კარანტინში მოძალადესთან ერთად: მიშველეთ, ვერსად გავრბივარ!

ირმას მობილური ტელეფონი ჯიბეში უდევს და სახლში მოფარებული ადგილის პოვნას ცდილობს. სახლში სულ ორი ოთახია, ერთში ბავშვებს სძინავთ, მეორეში კი მისი მოძალადე ქმარი ტელევიზორს უყურებს. ტუალეტში ტელეფონით შესვლა მას დააჭვებს, არადა, სადმე დარეკვა უნდა მოასწროს. 112-ზე, ძალადობის ცხელ ხაზზე, მეგობართან. და მერე დარეკილი ზარების წაშლაც მოასწროს. მესამე კვირაა კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის გამო ისიც სახლშია გამოკეტილი. ოღონდ ამჯერად ქმართან ერთად, რომელიც ასევე არსად მიდის და ყველაფერზე ყვირის. მოძალადეს არ სჭირდება სერიოზული მიზეზები ძალადობისთვის და ირმამ ეს დიდი ხანია იცის. უკვე შუაღამეა. მას კი დაძინების ეშინია.

კოდური სიტყვა

COVID-19-ის პანდემიის გამო სახლში გამოკეტილ მსოფლიოს უამრავი პრობლემა გაუჩნდა. ოჯახში ძალადობის მასიური ზრდა მათგან ერთ ერთია და ამ მხრივ, შემაშფოთებელ მონაცემებს უკვე აქტიურად ავრცელებს დასავლური პრესა.

თუ აქამდე ძალადობის მსხვერპლებს დროებით მარტო დარჩენის, შინიდან გასვლის და უბრალოდ, ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლა ყველა ეს შანსი გაქრა. მათ ან უნდა მოუთმინონ, რასაც ბევრი აკეთებს, ან რადიკალური ზომები მიიღონ და პოლიციაში დარეკონ. თუ, ცხადია, ამას შეძლებენ.

Your browser doesn’t support HTML5

ოჯახში ძალადობა კარანტინის პირობებში

გადარჩენის გზები პანდემიის პირობებშიც არსებობს. მაგალითად, გამოცემა CNN მოგვითხრობს ამბავს ძალადობის მსხვერპლი ქალისას, რომელმაც როგორღაც აფთიაქამდე მიაღწია და ფარმაცევტი კოდური სიტყვებით მიახვედრა, რომ შველა სჭირდებოდა. პოლიციამ მისი მოძალადე ქმარი დაიჭირა.

ასეთი სქემა, კოდური სიტყვებით მინიშნების, არსებობს საფრანგეთში - „პირბადე 19“ - ეუბნები ფარმაცევტს აფთიაქში და მან იცის, რომ სინამდვილეში, არავითარი პირბადე შენ არ გჭირდება. შენ - გადარჩენას ითხოვ. ოჯახში ძალადობის მოტივით პოლიციისადმი მიმართიანობამ იქ მხოლოდ პანდემიის პერიოდში, 36%-ით მოიმატა.

ავსტრალიაში კი დააკვირდნენ, რომ მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირაში დაფიქსირდა იმაზე გაცილებით მაღალი მაჩვენებელი გუგლში ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის ძებნისა, ვიდრე მთელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

ესპანეთში ძალადობის მსხვერპლ ქალებს პოლიციამ უთხრა, რომ ისინი არ დაჯარიმდებონენ, თუ საგანგებო რეჟიმის პირობებში დატოვებდნენ სახლებს ძალადობისგან გაქცევის მიზნით.

ქალები ოჯახში ძალადობის მხოლოდ ერთი, დიდი ნაწილია. ჩაკეტილ გარემოში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ ბავშვებიც. მოხუცებიც.

მესამე კვირაა სახლში ვართ გამოკეტილი. ეს ადრე სამსახურში მაინც მიდიოდა ხოლმე და ახლა არსად გადის. რომ არ გავაღიზიანოთ, საძინებელში ვართ შეკუჭულები. ბავშვებს ვეუბნები, არ იხმაურონ. მე კი ვცდილობ საჭმელი ისე გავაკეთო, რომ ჭურჭელი არ ვაჩხარუნო. თუ ძალიან ჩუმად ვართ, ეგეც აღიზიანებს. შემოვარდება ხოლმე და გვიყურებს. რას აკეთებთ? რა საეჭვოდ ჩაჩუმდით? დედაჩემს რომ ვურეკავ, სიტყვებს ვარჩევ.

