გუშინ, 10 ივნისს, საქართველოში კორონავირუსი 4 ისეთ პირს დაუდასტურდა, რომელთა ინფიცირების წყაროს ამ დრომდე ეძებენ, თუმცა უშედეგოდ. ამ შემთხვევიდან გამკაცრდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები უსაფრთხოების წესების დაცვაზე. ასევე, გაისმა შესაძლო "მეორე ტალღის" გაჩენაზე ინფორმაციაც.
"ინფექციის პირველწყაროს მიგნება მარტივი არაა, ამას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე დღე. იმედი გვაქვს, რომ რაღაცას მივაგნებთ, კვლევები კიდევ გრძელდება", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ოთხივე მათგანი დასაქმებული იყო და სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე გადაადგილდებოდნენ ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებაში.
ინფიცირებულებზე რადიო თავისუფლებას უფრო მეტს უყვება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე. მისი თქმით, ინფიცირებულთან არცერთს არ აქვს მოგზაურობის ისტორია, არცერთს არ აქვს ერთმანეთთან და მოქმედ კლასტერებთან კავშირი.
"მათ თვითდინებით მიმართეს კოვიდკლინიკას, აწუხებდათ კოვიდისთვის დამახასიათებელი გარკვეული სიპტომები", - ამბობს ის.
მისვე თქმით, ასაკობრივი კატეგორია სხვადასხვაა, ერთი არის ხანშიშესული ქალი, დანარჩენი საშუალო ასაკის, ბავშვები არ არიან. თითო ადამიანს 10-დან 20 კონტაქტამდე ჰყავთ, ამაში შედიან ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები - ზოგს უფრო მეტი, ზოგს ნაკლები - დამოკიდებულია იმაზე, რა აქტივობები ჰქონდათ.
"მათი კონტაქტების ნაწილი გადაყვანილია იზოლაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ 14 დღის განმავლობაში შეიძლება გამოუვლინდეთ სიმპტომები. ნაწილს, რომელთა პასუხები უკვე ცნობილია, არ აქვთ ინფექცია", - აღნიშნავს ის.
ამავე თემაზე:
- გახარიას თქმით, 4 დაუდგენელი ახალი შემთხვევა არის ფაქტობრივად 4 ახალი კლასტერი
- გამყრელიძე განმარტავს, რომ 4 შემთხვევაში ინფიცირების წყაროს ვერდადგენა მეორე ტალღას არ ნიშნავს
- გამყრელიძე: 4 ახალი შემთხვევა არაპირდაპირ მიუთითებს, რომ ინფექცია ცირკულირებს საზოგადოებაში
- პაატა იმნაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე: შეიძლება ითქვას, რომ ეს მეორე ტალღაა