პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. ცვლილებებზე ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის წევრების ჩართულობით, მმართველ პარტიასთან შეთანხმდა. ამ პროექტის მიხედვით, 77-დან 120-მდე იზრდება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა და 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რიცხვი.
კანონპროექტის კანონად გადასაქცევად მისი კიდევ ორი მოსმენით მიღებაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ცვლილებების პროექტის მიხედვით, ყველა მსგავსი შემთხვევა ამ წესებით დარეგულირდება.
ვინ მოხვდება პარლამენტში
პარლამეტში მოხვდება ყველა ის პარტია, რომელიც არჩევნებზე მიიღებს ხმათა მინიმუმ 1 პროცენტს, ბლოკების შემთხვევაში მინიმუმ იმდენი პროცენტი უნდა მიიღოს ბლოკმა, რამდენი სუბიექტიც არის მასში გაერთიანებული.
როგორ გადანაწილდება მანდატები
პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. პარლამენტში მოხვდება პარტიის იმდენი დეპუტატი, რა (მთელი) რიცხვიც ამ ფორმულის შედეგად მიიღება.
მაგალითად, თუ რომელიმე ერთი პარტია არჩევნებში 97 ათას ხმას მიიღებს, ხოლო მისი კონკურენტები ჯამში 903 ათას ხმას, პარლამენტში ამ პარტიის კვოტით შევა (97 000*120/1 000 000 = 11,64) 11 დეპუტატი.
თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლები იქნება, "გაუნაწილებელ მანდატებს" თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები.
მაგალითად, თუ არჩევნებში სამი პარტია გაიმარჯვებს და მათი ხმების რაოდენობა იქნება: A პარტიის - 97 ათასი, B პარტიის - 305 ათასი და C პარტიის - 598 ათასი, ხმები პირველადად ასე გადანაწილდება: A პარტია - 11 (ნაშთი 64), B პარტია - 36 (ნაშთი 6); C პარტია - 71 (ნაშთი 76). შესაბამისად, გადაუნაწილებელი დარჩება ორი მანდატი. კანონპროექტის მიხედვით, ეს მანდატები გადანაწილდება ყველაზე მეტი ნაშთის მქონე პარტიებზე, ამ შემთხვევაში A და C პარტიებზე.
რას ნიშნავს ე.წ. ჩამკეტი?
კანონპროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტის შემოღება. ამით ჩნდება ზედა ზღვარი, რომელიც პარტიას პარლამენტში მაქსიმალური მანდატების რაოდენობას განუსაზღვრავს. პარტიას ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შემთხვევაშიც კი შეეძლება პროპორციული წესით გაყვანილ დეპუტატებზე მხოლოდ 25 პროცენტით მეტი დეპუტატი შეიყვანოს პარლამენტში.
კანონპროექტის მიხედვით, თუ პროპორციული და მაჟორიტარული წესით პარტია ან ბლოკი აიღებს პროპორციული წესით აღებულ მანდატებზე 25 პროცენტით მეტს, "გადაჭარბებული მანდატები" მოაკლდება და სხვა სუბიექტებზე გადანაწილდება.
მაჟორიტარული ოლქები
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დაიყოფა 30 მაჟორიტარულ ოლქად. აქედან 8 თბილისში იქნება, 22 კი საქართველოს დანარჩენ ნაწილზე.
თბილისის მუნუციპალიტეტი დაიყოფა მთაწმინდისა და კრწანისის, ვაკის, საბურთალოს, ისნის, სამგორის, დიდუბისა და ჩუღურეთის, გლდანის, ნაძალადევის რაიონებად.
დანარჩენი საქართველო ასე დაიყოფა: თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები; რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები; მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები; ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები; მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები; კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები; ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები; ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები; ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები; ქუთაისის მუნიციპალიტეტი; საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები; ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები; სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები; წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები; ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები; ბათუმის მუნიციპალიტეტი; ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები; ხელვაჩაურის (მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები; ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.
ვის შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, მომავალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება ყველა იმ პარტიას, რომლის მხარდაჭერა მინიმუმ 5 ათასმა ამომრჩეველმა ხელმოწერით დაადასტურა. ამ ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის პარტიები, რომლებმაც ბოლო არჩევნების (საპრეზიდენტო, საპარლამენტო ან თვითმმართველობის) დროს მინიმუმ 15 ათასი ხმა მიიღეს.