ძალადობა შემცირდა თუ საშველად ვერ რეკავენ?

იმ ფონზე, როცა მსოფლიო პრესა ოჯახში ძალადობის დოკუმენტირებულ გაზრდილ შემთხვევებზე წერს, საქართველოს შსს ავრცელებს ცნობას, რომ ქვეყანაში პანდემიის გავრცელების პირობებში, ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდა არ შეინიშნება და რომ:

2020 წლის მარტში, ოჯახურ კონფლიქტებსა და ძალადობასთან დაკავშირებით 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა თითქმის იდენტურია 2020 წლის იანვარსა და 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობის, ხოლო 2019 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაფიქსირებული შეტყობინებები ემთხვევა 2020 წლის თებერვალში 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების ტენდენციას.

2020 წლის იანვარში შესაძლო ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაახლოებით 520-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. აქედან, 13% ეხებოდა, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას.

2020 წლის თებერვალში გამოძიება დაიწყო დაახლოებით 490-მდე ფაქტზე. აქედან, 12% ეხებოდა, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას, ხოლო მიმდინარე წლის მარტში გამოძიება დაიწყო დაახლოებით 470-მდე შემთხვევაზე. აქედან 10% ეხებოდა, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას.

2020 წლის მარტში ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე პოლიციას უმეტესად თავად მსხვერპლმა მიმართა. განსხვავებით თებერვლისგან, როცა ძალადობის ფაქტებზე პოლიციას ძირითადა მეზობლები ურეკავდნენ.

შსს-ს ცნობით, იანვრიდან მოყოლებული, მცირედით შემცირებულია ყოფილ მეუღლეებს შორის შესაძლო ძალადობის ფაქტები.

იანვარშიც, თებერვალშიც და მარტშიც ფაქტების 98%-ის შემთხევვაში გამოიძიება დაიწყო შეტყობინებისთანავე დაიწყო.

2020 წლის იანვარში ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოიცა 947 შემაკავებელი ორდერი, თებერვალში - 840-მდე, ხოლო მარტში - 930-მდე შემაკავებელი ორდერი.

2020 წლის მარტში შემაკავებელი ორდერი უმეტესად გამოიცა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე.

2020 წლის იანვრისა და თებერვლისგან განსხვავებით, მარტში მცირედით გაზრდილია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, ხოლო მცირედით შემცირებულია ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების გამოცემის შემთხვევები.

შსს ოჯახში ძალადობის ყველა მსხვერპლს მოუწოდებს, დარეკონ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე - 112;

ან გამოიყენონ 112-თან დასაკავშირებელი მობილური აპლიკაცია (112 Georgia), რომლის ინსტრუქცია მოცემულია ამ ბმულზე.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება აკონტოლებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მხრივ არსევულ ვითარებას. მუშაობას განაგრძობენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვიოს სამინისტროს უფასო იურიდიული და ფსიქო-სოციალური სერვისები.

ძალადობის გამოვლენის პიკი ჯერ წინ არის

ოფიციალურ მონაცემებს აქვს თავისი ახსნა და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახში ძალადობის რიცხმა ნამდვილად იკლო.

უბრალოდ, ჯერ არ არსებობს უფრო ზუსტი სტატისტიკა, რადგან მსხვერპლების უმრავლესობა, ისე როგორც დანარჩენი საზოგადოება, ჩაკეტილია - ამის თქმის საფუძველს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელს, ელისო ამირეჯიბს აძლევს მისი ორგანიზაციის 17-წლიანი გამოცდილება.

Your browser doesn’t support HTML5

ელისო ამირეჯიბი კონორავირუსის დროს ოჯახში ძალადობის თაობაზე

მან ზუსტად იცის ისიც, რომ ჩაკეტილი სივრცეში ყოფნა ზრდის ძალადობის შემთხვევებს, რადგან არც მსხვერპლს და არც მოძალადეს გადაადგილების საშუალება არა გააჩნია.

