პოლონეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვენ

გდანსკი, პოლონეთი

„ხვალ რომ გვითხრან, გადით ბინიდანო, სად წავიდეთ, არ ვიცით, აღარც ფული გვაქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლონეთის ქალაქ პოზნანში, 5 იანვარს სამუშაოდ წასულმა ოთიკო ბექაიამ, რომელიც საქართველოში 15 მარტს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ მისი თვითმფრინავის რეისი გაუქმდა.

ასევე ნახეთ Wizz Air პოლონეთში ფრენებს აუქმებს გაურკვეველი დროით, კორონავირუსის გამო

ის იქ რამდენიმე ქართველთან ერთად ხორცის ქარხანაში მუშაობდა. უკან დასაბრუნებელი ბილეთებიც მანამდე იყიდა, სანამ კორონავირუსი ევროპაშიც გავრცელდებოდა.

ბინის ფულს ქარხანა იხდიდა, თუმცა გუშინ დამსაქმებელს დაემშვიდობნენ და ბინის მეპატრონესთან დადებულ ხელშეკრულებასაც ვადა გაუვიდა. შინ გამოფრენა კი ვერ შეძლეს.

„თან ბაბუა გარდამეცვალა. სახლში კი, სამტრედიაში მეუღლე, დედა და ორი ბავშვი მელოდება“, - ოთიკოს აღარც ფული აქვს და არც სადმე წასასვლელი. ამიტომ დახმარებას პოლონეთში საქართველოს საელჩოსგან მოელის.

ჩვენი რჩევაა, სანამ ჯერ კიდევ დაფრინავს „ჯორჯიან ეარლაინსის“ თვითმფრინავები პარიზიდან, ვენიდან, ჯერ იქ ჩავიდნენ საკუთარი ხარჯებით ეს მოქალაქეები და მერე პირდაპირი რეისით გამოფრინდნენ საქართველოში. რა რეისებიც გაუქმნდა, იმას აღარაფერი ეშველება...
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი

მის მსგავსად მოლოდინშია, ჩვენი ინფორმაციით, კიდევ 90-მდე ადამიანი. თუმცა, როგორც კორონავირუსის გამო აკრძალული ფრენების შედეგად პოლონეთში ჩარჩენილი ქართველები გვატყობინებენ, მათი რიცხვი იზრდება და სწორედ ახლა დგება სია, თუ ვინ ვერ მოახერხა ნაყიდი ბილეთებით უკან დაბრუნება.

ერთ-ერთი მათგანია გვანცა გვიჩიანიც, რომელიც პოლონეთში ერთი კვირის წინ ტურისტული მიზნებით ჩავიდა. წესით, ისიც დღეს, 15 მარტს უნდა გამოფრენილიყო საქართველოში, მაგრამ გუშინ მანაც მიიღო შეტყობინება, რომ ფრენა გაუქმდა.

„ბევრი ქართველი ვართ აქ. ყველანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჯერ არ ვიცით რა ვქნათ, სად დავრჩეთ და რა ვჭამოთ. ფულიც, ზოგს, შესაძლოა, რამდენიმე დღე ეყოს, ზოგს კი, მოგზაურობის დღეებზე ჰქონდა გათვლილი და საერთოდ აღარ აქვს“, - უთხრა გვანცამ რადიო თავისუფლებას.

პოლონეთში მყოფმა კიდევ ერთმა ქართველმა (მან ანონიმურობა არჩია), გვითხრა, რომ საელჩოს უკვე დაუკავშირდნენ, მათ ჩაიწერეს სახელები და გვარები, თუმცა კონკრეტული პასუხი, თუ რით შეძლებენ პოლონეთში დარჩენილების დახმარებას, არ მიუციათ.

„გვესმის მიმდინარე პროცესების ფონზე არ იქნება მარტივი უახლოეს დღეებში ჩვენი ქვეყანაში დაბრუნება, მაგრამ ვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება და დაგვინიშნონ ფრენა“, - გვითხრა გვანცამ.

პოლონეთში ჩარჩენილმა საქართველოს მოქალაქეებმა ერთგვარი საორგანიზაციო ჯგუფი შექმნეს და ცდილობენ იქ მყოფ ყველა ქართველს მიაწვდინონ ხმა, თუმცა ჯერჯერობით, არანაირი კონკრეტული გზა, თუ როგორ დაბრუნდნენ უკან, მათ არა აქვთ. ისინი გეგმავენ დაზუსტებული სია საელჩოს გადასცენ და დაელოდონ, თუ რას ურჩევენ მათ.

„ერთი, რაც უკვე გვირჩიეს, გერმანიაში გადასვლა და ბერლინიდან გამოფრენაა, თუმცა 6 აპრილამდე არც ბერლინიდან არის ფრენები“, - უთხრა გვანცა გვიჩიანმა რადიო თავისუფლებას.

ჩვენ დავრეკეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე, სადაც გვიპასუხეს, რომ პოლონეთის შემთხვევაში, დამაიმედებელს ბევრს ვერაფერს გვეტყვიან.

ასევე ნახეთ დავით ზალკალიანი: მობილიზებულია ყველა საელჩო და საკონსულო

როგორც გვითხრეს, საელჩოებს შეუძლიათ იქ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ ინფორმაციით მოამარაგონ - ბილეთს მათ ვერავინ უყიდის.

„ჩვენი რჩევაა, სანამ ჯერ კიდევ დაფრინავს „ჯორჯიან ეარლაინსის“ თვითმფრინავები პარიზიდან, ვენიდან, ჯერ იქ ჩავიდნენ საკუთარი ხარჯებით ეს მოქალაქეები და მერე პირდაპირი რეისით გამოფრინდნენ საქართველოში. რა რეისებიც გაუქმნდა, იმას აღარაფერი ეშველება, ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ პირდაპირ ფრენებს, სანამ ისინიც არ შეწყვეტილა“, - ასე გვიპასუხებს ცხელ ხაზზე.

რადიო თავისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა - დაგვპირდნენ, რომ საკითხს გაარკვევენ და გვიპასუხებენ.

15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა რომ ყველა საელჩოსა და საკონსულოს ზუსტი ინსტრუქცია აქვს მიცემული თუ რა მომსახურება უნდა გაუწიონ მათ ევროპის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დასაბრუნებლად.