იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო ქადაგიძე წარუდგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტს. ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რჩეული ამ დრომდეც არაერთხელ გამხდარა. ამ საბჭოს წყალობით იგი რამდენიმე თვის წინ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.
ნინო ქადაგიძე იმ ე.წ. 10-კაციან სიაშიც იყო, რომელმაც არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და მოქალაქეების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია, არამედ მმართველი პარტიის წევრებიც კი დააპირისპირა ერთმანეთს. ამ სიაში მასთან ერთად ის მოსამართლეებიც იყვნენ, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო კლანს უწოდებენ.
გახმაურებული საქმე
ნინო ქადაგიძემ განიხილა საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ჩანაწერის წაშლის საქმე. სწორედ ამ საქმის გამო გააკრიტიკა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ის პარლამენტში გასაუბრების დროს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მსგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ, ნინო ქადაგიძის თავმჯდომარეობით, მიიჩნიეს, რომ ქმედება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და განმარტეს: „განურჩევლად იმისა, რა სახისაა ინფორმაცია, იმისათვის, რომ ჩაითვალოს საჯარო ინფორმაციად, აუცილებელია, რომ ის წარმოადგენდეს ოფიციალურ დოკუმენტს“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (მეორე მუხლი, „მ“ ქვეპუნქტი) მიხედვით, საჯარო ინფორმაციაა საჯარო დაწესებულებაში დაცული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, იქნება ეს ნახაზი, მაკეტი, ფოტოსურათი, აუდიო- თუ ვიდეოჩანაწერი.
განათლება და სამუშაო გამოცდილება
ნინო ქადაგიძეს სამართალწარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 1993 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა, რამდენიმე თვეში კი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი გადა. თითქმის 6 წლისა და ამ უწყებაში თანამდებობების რამდენჯერმე შეცვლის შემდეგ, 2000 წლიდან იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, ორ წელიწადში კი, 2012 წლამდე უზენაესი სასამართლოს წევრი გახდა. რამდენიმეთვიანი წყვეტის შემდეგ, 2013 წლიდან ის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად გასაუბრების დროს სწორედ ამ პერიოდზე, წინა ხელისუფლების მმართველობის დროზე, ქადაგიძე ამბობდა, რომ სასამართლო პოლიტიზებული იყო. თუმცა დასძენდა, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდა.
ოჯახი და ქონება
მიმდინარე წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის მეუღლესთან, ირაკლი ანთაძესთან ერთად ცხოვრობს. მათ საკუთრებაშია 2009 წელს 60 ათას დოლარად ნაყიდი ბინა და 2008 წელს 900 დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი მცხეთაში. მოგვიანებით, 2015 წელს ქადაგიძემ მსუბუქი ავტომობილი Rav4 19,5 ათას დოლარად შეიძინა.
ნინო ქადაგიძემ 2019 წლის პირველი იანვრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმუშავა და 66 485 ლარი გამოიმუშავა, გასული წლის ბოლო 19 დღეს კი უზენაეს სასამართლოში 5009 ლარი აიღო ანაზღაურებად.
თებერვლის მონაცემებით, ცოლ-ქმრის სახელზე ბანკში ფიქსირდებოდა 4 079 ევრო და 11 709 ლარი. გარდა ამისა, მათ ნაღდი ფულის სახით 18 ათასი დოლარი ჰქონდათ.
გასულ წელს დეკლარაციაში ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის არმითითების გამო ის დაჯარიმდა.
რწმენა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნინო ქადაგიძე მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანია, „მაგრამ ძლიერ რწმენაში არ არის“.
„ასეთ [ღრმა] რწმენაში კარგია, რომ ვიყო, მაგრამ ესეთ ძლიერ რწმენაში არ ვარ. მოძღვარი ნამდვილად მყავს, ვაღიარებ და ვადასტურებ და მის საქმეს ალბათ არ განვიხილავ“, - თქვა მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო.
მისი თქმით, რელიგიის და ქრისტიანული რელიგიის დამსახურებაა მიმტევებლობა, რომელმაც შესაძლოა, მისი, როგორც მოსამართლის გადაწყვეტილება, განსაზღვროს.
„მიმტევებლობამ თუ შეიძლება, რომ ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილებაზე, გიდასტურებთ, რომ მოახდენს“, - განმარტა მან.
ნინო ქადაგიძეს საქართველოს პარლამენტი კენჭს უახლოეს დღეებში უყრის. მას 150 დეპუტატიდან მინიმუმ 76-ის მხარდაჭერა სჭირდება.