სწორი სასწორი და საწყაო

ჯერ კიდევ ანტიკური სამყაროს ნატურფილოსოფოსებმა იცოდნენ, რომ ბუნება ირჩევს უმოკლეს და უიოლეს გზას, რომელიც ჩვენ შემთხვევაში პროპორციული საარჩევნო სისტემაა!

ეს სისტემა ყველაზე ზუსტად ასახავს ამომრჩეველთა განწყობას და პარტიების მხარდაჭერას; ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს პარტიების თანაბრობას - ეს იციან როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ პარტიაში, მათ შორის იციან იმათმაც, რომლებმაც არცოდნა დაიბრალეს: დიმიტრი ხუნდაძემ, დაჩი ბერაიამ და სხვებმა.

მაშ რატომ გახდა საჭირო მრავალთვიანი ქუჩის აქციები და დაძაბული მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ამ სისტემის (მსგავსი 120/30-ის) შესათანხმებლად?

სასწორის ამბავი უნდა იყოს: ერთია, რას იწონის რეალურად ნივთი და მეორე, რას აჩვენებს სასწორი!

პროპორციულის გარდა, ყველა სასწორი არაზუსტია, არაზუსტი სასწორი კი, მარტივი ჭეშმარიტებაა, მხოლოდ სასწორის პატრონს აწყობს.

„სასწორის პატრონს“ ჰქონდა საკმარისი დრო, მატერიალური საშუალებები, ადმინისტრაციული რესურსი და ყველა სახის ძალაუფლება იმისთვის, რომ დაეძლია ქვეყნის წინაშე არსებული ორი უმთავრესი გამოწვევა: დაემარცხებინა სიღარიბე და დაემკვიდრებინა კანონის უზენაესობა!

ცხადია, ეს გამოწვევები არამხოლოდ უმთავრესი, არამედ ურთულესიც არის და, შესაბამისად, პოლიტიკური ლიდერისგან გამორჩეულ ნიჭს და არანორმალურ ძალისხმევასაც მოითხოვს, მაგრამ ლიდერმა მისი პარტიისთვის (არსებითად მისთვის) მიცემული 8 წლიდან მხოლოდ 1 წელი გამოიყენა, როცა 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იმუშავა.

ვერ ვიტყვით, ეფექტიანადო, მაგრამ, ავად თუ კარგად, ფორმალურად იმუშავა მაინც...

მერე ადგა და თავისი გასაკეთებელი საქმე, დაპირებების შესრულება, მათ შორის სიღარიბის დაძლევა, კანონის უზენაესობის დამკვიდრება და ა.შ. სხვებს გადააბარა.

ეს სხვები ხან ღარიბაშვილი იყო, ხან კვირიკაშვილი, ხან ბახტაძე და ხანაც გახარია...

თვითონ მეტი დრო დაუთმო ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, ჯანმრთელობაზე ზრუნვას; ალბათ, საკუთარ ზოოპარკსაც შემატა ერთი-ორი ბინადარი, დენდროლოგიური პარკისთვისაც გადაიტანა გიგანტური ხეები და ა.შ. სიღარიბე კი ისევ დასამარცხებელი დარჩა, კანონის უზენაესობაც ძველებურად მიუღწეველია, არადა 2020 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემულ მანდატს ვადა გასდის, მანდატის გასაახლებლად კი ამომრჩევლის მხარდაჭერაა საჭირო.

და რას შეძლება ეფუძნებოდეს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის (ლიდერის) მხარდაჭერა თუ არა წარსულის ანალიზს?

2012 წლის ოქტომბერში „წარსული“ ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოკავშირე იყო, 2020 წლის ოქტომბერში კი ასე არ არის!

2012 წლის ოქტომბერში „წარსული“ შედგებოდა ბიძინა ივანიშვილის უკიდეგანო ქველმოქმედებისგან და „ნაციონალური მოძრაობის“ „სისხლიანი ცხრა წლისგან“.

2020 წელს კი „წარსული“ ძირითადად შედგება „ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებებისგან, ვერდამარცხებული სიღარიბისგან, შერჩევითი სამართლისგან, გაზრდილი კორუფციისგან, „გავრილოვის ღამისგან“, დათხრილი თვალებისგან და ა.შ. უკანასკნელმა 8 წელმა ასევე საგრძნობლად გაახუნა როგორც ივანიშვილის ე.წ. ქველმოქმედება, ასევე „სისხლიანი ცხრა წელი“, რადგანაც გასაკვირი არაა, თუ შორეულ წარსულს, ახლო წარსული ჩამოეფარა.

ასეთი „წარსულით“ ძნელია მანდატის განახლებისა და სასწორის პინის შენ მხარეს გადახრის იმედი გქონდეს თუ, რა თქმა უნდა, სასწორი მოშლილი არ არის. არადა, მოშლილი საარჩევნო სასწორი არა მარტო სინამდვილეს ამახინჯებს, არამედ პოლიტიკური დესტაბილიზაციის წინაპირობასაც ქმნის.

არჩევნები წერტილს უნდა უსვამდეს პოლიტიკური პროცესის დაძაბულ, აგრესიულ ნაწილს. ყველა ხვდება, რომ შეუთანხმებელი, პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის გარეშე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით არაფერი არ დასრულდებოდა. პირიქით, დაიწყებოდა ბევრად აგრესიული, დესტაბილიზაციის ზღვარზე გამავალი პოლიტიკური პროცესი, რომელიც რამდენიმე წლით უკან გადაისროდა მთელ ქვეყანას.

8 მარტის შეთანხმებით ხელისუფლებაც (მმართველი პარტია) დააღწევს თავს მოჯადოებულ წრეს და აღარც მას მოუწევს თავის დაცვა ხშირ შემთხვევაში ისეთი ბლაგვი და ცინიკური მეთოდებით, როგორიც ყველამ ვნახეთ თუნდაც ნაახალწლევს, რუსთაველის გამზირზე, სადაც პოლიტიკური მიზანშეწონილობით აიყარა ქვაფენილი და შემოიღობა პარლამენტის მიმდებარე მოედანი, რომელიც ვოლგოგრადის ცნობილი „პავლოვის სახლივით“ დგას დანგრეული და დაფხავებული აგერ უკვე მესამე თვეა.

8 მარტის შეთანხმებამ აზრი დაუკარგა საპროტესტო აქციების განახლებას და შესაბამისად თბილისის მერსაც შეუძლია თამამად დააგოს ახალი ან ძველი ქვაფენილი, რომელსაც არც არაფერი სჭირდა ასაყრელი, რომ არა საპროტესტო აქციებისათვის ხელშეშლის სურვილი.

ერთი სიტყვით, კარგი რამეა გამართული სასწორი და განა მარტო არჩევნებისთვის? მთელი სისტემა უნდა მუშაობდეს გამართული სასწორივით, რამეთუ, როგორც ძველი აღთქმის იგავნი სოლომონისანი გვეუბნება, სწორი სასწორი და საწყაო უფლისაა!