გახარია პარლამენტში ამ კვირაში მეორედ - რა კითხვები აქვს ოპოზიციას

ხვალ, 29 მაისს საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ისევ მოუსმენენ. ახლა უკვე იტერპელაციის გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ფრაქციებმა დაიბარეს. პრემიერის პარლამენტში მისვლა 29 მაისს ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ მაისის დასაწყისში მოითხოვეს, თუმცა პრემიერმა ჩანიშნულ თარიღს დაასწრო და 27 მაისს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა.

საკითხები, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერის მოსმენა სურთ უკვე ცნობილია.

ნაციონალური მოძრაობის კითხვები:

  • რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში;
  • რა გავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე და რა ზომებს ღებულობს მთავრობა მის გამოსასწორებლად;
  • რა მდგომარეობაშია ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში;

რითი აპირებთ პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერებას მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში.

ევროპული საქართველოს კითხვები:

  • მწვავე ეკონომიკური კრიზისის დროს, რატომ არ შეამცირეთ საშემოსავლო​ გადასახადი და ნავთობპროდუქტებზე აქციზის ოდენობა;
  • რატომ არ გაანულეთ 2020 წლის ქონების გადასახადი ეკონომიკის ყველა სექტორისთვის;
  • რატომ არ შეცვალეთ დღგ-ს დაბეგვრის წესი;
  • რატომ არ აძლევთ მოქალაქეებსა და მეწარმეებს შესაძლებლობას, დაიბრუნონ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა;
  • თქვენ მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, რატომ ტოვებთ თვითდასაქმებულთა დიდ ნაწილს საერთოდ დახმარების გარეშე;
  • მათ, ვინც სამსახური დაკარგა, რატომ სთავაზობთ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ და მოჭრილ თანხას;
  • რატომ დააგვიანეთ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენა და ყველაზე კრიტიკულ თვეებში, რატომ დატოვეთ მოქალაქეები ყოველგვარი დახმარების გარეშე;
  • რატომ არ ამცირებთ ბიუროკრატიულ ხარჯებსა და არაეფექტურ სახელმწიფო პროგრამებს;
  • რატომ გქონდათ შერჩევითი მიდგომა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულებისას სხვადასხვა ადამიანებისა და ჯგუფების მიმართ.

ამ კითხვების ნაწილი გუშინ, 27 მაისსაც დაისვა. მათ შორის კითხვა დაისვა საპენსიო ფონდთან დაკავშირებით, რაზეც გახარიამ თქვა, რომ ეს თანხა მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფულია. უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის გამოსვლით კმაყოფილია, ოპოზიცია კი უკმაყოფილო.