იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.
კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“.
ასევე ნახეთ კოტე ერისთავი შრომის რეფორმის შესახებთუმცა მთავარი საფრთხე, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს, ამ პროცესში ხედავენ, ის არის, რომ, შესაძლოა, პარლამენტმა ახალი ვერსიიდან ამოიღოს უმთავრესი - შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოების შესახებ ჩანაწერი და ასე გაიტანოს ახალი კანონი სესიაზე.
„ეს აბსოლუტურად დაუკარგავს აზრს ამ კანონის მიღებას და იქნება სამარცხვინო კომპრომისი ბიზნესის სასარგებლოდ“, - ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური პროგრამის ხელმძღვანელი, კოტე ერისთავი.
მისი სიტყვებით, შრომის რეალურ რეფორმას, რომელზეც უკვე ერთი წელია მუშაობა გრძელდება, ასიათასობით დასაქმებული ელის იმ იმედით, რომ მათი შრომის პირობები მინიმალურად მაინც გაუმჯობესდება.
თუმცა რა მიმართულებაც კანონპროექტის განხილვამ მიიღო, საერთოდ არ ემთხვევა იმას, რასაც საქართველოსგან მოითხოვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ამბობს კოტე ერისთავი:
„საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ჩვენ გვევალება შევქმნათ შრომის ისეთი ინსპექცია, რომელსაც ექნება სრულფასოვანი მანდატი, აღასრულოს შრომის კოდექსი და დაიცვას შრომის უფლებები სამუშაო ადგილზე. დღეს რომ არ და ვერ სრულდება შრომის კანონმდებლობა, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ არ გვაქვს ეფექტური აღსრულების მექანიზმი. სწორედ შრომის ინსპექცია უნდა იყოს ეს მექანიზმი. მის გარეშე ყველაფერი, რაც კანონში ჩაიწერება, ისევ დარჩება ფურცელზე“.
კოტე ერისთავის სიტყვებით, კანონპროექტიდან სხვა არაერთი მნიშვნელოვანი მუხლიც ამოიღეს, მათ შორის, ჩანაწერი მინიმალური ხელფასის თაობაზეც. მისი შეფასებით, სამარცხვინოდ დაბალი დარჩა კერძო სექტორში დასაქმებულების დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაც - ერთჯერადი 1000 ლარის ოდენობით, რაც ასევე არ შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი, მერაბ ქართველიშვილი კი აღნიშნავს, რომ რაც უნდა კარგი ჩანაწერები დარჩეს შრომის ახალ კოდექსში, თუ ინსპექციას მანდატს არ გაუფართოვებენ, კანონის დანარჩენი მოთხოვნები უბრალოდ არ აღსრულდება.
„ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მთავარმა, ჯანდაცვის კომიტეტმა ისე უნდა გაუშვას კანონპექტის ვერსია პლენარულ სესიაზე, რომ არ შეცვალოს ეს მუხლი. მივმართავთ ყველას, მთავრობას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, არ დაუშვან, რომ შრომის ასეთი კოდექსი მივიღოთ“.
თავად კანონპროექტის ინიციატორი, დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილიც რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება მისთვის ყველაზე პრინციპული საკითხია, რასაც არ დათმობს.
თუმცა, ისიც ადასტურებს, რომ პარლამენტში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, რომ მუშაობს ბიზნესმენთა ლობი და რომ არაერთ სხვა მუხლთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიციატორებს მოუწიათ გარკვეულ დათმობებზე წასვლა.
„მცდელობები არის, რომ ეს პროცესი ჩავარდეს, ან გადაიდოს ამ საკითხის განხილვა, ბიზნესასოციაცია იბრძვის ამისთვის, მართავს შეხვედრებს პარლამენტში და ცდილობს დეპუტატების დაყოლიებას. პოლიტიკურმა პროცესმა მაინც მოიტანა ის, რომ გარკვეულ დათმობებზე წავედით, მაგრამ შრომის ინსპექციის საკითხი ისეთი პრინციპულია, ამას მე არც ერთ შემთხვევაში არ დავთმობ. თუ კანონი ამის გამო ჩავარდება, ჩავარდეს და ამაზე პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ, ვინც მხარს არ დაუჭერენ ამ ვერსიას. ეს იცით, დაახლოებით რას ნიშნავს? გქონდეს სისხლის სამართლის კოდექსი და არ გყავდეს სამართალდამცავი ორგანოები“, - გვითხრა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მისი განცხადებით რამდენიმე კომიტეტმა უკვე დაწერა, რომ შრომის ინსპექციის როლი ზედმეტად გაზრდილია, მაგრამ ცქიტიშვილის შეფასებით, ეს არის ისეთი ფუნდამენტური საკითხი, რომლის გარეშეც რეფორმას აზრი ეკარგება.
ასევე ნახეთ რა უფლებები (არ)ექნებათ დასაქმებულებს?პარლამენტის კომიტეტებში კანონპროექტის განხილვები დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ კენჭისყრა მთავარ, ჯანდაცვის კომიტეტში, რომელიც მომავალ კვირას უნდა შეიკრიბოს.
დიმიტრი ცქიტიშვილს, როგორც ინიციატორს უფლაბა აქვს არ დაეთანხმოს კომიტეტის გადაწყვეტლებას - ამ შემთხვევაში, კანონპროექტი სესიაზე გავა ცვლილებების გარეშე, იქ კი უკვე ხმათა უმრავლეოსბით გადაწყდება ჩააგდებს საკანონმდებლო ორგანო ახალ „შრომის კოდექსს“ თუ არა.