ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პარლამენტში დაბრუნებას იმ შემთხვევაშიც არ აპირებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მის სარჩელს დააკმაყოფილებს და არაკონსტიტუციურად ცნობს პარლამენტის მიერ 2019 წლის 12 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ამ შინაარსის განცხადება ნიკა მელიამ 14 თებერვალს გააკეთა, საკონსტიტუციო სასამართლოში მისი სარჩელის არსებითი განხილვის დროს.

„უბრალოდ, მაინტერესებს, სადმე შეიძლება თუ არა ჩემი, როგორც მოქალაქის, როგორც ყოფილი თანამდებობის პირის უფლება აღდგეს. უფლება, რომელიც მტკიცედ მჯერა, რომ შეილახა“, - უთხრა მოსამართლეებს ნიკა მელიამ.

სხდომის დაწყებამდე კი, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მყოფ ჟურნალისტებს მელიამ განუცხადა, რომ აინტერესებს, რა დოზით აქვს გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე ბიძინა ივანიშვილს. ნიკა მელიას მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, ქვეყნის კონსტიტუცია პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას უშვებს მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობისას. მოსარჩელის პოზიციით, სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, თუმცა პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე და დაარღვია კონსტიტუციის მოთხოვნა.

ამასთან, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით დაუსაბუთებლად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან და დაერღვა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა მელიას ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ

გიორგი გოცირიძე

აღსრულებულა ჯარიმის ნაწილში და ამ შემთხვევაში, სააღსრულებო სამსახური ელოდება საქმეზე უზენაესი სასამართლოს - საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილებას: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან ჯარიმის ნაწილში ხელისუფლება არ თვლის სასამართლო გადაწყვეტილებას საბოლოო ძალაში შესულად და ელოდება გასაჩივრების მექანიზმების ამოწურვას. მაშინ როდესაც, თანამდებობის დაკავების უფლების ნაწილში, რატომღაც, საქართველოს პარლამენტმა მიიჩნია საბოლოოდ ძალაში შესულად“.

საკონსტიტიციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის ინტერესების დამცველმა ქრისტინე კუპრავამ საპასუხოდ თქვა, რომ საკითხი უნდა განიხილონ როგორც კონსტიტუციურ სამართლებრივ, ასევე სისხლის სამართლის ჭრილში. კუპრავამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის მიზნების განხორციელებისთვის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ცნებაში სწორედ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი იგულისხმება და არა ისეთი განაჩენი, რომლის გასაჩივრების მექანიზმი ჯერ არ ამოწურულა. საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტა კი,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

პარლამენტის წარმომადგენლის მოსაზრებით, გამოიწვევდა განაჩენის გამოცხადებისთანავე მისი აღსრულების შეუძლებლობას: „მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ შემთხვევა, როდესაც უტყუარი მტკიცებულებებით, ვიდეოჩანაწერებით, ექსპერტის დასკვნით და მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდება დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც სასამართლომ შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. იმ შემთხვევაში, თუ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ცნებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მოვიაზრებთ და მოვიაზრებთ იმ განაჩენს, რომლის გასაჩივრების მექანიზმები არ არის ამოწურული, შედეგად მივიღებთ, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება აღსრულებაში ვერ მიექცევა. ამ დროს კი, ბრალდებულს უჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ გასაჩივრების მექანიზმის გამოყენებით სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის, შესაბამისად, მისი აღსრულება მაქსიმალურად გააჭიანუროს“.

თავის მხრივ, ნიკა მელიას მხარემ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, სისხლის სამართლის კოდექსში ჩანაწერი როგორ უნდა იყოს გაგებული კონსტიტუციის მიზნებისთვის. ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლოს სხდომაზე თქვა, რომ „არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ კონსტიტუციური მიზნებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა დატვირთვა აქვს ქვემდგომ სამართლებრივ აქტში ამა თუ იმ ფრაზას. მაგალითად, თუ სისხლისსამართლებრივი მიზნისთვის კანონიერ ძალაში შესვლად ითვლება გამოცხადებისთანავე განაჩენი, ეს არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად იყოს გათვალისწინებული, როდესაც საქმე ეხება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას“.

მოსარჩელე მხარეს იმედი აქვს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს 10 მარტამდე, სანამ ნიკა მელიას საქმეს პასუხს უზენაესი სასამართლო გასცემს.

საქართველოს პარლამენტმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს, 88 დეპუტატის მხარდაჭერით შეუწყვიტა. უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე. 2019 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ნიკა მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს და კიდევ ათამდე პირს ბრალი 2012 წლის ბოლოს წაუყენეს. გამოძიებამ მელიას და ადეიშვილს ბრალად დასდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება და ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ნიკა მელიას პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაც გასაჩივრებული აქვს.