გლდანში დევნილების საცხოვრებელი კორპუსი "თვითიზოლაციაში" რჩება

გლდანში, ყოფილი საბავშო ბაღის შენობა, სადაც 29 ოჯახი ცხოვრობს, კვლავ „თვითიზოლაციაშია“ მოქცეული. შენობის ეზოს 24 საათის განმავლობაში პატრული აკონტროლებს.

მცხოვრებლებს შენობიდან თავისუფლად გამოსვლა მას შემდეგ აეკრძალათ, რაც ამ დასახლებაში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი იზოლაციაში მოქცევის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შეუთანხმებლად მიიღო.

„იმისათვის, რომ ჩვენ შეგვექმნა კომფორტული გარემო ჩვენი ექიმებისთვის და მათ ჩაეტარებინათ ყველა ის მოსაძიებელი საჭირო ღონისძიება და ამ დასახლებაში არ შექმნილიყო გლობალური პრობლემა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

კორპუსის მცხოვრებლებმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისგან თავი შეიკავეს. მათგან ერთადერთი განმარტება კორპუსის თავმჯდომარემ გააკეთა:

„იმ საღამოსვე დეზინფექცია გააკეთეს, პროდუქტი მოტანილია. ყველას დიდი მადლობა. ყველაფერი გვაქვს და [მაღაზიაში] არ გავდივართ. თუ საჭიროება მოითხოვს და გადაუდებელი საქმე თუ იქნა, გავალთ, თუ არა, ვართ თვითიზოლაციაში“.

დღეს კორპუსის მცხოვრებლებს პროდუქტი, ბავშვებს კი სათამაშოები მიუტანეს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა.

ჯანდაცვის სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, დარჩებიან ეს ოჯახები „თვითიზოლაციაში“ პატრულის თანხლებით, თუ გადაიყვანენ სავალდებულო კარანტინში.