ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ყოველდღიურად მიმდინარეობს ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის რეპეტიციები. აღლუმის ჩატარება 24 ივნისს არის დაგეგმილი და მასში მონაწილეობას რუსეთიდან დაბრუნებული ის კურსანტებიც მიიღებენ, რომლებიც საკარანტინო ზონებში არიან განთავსებულნი. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა სწორედ რუსეთიდან დაბრუნებულ სტუდენტებსა და კურსანტებზე მოდის, დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა კი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა და 17-დან 24 ივნისამდე მასობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე შეზღუდვები მოხსნა. - ეს ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის მედიამ გაავრცელა. 17 ივნისიდან ცხინვალში უფროსკლასელების გამოსაშვები საღამოები დაიწყება. როგორც სკოლებში, ისე თეატრალურ მოედანზე სკოლადამთავრებული ახალგაზრდები შეიკრიბებიან და ზეიმს მოაწყობენ. ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ ახალგაზრდები კაფეებსა და რესტორნებში საბანკეტო სუფრებს ვერ მიუსხდებიან. ამ შეზღუდვების გაუქმების გამო ცხინვალში ბევრი სამოქალაქო აქტივისტი უკვე გამოთქვამს შეშფოთებას. რადიო თავისუფლების წყარო - ერთ-ერთი აქტივისტი - ამბობს, რომ შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს:
„ბანკეტი კი აკრძალეს, მაგრამ მასობრივი თავშეყრა თეატრალურ მოედანზე დაუშვეს. ამდენი ახალგაზრდა იკრიბება და არ არსებობს გარანტია, რომ ისინი და საზოგადოება დაცული იქნებიან. ჩვენ მოგვდის ხმები, რომ საბანკეტო სუფრებს სახლებში მაინც გაშლიან და ამას ვერავინ გააკონტროლებს. გარდა ამისა, აღლუმში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან დაბრუნებული კურსანტები დაპატიჟეს და, როგორც ვიცით, მათ უმრავლესობას უკვე დაუდასტურდა კორონავირუსი. ვიცით ისიც, რომ ყველაზე საშიში უსიმპტომო ინფექციის მატარებლები არიან და ამ აღლუმზე შესაძლოა მთელი ცხინვალი დაავადდეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შეზღუდვების მოხსნა არ შეიძლებოდა, თან 8-9 მაისს უკვე ჩატარდა არაერთი აღლუმი“.
ბიბილოვის ქმედება პირდაპირ უკავშირდება რუსეთის მაამებლობას და ამ მაამებლობით უნდა, რომ თავისი ხალხი სიტუაციის მძევლად აქციოს, რაც მიუღებელია...ზურაბ ბენდიანიშვილი
8-9 მაისს ცხინვალში 6 აღლუმი უკვე ჩატარდა და ეს იყო სახელობითი აღლუმები. ცხინვალში, იმ ქუჩებზე, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ცხოვრობენ, ე.წ. თავდაცვის ძალები ორკესტრითა და სამხედრო მარშით მიმოდიოდნენ. როგორც ჩანს, დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისთვის 6 აღლუმი საკმარისი არ აღმოჩნდა და მეშვიდე აღლუმი 24 ივნისისთვის დანიშნა. აკეთებს იმას, რასაც მოსკოვში ვლადიმირ პუტინი აკეთებს, თუმცა ამ დღეს ბიბილოვი ცხინვალში არ იქნება, ის პუტინთან ერთად იდგება წითელ მოედანზე. ოსური და რუსული მედიიდან ისიც ცნობილია, რომ ამ აღლუმზე პუტინი, მარიონეტი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტების გარდა, რამდენიმე რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი სახელმწიფოს ლიდერის გარემოცვაში იქნება. ცხინვალში, კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად, საზოგადოების შეფასებები მომრავლებული აღლუმების შესახებ ფრთხილია. მათ კარგად იციან, რომ სწორედ რუსეთიდან დაბრუნებულ სამხედრო სასწავლებლების კურსანტებს გამოუვლინდათ კოვიდ19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა. ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა, იბრაგიმ გასეევმა, უკვე გასცა ბრძანება, რომ რუსეთის ქალაქებიდან დაბრუნებული სამხედრო კურსანტები 24 ივნისის აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ.
მასობრივ ღონისძიებებზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, 30 ივნისამდე ძალაში რჩება ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების შეზღუდვა, ეს ძირითადად რუსეთთან მოსაზღვრე როკის გამშვებ პუნქტს ეხება...
ამან კიდევ უფრო შეაშფოთა ადგილობრივი საზოგადოება, რომელმაც ასევე კარგად იცის, რომ ოკუპირებული რეგიონის ჯანდაცვის სისტემა მძიმე მდგომარეობაშია და ახლა ეს აღლუმები საზეიმო განწყობების ნაცვლად შიშს უფრო თესავს. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი წევრი, როლანდ ქელეხსაევი, აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე ზედმეტად მიაჩნია მეშვიდე აღლუმის ჩატარება და ამით ცხინვალელების საფრთხეში ჩაგდება.
კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილის აზრით, ცხინვალის ხელისუფლება საკუთარ ხალხს რუსული პოლიტიკის მძევლად აქცევს და მისთვის უფრო მნიშვნელოვანია პუტინს ასიამოვნოს, ვიდრე მოსახლეობა იყოს დაცული:
„ბიბილოვის ქმედება პირდაპირ უკავშირდება რუსეთის მაამებლობას და ამ მაამებლობით უნდა, რომ თავისი ხალხი სიტუაციის მძევლად აქციოს, რაც მიუღებელია. ცხინვალში არ არის ეპიდსიტუაციის უსაფრთხოება იმ დონემდე, რომ მოსახლეობა დაცული იყოს ვირუსის გავრცელებისაგან. მით უმეტეს, შემთხვევები მრავლდება და გაიხსნა ასევე საზღვარი რუსეთთან, საიდანაც ძირითადად დაინფიცირებული ადამიანების შემოდინება ხდება და ეს ცხინვალს ეპიდაფეთქების წინაშე აყენებს, რისიც თვითონ მოსახლეობას ეშინია და წინააღმდეგია ამ აღლუმის. მოსახლეობა ამ შემთხვევაში რუსული პოლიტიკის მძევლად რჩება“.
მასობრივ ღონისძიებებზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, 30 ივნისამდე ძალაში რჩება ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების შეზღუდვა, ეს ძირითადად რუსეთთან მოსაზღვრე როკის გამშვებ პუნქტს ეხება, რადგან ახალგორის პუნქტი შეზღუდვებამდე ბევრად უფრო ადრე იყო ჩაკეტილი. გარდა ამისა, 30 ივნისამდე ასევე აკრძალულია ქორწილებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა. დე ფაქტო რესპუბლიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული. ყველა ინფიცირებული ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ფედერაციიდან შევიდა.