საქართველოში ორი უმსხვილესი ბანკი, საქართველოს ბანკი და თიბისი კლიენტებს 3-თვიან საშეღავათო პირობებს სთავაზობს. ორივე ბანკის შემთხვევაში პირობები თითქმის იდენტურია, თუმცა არის განსხვავებებიც. დეტალები რადიო თავისუფლებამ ბანკების წარმომადგენლებთან დააზუსტა.
საქართველოს ბანკი საშეღავათო პერიოდს 12 ივნისამდე მხოლოდ ფიზიკურ პირებს სთავაზობს, თიბისი კი 30 ივნისამდე იურიდიულ პირებსაც. საშეღავათო პერიოდი გავრცელდება სამომხმარებლო, იპოთეკურ, ავტო, სალომბარდე, საკრედიტო და ექსპრეს სესხებზე. გარდა ამისა, განვადებებსა და ოვერდრაფტზე.
ასევე ნახეთ "თიბისიმ" და "საქართველოს ბანკმა" სესხის შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადესსაშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში სესხის გადახდის ვადა გადაიწევს სამი თვით. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ბანკი ამ სამი თვის განმავლობაში გადასახდელ თანხასა და დარიცხულ პროცენტს გადაანაწილებს სესხის ვადის ბოლომდე. თუ თქვენ ბანკში ერთდროულად რამდენიმე სესხი გაქვთ, არ შეგიძლიათ მხოლოდ რომელიმეზე “საშეღავათო პირობებით” სარგებლობა.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში
პირობითად, თუ თქვენ სესხის დასაფარად მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1 000 ლარი უნდა გადაგეხადათ, საიდანაც "ძირი თანხა" 600 ლარი იყო, ხოლო სესხის მომსახურების თანხა (პროცენტი) 400 ლარი, თქვენ სამ წელსა და სამ თვეში 1 200 ლარით მეტის გადახდა მოგიწევთ. ეს თანხა თანაბრად გადანაწილდება 36 თვეზე, ანუ სესხი გიძვირდებათ თვეში 33 ლარით (1 200/36) — ანუ დარჩენილი სამი წელი და სამი თვე 1 000 ლარის ნაცვლად 1 033 ლარს გადაიხდით.
ბანკები კლიენტებს ინფორმაციას დისტანციურად, ოფისში მიუსვლელად მიაწვდიან.