და როგორც ეპიდემიოლოგები მოელიან ხოლმე დაავადების გამწვავების პიკს, ასე ელის ელისო ამირეჯიბიც ოჯახში ძალადობის მომრავლებული ფაქტების გამოვლენას აპრილის თვისკენ, როცა ოპტიმისტური პროგნოზით, ადამიანები შეძლებენ ჩაკეტილი სივრცეებიდან გასვლას და ხმის მიწვდენას.

„იცით, რა უპასუხეს ჩვენს ფსიქოლოგებს მსხვერპლებმა ვისი ამბავიც მოვიკითხეთ? ცოტა ხანი არ შეგვეხმიანოთო. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ ლაპარაკი. ერთადერთი, რაც მათ დღეს შეუძლიათ, 112-ზე დარეკვაა. ჩვენც იგივეს მოვუწოდებთ, თუ ძალიან გაუჭირდათ, დარეკონ პოლიციაში, რადგან დღეს ეს არის მათთვის გადარჩენის საშუალება“.

მოძალადისთვის ვირუსის გავრცელებით გამოწვეული თვითიზოლაცია საუკეთესოა თავის გამოსავლენად - მსხვერპლი ვერსად მიდის, ვერსად რეკავს და ფაქტობრივად, სულ მის თვალწინ ტრიალებს. თუ სხვა ვითარებაში მას შინიდან გაპარვა და დასახმარებლად რომელიმე ორგანიზაციაში მისვლა შეეძლო, დღეს ეს გამორიცხულია.

სახლში კი მას ჰყავს მოძალადე, რომელიც არც სამსახურში მიდის, ვერც მეგობრებში. ერთადერთი, ვისკენაც მისი ძალადობა არის მიმართული, მსხვერპლია. ხშირად ქალი, არცთუ იშვიათად, მათივე შვილები და შესაძლოა, იმავე ოჯახში მცხოვრები მოხუცებიც.

რა რჩება მსხვერპლს? მხოლოდ მოთმენა. და მცდელობა, როგორმე არ გააღიზიანოს მოძალადე. მოიქცეს ისე, როგორც მას ესიამოვნება, იაროს ფეხაკრეფით და ზომოს ყველა სიტყვა და საქციელი:

„მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ძალადობის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება. ამიტომ ველით ამ პანდემის დასრულებას და კარის გაღებას, რომ ვნახოთ როგორია რეალური შედეგები“, - გვითხრა ელისო ამირეჯიბმა.

ასევე ნახეთ ომბუდსმენი: მასობრივი იზოლაცია ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს

არც შსს-ს სტატისტიკა, რომ ოჯახი ძალადობის მაჩვენებელი არ გაზრდილა და არც თავად სახალხო დამცველისადმი ნაკლები მიმართვიანობა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მკაცრმა კარანტინმა მოძალადეების ქცევაში რამე სასიკეთოდ შეცვალა.

ის, რომ ზრდის ტენდენციას ახლა ვერ ვხედავთ, ეს იმაზე შეიძლება მიანიშნებდეს, რომ იზოლირებული ადამიანების ხმა უბრალოდ არ გვესმის, გვითხრა სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემაც.

Your browser doesn’t support HTML5

ეკა სხილაძე ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პანდემიის პირობებში

სახალხო დამცველმა უკვე მოიკითხა ძალადობის ის მსხვერპლები, ვისაც თავად მიუმართავს დახმარებისთვის ომბუდსმენისთვის. აღმოჩნდა რომ:

  • მსხვერპლებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ ეკონომიკურად. ისინი აღარ მუშაობენ და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობაც გამოირიცხა.
  • სხვა ქვეყნებში მყოფი მოძალადები სახლში დაბრუნდნენ და ამან ისევ გააჩინა საფრთხე.
  • და ბოლოს, ნათელი გახდა, რომ მათ ხშირად უბრალოდ არ გააჩნიათ წვდომა საკომუნიკაციო საშუალებებზე წვდომა, რომ ძალადობის ფაქტების შესახებ ვინმეს აცნობონ.

