საქართველოს სახალხო დამცველი საგანგებო მდგომარეობის პირობებში პრიორიტეტად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას. ომბუდსმენის თანახმად, საჭიროა მომხდარ შემთხვევებზე დაცული, დროული და ეფექტიანი რეაგირება.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმართვიანობა არ გაზრდილა, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი. მის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიმართვიანობა არ გაზრდილა არც ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრებსა და თავშესაფრებში.
„ამ ეტაპზე, თბილისის თავშესაფარი გადაკეთებულია საკარანტინე ზონად, სადაც მსხვერპლები განთავსდებიან თავშესაფრებში გადანაწილებამდე 2 კვირით, ჯანმრთელობაზე დაკვირვების მიზნით“, - აღნიშნავს ომბუდსმენი.
მისი შეფასებით, ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით აუცილებელია:
- მომზადდეს სპეციალური კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა ძალადობის მსხვერპლებს ხელი მიუწვდებოდეთ არსებულ დაცვისა და დახმარების ინფორმაციასა და სერვისებზე (ცხელი ხაზი, 112 აპლიკაცია) ონლაინ, მათ შორის უმცირესობების ენებზეც.
- სამართალდამცავი უწყების მიერ დროულად იქნეს შემუშავებული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალური მეთოდოლოგია და ყველა საჭირო შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოძალადის განრიდების მექანიზმი.
- თავშესაფრებთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებულ იქნას იმ ძალადობის მსხვერპლთა მატერიალური დახმარების პაკეტები, ვინც თავშესაფარი დატოვა ან უნდა დატოვოს შეცვლილი ეკონომიკური რეალობის პირობებში.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აგრძელებს საქართველოში ახალი კორონავირუსის კრიზისის პირობებში ქალთა და ოჯახში ძალადობის კუთხით შესაბამისი უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის დოკუმენტების აღსრულების მონიტორინგს.
7 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, რომ საქართველოში დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, მისი თქმით, შემცირებულია ოჯახში დანაშაულის ფაქტები.