გაზაფხულის სემესტრი აკადემიურად გამოცხადდეს - დაეთანხმება განათლების კომიტეტი ამ მოთხოვნას?  

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო პეტიცია, რომელშიც მოქალაქეები ითხოვენ აკადემიურად გამოცხადდეს 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი. კომიტეტს დასკვნის მომზადება ბიურომ დაავალა.

"გამოცხადდეს აკადემიურ სემესტრად 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი!!! ონლაინ სწავლება დიდად არაფრის მომცემი არ არის", - წერია პეტიციაში, რომელსაც რამდენიმე ასეული ხელმოწერა აქვს.

განათლების კომიტეტს დასკვნა ჯერ არ დაუწერია, თუმცა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, თანხმდებიან, რომ მიმდინარე სემესტრი აკადემიურად არ უნდა გამოცხადდეს, ხარვეზების არსებობის მიუხედავად.

ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე არსებობდა სკოლებში ონლაინსწავლების მოთხოვნილება, თუმცა, ერთი მხრივ, ინტერნეტიზაციის და მეორე მხრივ კი მასწავლებლებისთვის ტექნოლოგიების მოხმარებაზე გადამზადება წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა.

"ხარისხიანი განათლებისთვის საჭირო დისტანციურ სწავლების პროგრამა, რომელიც საქართველოში ჩავარდა, ჯერ კიდევ წლების წინაც მნიშვნელოვანი იყო იმ სკოლებისთვის, სადაც რამდენიმე მოსწავლე და მასწავლებელია", - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი, რომელიც თავადაც ლექტორია.

ის საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ონლაინსწავლების პროცესში შედარებით ნაკლები პრობლემაა უნივერსიტეტებში, ვიდრე სკოლაში.

თავის მხრივ, ონლაინსწავლებაზე გადასვლა განსხვავებულად მოხდა სკოლებშიც. კერძო დაწესებულებებმა საჯარო სკოლების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, შეუდარებლად სწრაფად შეძლეს ონლაინსწავლებაზე გადასვლა. საჯარო სკოლები კი პრობლემებში გაიხლართა, მათ შორის არამხოლოდ სწავლების ტექნოლოგიების ათვისებაა, არამედ ინტერნეტკომუნიკაციაც.

"დისტანციურ სწავლაზე გადასვლამ აჩვენა, როგორი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოციალურ უთანასწორობას ზოგადი განათლების მიღების დროს, როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში დავადანაშაულოთ ბავშვი?! ეს იგივეა, კორონავირუსის დროს დავადანაშაულოთ ავადმყოფი", - ამბობს ნაციონალურ მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ნინო კვიტაშვილი.

მიუხედავად პრობლემების აღიარებისა, პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სკოლის სასწავლო პროგრამა ისეა შედგენილი, რომ მასწავლებელებს ლავირების საშუალება კიდევ აქვთ.

მასწავლებლებისა და სკოლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ქართული ოცნებიდან პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი. მისი თქმით, სკოლებმა ის ბავშვები უნდა აღმოაჩინონ, ვისაც ამ პროცესში პრობლემა შეექმნათ და მათთვის ინდივიდუალური გეგმაც შეადგინონ.

"ყველა მასწავლებელს, დამრიგებელსა და სკოლის დირექტორს პარლამენტის ტრიბუნიდანაც მოვუწოდე, რკინის ქალამნები ჩაიცვან და მიაღწიონ ყველა ბავშვამდე, ვისაც აქვს სურვილი და ვერ ერთვება, რა მიზეზები აქვთ", - თქვა მან.

სემესტრის აკადემიურად გამოცხადებას მარგველაშვილი გამორიცხავს და დასძენს, რომ პოზიცია განათლების სამინისტროსთანაც შეთანხმებულია. მისი თქმით, სასკოლო ინფრასტრუქტურა არ არის მზად 12 კლაისის პარალელურად დამატებით ახალი მოსწავლეები მიიღოს.

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანგებო მდგომარეობის ვადით სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ხარვეზებით წარმართული საგანმანათლებლო პროცესი გამოწვევაა ყველა კლასის მოსწავლეებისთვის, თუმცა ეს პრობლემა დამატებითი თავსატეხი გახდება საგანმანათლებლო სისტემისთვის, როდესაც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების მისაღები გამოცდების დრო მოვა.