კონტროლის წესი დამტკიცდა - როგორ შეამოწმებენ კომპანიებს საგანგებო მდგომარეობის დროს

საგანგებო მდგომარეობის დროს კომპანიებისთვის დაწესებულ ვალდებულებებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმებენ. მათ მხოლოდ სამედიცინო და სასურსათო დაწესებულებების შემოწმება არ შეეხებათ. გამონაკლის იქნება თბილისში არსებული მშენებლობებიც. შესაბამისი ბრძანება ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებმა ერთობლივად 6 აპრილს გამოსცეს.

ამ ბრძანების ფარგლებში იურიდიული პირი დაჯარიმდება, თუ ის დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის დროს ამოქმედებულ რეგულაციებს.

კომპანიას შეამოწმებენ:

  • საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის გაგრძელებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად;
  • საგანგებო მდგომარეობის დროს რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობისთვის.
ასევე ნახეთ კორონავირუსი და უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე - დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები  

მეწარმის შემოწმების დროს დგება სპეციალური ოქმი. მაკონტროლებელ ჯგუფს შეუძლია დარღვევები დაასურათოს ან ვიდეო გადაუღოს. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტზე არსებული გარემოებები მყისიერ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯგუფის წევრებს შეუძლიათ პოლიცია გამოიძახონ.

"კონტროლის განხორციელებისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით შესწავლას, ჯგუფი განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს", - ვკითხულობთ ბრძანებაში.

კომპანიის წარმომადგენელს უფლება აქვს, უარი თქვას ოქმზე ხელმოწერაზე, თუმცა მას დაკისრებული ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევს. უარის თქმის შემთხვევაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რის შემდეგაც ეგზავნება ფოსტით. მაქსიმუმ ჩაბარების ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ ქვეყნდება ვებგვერდზე (moh.gov.ge ან tacsa.gov.ge) და ამ მომენტიდან ითვლება ჩაბარებულად.

იურიდიულ პირს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში 15 ათას ლარიანი ჯარიმა ეკისრება. ოქმი მისი შედგენის მომენტიდან ძალაშია. თუ კომპნია ჯარიმას არ გადაიხდის, შესაძლოა აღსრულების ეროვნული ბიურო იძულებითი აღსრულების ღონისძიებებშიც ჩართონ.