9 საათით ნაკლები გზაზე - დისტრიბუტორები დახმარებას ითხოვენ 

კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც რეგიონებს სურსათით ამარაგებენ, გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი მანქანები საღამოს 9 საათამდე დანიშნულების ადგილებამდე მისვლას და უკან, თბილისში დაბრუნებას ვერ ასწრებენ. კომენდანტის საათის დაწყების მომენტისთვის მანქანები გზაზე ჩერდებიან. წესების დარღვევისთვის ჯარიმა 15 ათასი ლარია. თუ სახელმწიფო სადისტრიბუციო სერვისის ამ პრობლემას უახლოეს მომავალში არ გადაჭრის, შესაძლოა მოშორებულ რეგიონებში მაღაზიები პროდუქტის გარეშე დარჩეს.

“პრობლემა მოუგვარებელი თუ დარჩა, მივიღებთ იმას, რომ სადღაც რეგიონებში დახლებზე პროდუქტი აღარ იდება, პურის, ხაჭოს და მაწონის გარდა… პირობითად, აქამდე თელავში თუ უნდა მომსახურებოდა 30 ობიექტს, ახლა მოემსახურება 10-ს ან 15-ს, რომ დროულად დაბრუნდეს და ჯარიმა არ დაუწერონ”, - ამბობს ივა ჭყონია, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე. ეს ორგანიზაცია საქართველოში რამდენიმე ათეულ კომპანიას აერთიანებს.

კომენდანტის პერიოდის (საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე) გამოყენება კომპანიებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ თანამშრომლების სახლებში დასაბრუნებლად.

“ტკბილი ქვეყანა” საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ტბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ადგილობრივი საწყობები აქვს. კომპანია კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, იმერეთისა და აჭარის რეგიონებს 25 ტონიანი და 7 ტონიანი სატვირთოებით ამარაგებს. მოთხოვნიდან გამომდინარე რეგიონულ ცენტრებში კვირაში მინიმუმ ერთხელ, რიგ შემთხვევაში კი ორჯერაც მიდიან.

კომპანიის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, კახაბერ ყრუაშვილი ამბობს, რომ კომენდანტის საათის დროს მუშაობის უფლების შეზღუდვით პრობლემა ექმნებათ როგორც რეგიონული საწყობების მომარაგების, ისე იმ საწყობებიდან პროდუქტის მაღაზიებში გადატანის დროს.

საწყობის თანამშრომლები მუშაობას 7 საათზე იწყებენ, 25 ტონიანი სატვირთოს დატვირთვას კი დაახლოებით ოთხი საათი სჭირდება. 11 საათზე თბილისიდან გასული სატვირთო აჭარაში 18 საათისთვის ჩადის, უკან გამობრუნების დროს კი კომენდანტის საათის გამო გაჩერება უწევს.

"თუ რეისი იმავე დღეს არ დასრულდა მეორე დღეს მანქანას ვერ ვიყენებთ… იყო შემთხვევა, რომ 25 ტონიანი მანქანა დაგვჭირდა, არ იყო და 7 ტონიანი გავუშვით", - ამბობს ტკბილი ქვეყნის წარმომადგენელი.

გიორგი ლომსაძე, რომელიც "ტკბილი ქვეყნის" დასავლეთის რეგიონის მენეჯერია და რეისებს დაჰყვება კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ რამდენიმე ღამის გათენება გზაში, მანქანის სალონში მოუწია. კორონავირუსის გამო საქართველოში ყველა სასტუმრო დახურულია.

"9 საათი რომ გაგიხდება, გააჩერებ მანქანას გზაში, მერე ძილი მოგინდება. დიდ მანქანაში ვერ დაიძინებ, ძრავს ხმა აქვს, გამორთავ და სიცივით გეღვიძება. ღამეში სამჯერ, ოთხჯერ გამოგეღვიძება სიცივით. მანქანიდანაც ვერ ჩამოდიხარ, შეგძულდება ყველაფერი", - ყვება ის.

პრობლემის შესახებ ინფორმირებულია მთავრობის საკოორდინაციო საბჭო. საკოორდინაციო შტაბის წევრმა და სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და დისტრიბუტორებს პრობლემა აღარ შეექმნებათ.

"თითოეული შემთხვევა, ვისაც ესაჭიროება ღამით საშვი, უნდა მოგვაწოდონ სია და მარშრუტის შესახებ ინფორმაცია - რომელ რაიონში რა დროს ჩადიან და ბრუნდებიან. ჩვენ იმავე დღეს განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას", - ამბობს ის.

კალანდაძესთან საუბრის შემდეგ რადიო თავისუფლება ჭყონიას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ კომპანიების შესახებ მთავრობას რამდენიმე დღის წინაც აცნობა და ახლა სიას უკვე მესამედ უგზავნის, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.