს ყველაზე ახლო სივრცე იყო სადახლოდან შემოსული მგზავრებისათვის.
სასტუმროს პერსონალზე თამთა არ ჩივის, მაგრამ პირობები, რაც იქ დახვდა, ძალიან შორს იყო ნორმალურისგან.
ეს იყო პატარა ოთახი, ორი შეტყუპებული საწოლით, ერთი პატარა საწერი მაგიდით. ოთახს არ ჰქონდა აივანი. როცა ალექსანდრა საწერ მაგიდასთან დაჯდა, თამთას გადაადგილების ადგილი, პრაქტიკულად, აღარ დარჩა.
ალექსანდრას საყვარელი გასართობი, ერთ ადგილზე ბზრიალი და ცეკვა არ გამოუვიდათ.
სასტუმროს, როგორც თამთა გვიყვება, თუნუქის ფირფიტები ერტყა და ის მზისგან ისე იყო გახურებული, რომ ფანჯრის გაღების დროსაც ოთახში მხოლოდ ცხელი ჰაერი შემოდიოდა.
ოთახი დალაგებულს არ ჰგავდა.
დახვდა ჭუჭყიანი აბაზანა, მოშლილი ტუალეტი, მტვრით სავსე იატაკი.
უცნაურად მოეჩვენა ისიც, რომ კარანტინში მოთავსებული ადამიანები საკუთარ ოთახებში არ იყვნენ შეკეტილი - სკამები დერეფანში გამოეტანათ და იქ ისხდნენ, ყველანი ერთად.
ალექსანდრას განწყობა, როგორც ყველა ბავშვის, დედის ხასიათზეა ხოლმე დამოკიდებული და ამიტომ, თამთა ძალიან ცდილობდა, რომ მას ეს დისკომფორტი არ ეგრძნო, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რიმ ასეთ პირობებში ორ კვირას ვერ გაატარებდნენ.
ოთხში იყო კონდინციონერი, მაგრამ ჩართულზე ალექსას სციოდა. გამორთულზე კი საშინლად ცხელოდა.
თამთას იმაში გაუმართლა, რომ მისი ოჯახი რუსთავში ცხოვრობს და სასტუმროში საჭმელი შეაწოდეს. როცა ისინი საკარანტინე ზონაში შეიყვანეს, კვების საათი უკვე ჩავლილი იყო. თუმცა, თამთა მოგვითხრობს, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიანებულ სტუმრებს წყალი და კრუასანები მიუტანა.
მეორე დღეს უკვე რეკვა დაიწყო, რომ როგორმე იქედან გადაეყვანათ. აინტერესებდა, რა ბედია ეწია მის განცხადებსაც თვითიზოლაციის მოთხოვნაზე. ჯანდაცვას ცხელ ხაზზე ისევ არავინ პასუხობდა. ბოლოს პოსტი დაწერა ფეისბუკზე, ფოტოებიც მოაყოლა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტროც მონიშნა.
მაშინვე სასტუმროს ადმინისტრაციიდან დაურეკეს, რა პრეტენზიები გაქვთო? თამთას არ უხსენებია არც სასტუმროს სახელი და არც მდებარეობა, ამიტომ გაუკვირდა, საიდან ნახეს მაშინვე მისი პოსტი. ბოდიში მოუხადეს, რომ სანტექნიკოსი ისვენებდა, დამლაგებელს კი შესაძლოა, რაღაც გამორჩენოდა. ფაქტი იყო, რომ ნომერი დალაგებული არ იყო, ამბობს თამთა.
ამასობაში, კარზე კაკუნი გაისმა - თვითიზოლაციის განცხადების ფორმა მოუტანეს შესავსებად. მაგრამ რადგან ეს ფორმა თამთას ჯერ კიდევ ერევნიდან ჰქონდა ელექტრონულად შევსებული, დაეჭვდა და რჩევა ისევ იურისტებს ჰკითხა. ურჩიეს, რომ მკაცრად მოეთხოვა განეხილათ მისი უკვე შევსებული განცხადება.
Your browser doesn’t support HTML5
საბოლოდ, საჯარო პოსტების, სასტუმროში ვითარების აღწერის, სატელეფონო ზარების შემდეგ, მეორე დღეს, თამთა და მისი ქალიშვილი თბილისში, სხვა სასტუმროში გადაიყვანეს. რამდენიმე წუთში ერთმანეთთან კოორდინაცია მოახერხა ყველა იმ სტრუქტურამ, რომელიც ერთი დღით ადრე ერთმანეთს ვერ უკავშირდებოდა და თამთას ვერაფერზე პასუხობდა.
„პარადოქსი ის იყო, რომ თავიდან სადაც ვრეკავდი და ვეკითხებოდი, თქვენ აგებთ ამ საკითხზე პასუხს? მეუბნებოდნენ, რომ კი. და როგორც კი ახსნას ვიწყებდი, მაწყვეტინებდნენ, მაძლევდნენ სხვა ნომერს და იქ მამისამართებდნენ“, - მოგვითხრობს თამთა.
ახალი საკარანტინე სივრცე თბილისში უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე წინა. მართალია, ამ დრომდე, რატომღაც ცხელი წყალი არა აქვთ, მაგრამ წინას ბევრად ჯობს.
აქვთ პატარა აივანიც, მართალია, გისოსებით, რომელიც არ იხსნება, მაგრამ მაინც.
სივრცეც შედარებით დიდია - ალექსანდრა და თამთა დაბზრიალებას შეძლებენ.
თუმცა ახლა ორივე იმის მოლოდონშია, რომ ამ დამღლელი დღეების შემდეგ მათი მოთხოვნა თვითიზოლაციაზე დაკმაყოფილდეს.