საქართველოს პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ შრომის რეფორმის კანონპროექტების პაკეტს, რომლის ინიციატორია დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი, დეპუტატების ჯგუფთან ერთად. კანონპროექტების ავტორების მტკიცებით, პაკეტი მორგებულია რეალობას და იცავს ბალანსს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი,“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური პროგრამის ხელმძღვანელი, კოტე ერისთავი კი ამბობს, რომ კანონპროექტები ბალანსისგან შორსაა, ბიზნეს ლობის წყალობით პირველ სამუშაო ვერსიასთან შედარებით ერთიორადაა შეთხელებული და მასში დარჩენილია მხოლოდ მინიმალური ბაზისური პირობები, რომელთა დაცვაც განხილვაზე მისულ აქტივისტებს უხდებათ:
„დღეს სამწუხაროდ ისე ხდება, რომ პარლამენტში, კომიტეტებში განხილვის დროს გვიწევს იმის მტკიცება, რომ მშრომელები მძიმე მდგომარეობაში არიან და ბიზნესის წარმომადგენლები თუ ცალკეული პარლამენტარები იმასაც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი დინამიკაში უმჯობესდება მაშინ, როდესაც ყოველდღიურად იმ ორგანიზაციებს თუ აქტივისტებს, ვინც ჩართულები ვართ ამ სფეროში ვხედავთ, რომ მართლაც უსაზღვროდ ღირსების შემლახავ საფრთხის შემცველ გარემოში უწევს ძალიან ბევრ ადამიანს მუშაობა. ეს ვიცოდით წლების განმავლობაში კოვიდამდეც და კოვიდით გამოწვეულმა სიტუაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა მძიმე მდგომარეობა მშრომელების. ზოგადად შრომის უსაფრთხოება რამხელა პრობლემაა ვიცით. სულ 10 დღის წინ ზედიზედ სამი მუშა დაიღუპა. ბოლო 10 წლის განმავლობაში 1100-მდე დაშავდა, 400 ადამიანამდე გარდაიცვალა და ამ პრობლემას სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ვუვლით. ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ისევ საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობს და ყოველდღიურად სიკვდილზე მიდის, პირდაპირ რომ ვთქვათ“, - განაცხადა კოტე ერისთავმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, რთულადაა წარმოსადგენი იმაზე უარესი მდგომარეობა, რომელშიც საქართველოში დასაქმებულები იმყოფებიან.
„დილის საუბრებში“ კოტე ერისთავმა ისაუბრა, როგორც შრომის რეფორმის დადებით მხარეებზე, ისე უარყოფითზე. კერძოდ, მისი თქმით, დადებითად უნდა შეფასდეს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ისეთი ცვლილებები, როგორებიცაა შესვენებისა და დასვენების დროის რეგულირება; დასაქმებულის შრომითი დისკრიმინაციის დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება; ნორმირებული სამუშაო დროის ახლებურად მოწესრიგება; ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღაურების გარანტირება; სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება და სხვა. მან ამ ჩამონათვალში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერებისა და მისი მანდატის გაზრდის საკანონმდებლო პერსპექტივაზე:
„ინსპექციის გაძლიერება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ხშირ შემთხვევაში დასაქმებული ხელს აწერს და მიდის ყველა დათმობაზე დამსაქმებელთან იმიტომ, რომ ალტერნატივა არ აქვს. არ არსებობს სოციალური დაცვის სისტემა, არ არსებობს უმუშევრობის შემწეობა და დაზღვევა, არ არსებობს ადეკვატური შემწეობების პროგრამები, არ არსებობს მობილიზებული მშრომელები, სამწუხაროდ სუსტია პროფკავშირები. ჩვენ ვნახეთ ეს ტყიბულში, მათ შორის 10 დღის წინ. ასეთს ისტორიაშიც იშვიათად ვნახავთ, როდესაც მთელმა საწარმომ, ყველა მეშახტემ უარი თქვა სამუშაოს შესრულებაზე და 3 დღეში ფაქტობრივად ისე დამთავრდა, რომ ფაქტობრივად ვერაფერი ვერ მიიღეს შედეგი და უკან დაბრუნდნენ. ითხოვდნენ ხელფასებს და მინიმალურ პირობებს შრომითი უსაფრთხოების კუთხით.
პაკეტის მთავარი სიახლე სწორედ ის არის, რომ ინსპექციას ექნება უფლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სასამართლოს თანხმობის გარეშე შევიდეს სამუშაო ადგილებზე და შეამოწმოს არა მარტო ჩაფხუტი ახურავს, ქამარი უკეთია და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში უწევს მუშაობა თუ არა, შეამოწმოს შრომითი უფლებები, შეამოწმოს სამუშაო დრო, ანაზღაურების საკითხები და ასე შემდეგ, რაც ყველა ქვეყანაში ხდება. სანქციის შემოტანა და სასამართლოს ნებართვის გარეშე შრომითი უფლებების შემოწმების უფლების მინიჭება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი შრომითი უფლებების დარღვევის პრევენციისთვის“, - განაცხადა კოტე ერისთავმა.
მან ყურადღება გაამახვილა ასევე მიმდინარე შრომის რეფორმის ისეთ სუსტ მხარეებზე, როგორებიცაა ის, რომ პაკეტი არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ჭერს, არ განსაზღვრავს მინიმალურ ხელფასს, არ აზუსტებს ხელშეკრულების შეწყვეტის ამომწურავ საფუძვლებს, არ შემოაქვს სოლიდარული გაფიცვისა თუ მამობის შვებულების უფლება, ძალაში ტოვებს დეკრეტული შვებულების დაბალ ანაზღაურებას და სხვა.
„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის შენიშვნები, რაც ჩვენ და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს ცალკეულ აქტივისტსა და მშრომელებს აქვთ ამ კანონპროექტის მიმართ, გათვალისწინებული იქნება. იმედი გვაქვს, რომ ის მინიმალური გარანტიები, რაც გათვალისწინებულია ამ კანონპროექტით, შევა ძალაში და იმედი გვაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ პარლამენტი აიღებს პასუხისმგებლობას და აღარ წავა მეტ დათმობაზე ბიზნესთან და შექმნის ელემენტარულად ცივილურ სამუშაო პირობებს დასაქმებულებისთვის.
თქვენ ახსენეთ ბალანსი და სამწუხაროდ ამ კანონპროექტით არ დამყარდება ბალანსი. დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესებს შორის ისევ უზომოდ დიდი ასიმეტრია იქნება ძალაუფლებლივი და ძალიან ბევრი ბრძოლა იქნება წინ იმისთვის, რომ რეალური გარანტიები მიიღოს მშრომელმა სამუშაო ადგილებზე.
იმედს ვიტოვებთ, რომ თუ საგაზაფხულო სესიაზე არ მოესწრო შრომის კანონმდებლობის ცვლილებების პაკეტის მიღება, რიგგარეშე სესიაზე მაინც ჩაინიშნება, ამ იმედს ვიტოვებთ. უნდა მოვუწოდოთ იმ პარლამენტარებს, რომლებიც მსხვილ ბიზნესს წარმოადგენენ, რომ გაარჩიონ ბიზნესინტერესები და საკუთარი ბიზნესპერსპექტივა საჯარო ინტერესისგან. პარლამენტში არიან იმისთვის, რომ დაიცვან საჯარო ინტერესი და ამ შემთხვევაში საჯარო ინტერესი მოითხოვს, რომ მშრომელებს ელემენტარული ცივილური პირობები შეექმნათ“, - განაცხადა „დილის საუბრებში“ კოტე ერისთავმა.