„თუ შეიძლება, თქვენ დაურეკეთ პოლიციას“

ეს ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალის თხოვნაა, რომლითაც მან კავშირ „საფარს“ მიმართა. ის ახლა ვერ მუშაობს და იძულებით ცხოვრობს დედასთან და ძმასთან. ძმა მის გენდერულ იდენტობას არ აღიარებს. ყოველდღე მათი ერთ სივრცეში დარჩენა კი უფრო და უფრო საშიში ხდება.

ქალს წასასვლელი არსად აქვს - ალტერნატივად საგანგებო ვითარების პირობებში ქუჩაც არ დარჩა. ისიც კი არ იცის, პოლიციის გამოძახებას შეძლებს თუ არა. ამიტომ მისი ერთადერთი იმედი სმს-ია, რომელიც „საფარის“ თანამშროლებს არ უნდა გამორჩეთ.

შსს-ს მონაცემებისგან განსხვავებით, „საფარს“ ბოლო სამ კვირაში 60-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა დახმარების თოვნით, რაც ისეთი პატარა ორგანიზაციისთვის, როგორიც „საფარია“ (მას მხოლოდ 3 იურისტი ჰყავს), საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ბაია პატარაიას დაურეკა ქალმა, რომელიც ცდილობდა საკუთარი ხანდაზმული დედის დაცვას თავისივე ძმისგან. პრობლემა ის იყო, რომ მსხვერპლი პოლიციაში დარეკვის წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, როცა ჩვენება მეზობლებმა მისცეს, ქალი მოძალადე შვილს მოაცილეს და სხვა შვილებთან გადაიყვანეს.

Your browser doesn’t support HTML5

ბაია პატარაია ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე კარანტინის პერიოდში

„გვირეკავენ, ფრთხილად, როცა და როგორც მოახერხებენ და ყველას ეტყობა, რომ ძალიან დაბნეულები არიან. ვერ წყვეტენ დაურეკონ პოლიციას და გვთხოვენ, თუ ძალიან დაეძბებათ სიტუაცია, ჩვენ გამოვუძახოთ პოლიცია“, - ბაია პატარაია გვეუბნება, რომ ამ ქალების დიდ უმრავლესობა, რომც მოუნდეს, დღეს ვერსად გაიქცევა. და რომ გაიქცეს, პოლიციამდეც ვერ მიაღწევს იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველა არ ცხოვრობს ახლოს პოლიციასთან.

შეიძლება ეს ვინმესთვის წარმოუდგენელი ამბავია, ვერ წახვიდე სახლიდან, როცა შენზე ძალადობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ ცხოვრებას ასობით ქალი ვერ აღწევს თავს.

„მაღაზიაში მარტო თვითონ მიდის. გუშინ მითხრა, არ გაბედო ფეხის გადგმა, მაგ ჰიგიენურ პაკეტებსაც მე გიყიდიო და პირველად სიცოცხლეში, აფთიაქში „ოლვეისი" მიყიდა, რომ გარეთ არ გავსულიყავი. მეუბნება, შენ ისეთი თარსი ხარ, კორონას მოათრევო. ჩუმად ვარ, მაგრამ ეს სიჩუმეც აღიზიანებს“.

სანამ კარანტინი გრძელდება და სანამ არავის აქვს ზუსტი მონაცემები, რა ხდება მოძალადის დახურულ კარს მიღმა, მანამ ბაიაც, ელისოც, ეკაც და ყველა, ვინც ოჯახში ძალადობის პრობლემაზე მუშაობს, მოუწოდებს შსს-ს მეტი ყურადღებისკენ, უკეთესი საინფორმაციო კამპანიისკენ. ძალადობის მსხვერპლებს კი ისევ ურჩევენ,

დარეკონ პოლიციაში.

დარეკონ ცხელ ხაზზე 116 006.

დარეკონ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე - 14 81.

დარეკონ.

არ გაჩუმდნენ.

ხმა ამოიღონ.

და არ მოითმინონ ძალადობა.