კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიულ კურსზე დარჩენა“ შეერთებულ შტატებში, გერმანიის მარშალის ფონდში 25 თებერვალს გაიმართა. ამერიკელი ექსპერტები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ტელეხიდით ესაუბრნენ.
ტელეხიდში საქართველოდან საერთაშორისო გამჭირვალობის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკა მეტრეველი და დემოკრატიის და სამართლიანი არჩევნების საერთაშირისო საზოგადოების (ISFED) დირექტორი მიხეილ ბენიძე მონაწილეობდნენ.
საუბრის მთავარი თემა პროპორციული არჩევნები და პოლიტიკური ოპონენტების დაკავება იყო.
„ვფიქრობ, ამერიკის მთავრობის და კონგრესის წევრების მხრიდან ნათელი განცხადებები გაკეთდა, სადაც საუბარი იყო შეშფოთების მიზეზებზე, როგორიცაა საარჩევნო რეფორმაზე წინსვლის ნაკლებობა, დაკავებებზე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულად გამოიყურება, და სასამართლო სისტემის გამოწვევებზე, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თაობაზე. ეს საკითხები რამდენიმე წერილში იყო ხაზგასმული. საქართველოს მთავრობისგან, შეერთებულ შტატებს და საქართველოს პარტნიორებს სურთ იხილონ საარჩევნო რეფორმაზე გაცემული საკუთარი დაპირების შესრულება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. დღეს ამას არანაირი საზომით არ უჩანს პირი“, - უთხრა ჯონათან კაცმა, გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს, ანი ჩხიკვაძეს ტელეხიდის დასრულების შემდეგ.
კაცი ამბობს, რომ დასავლეთის მიზანი ქართული საზოგადოების მხარდაჭერაა.
„დასავლეთს სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს, მაგრამ არსებობს მზარდი შეშფოთება. ადგილზე, თბილისში, ელჩების და სხვა დიპლომატების მცდელობა ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ ქმნის შესაძლებლობას. ბევრის აზრით ეს [ჩიხი] საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სვლას ემუქრება და უხსნის კარს კრემლის მეტად ჩარევის მცდელობას. ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის და მათი სურვილის, რომ დემოკრატიაში იცხოვრონ და მათი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის. ახლა მთავრობაში მყოფი ხალხის და ოპოზიციის ჯერია, რომ დასხდნენ და გამოსავალი იპოვონ. საქართველოსთვის ეს კრიტიკული მომენტია და თუ ეს პრობლემები არ გადაწყდება ამას გრძელვადიანი შედეგები ექნება“, - თქვა მან.
ჯონათან კაცის თქმით, საქართველოში პოლიტიკური მოვლენების მომავალი განვითარება დარჩება დასავლეთის ყურადღების ცენტრში. მან აღნიშნა, რომ თუ საარჩევნო სისტემის გარშემო შეთანხმება ვერ მოხერხდება, „ქართულ ოცნებას“ დასავლელი პარტნიორებისთვის გაუჭირდება იმის ახსნა, „თუ რატომ აყენებს პარტიის და ცალკეული პირების ინტერესებს ქვეყნის ინტერესების წინ“.
„იმ განცხადებებიდან, რომელიც ვიხილეთ, ჩანს, რომ დასავლელი პარტნიორები არ აიგნორებენ [საქართველოში] მიმდინარე მოვლენებს და ველი, რომ ზეწოლა და მთავრობის ჩართულობისკენ მოწოდება არ დასრულება. თუ ეს „სტატუს კვო“ შენარჩუნდება, საქართველოსთვის და განსაკუთრებით ქართული ოცნებისთვის, უფრო და უფრო რთული გახდება აუხსნას მის პარნტიორებს, რომ რასაც ახლა აკეთებენ ამას საქართველო სწორი მიმართულებით მიჰყავს. ცალკეული პირების და პარტიის ინტერესების საქართველოს და ქართველი ხალხის წინ დაყენება დასავლელი პარტნიორებისთვის გაუგებარია“, - აცხადებს კაცი.
შეხვედრას ესწრებოდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი მირიამ ლანსკოიც. ლანსკოიმ „ამერიკის ხმასთან“ საუბარში პლურალისტური პოლიტიკური გარემოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
„საქართველოს, დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ერთი პარტიის დომინირების და მმართველობის ისტორია აქვს. ერთი პარტია აკონტროლებდა მთავრობის ყველა შტოს და ნაწილს, პრეზიდენტიდან დაწყებული მოსამართლეების დანიშვნით დამთავრებული. ეს რომ შეიცვალოს და შეიქმნას კოალიციის და კომპრომისების შესაძლებლობა, მოხერხდეს იმ პოლარიზაციის დასრულება რაც დღესაა, ამისთვის საჭიროა ახალ და განსახვავებულ მოთამაშეებს მიეცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ პოლიტიკაში. გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობას არ მოსწონს მმართველი პარტია, მაგრამ არ მოსწონს ასევე ტრადიციული ოპოზიცია. მათ სურთ ახალი შესაძლებლობები და ვარიანტები ქონდეთ. მონაწილეებმა დღეს კარგად აღნიშნეს, რომ პროპორციული სისტემა საჭიროა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა მიეცეთ ახალ ადამიანებს და მოძრაობებს, რათა ისინი პოლიტიკაში ჩაერთონ... ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ მთავრობა ძალაუფლებას დაკარგავს, ეს ნიშნავს ეტაპობრივად უფრო მეტი მოთამაშის ჩართულობას“, - ამბობს ლანსკოი.
გასული წლის დეკემბრიდან დასავლეთიდან წამოსულ მკაცრ სიგნალებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძირითადად ოპონენტების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას მიაწერდა.