გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს

თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფლები არიან. მათ საპატიმრო 15 მაისს, ღამით, მას შემდეგ დატოვეს, რაც პენიტენციურ სამსახურს შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება ჩაბარდა.

ოქრუაშვილმაც და უგულავამაც ციხის დატოვების შემდეგ თქვეს, რომ ეს სანახევროდ შესრულებული პირობაა და ახლა უკვე გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლდეს. მისთვის სასამართლოს სასჯელი ჯერ არ მიუსჯია, შესაბამისად, მას პრეზიდენტი ვერ შეიწყალებდა.

„არ არსებობს სანახევრო ფეხმძიმობა, სანახევრო ხელშეკრულება. ჩვენ დახლზე არ ვართ და ოცნებას არ ვევაჭრებით“, - თქვა უგულავამ.

ოქრუაშვილმა კი მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც 8 მარტის ხელშეკრულების შედგენაში მონაწილეობდა. ოპოზიციის მტკიცებით, სწორედ ეს დოკუმენტია იმის დასტური, რომ ხელისუფლება უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლებას დათანხმდა.

„ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ ბევრ ოპოზიციონერს გაუშვებდა ციხეში და ესეც ვერ შეასრულა“, - თქვა ოქრუაშვილმა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ იყო. პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ მათაც პირდაპირი ეთერის საშუალებით გაიგეს.

„შესაძლოა მას, რეალურად, მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურების აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლიტიზირებას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რაიმე პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ ხშირად მიგვიღია უცხოეთიდან მათი დასაცავი წერილები, თუმცა ამას ხელი არ შეუძლია იმაში, რომ მათი ნაწილი ციხეში ზის, ნაწილი კი გაქცეულია“, - თქვა კობახიძემ.

გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა რამდენიმე თვეა ციხეში არიან. უგულავას უზენაესმა სასამართლომ ე.წ. თბილისერვისის საქმეზე 3 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა. უგულავა ამ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მანამდეც იჯდა, თუმცა სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა. ოქრიაშვილს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა 20 ივნისის საქმეზე ძალადობის მუხლით მიუსაჯა. მათგან განსხვავებით გიორგი რურუას სასჯელი ჯერ არ შეფარდებია. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას ედავებიან.

ოპოზიციის წევრებმა ამ სამი ადამიანის გათავისუფლება დაასახელეს იმ აუცილებელ პირობად, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც მონაწილეობას არ მიიღებდნენ საარჩევნო საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში.