საქართველოს პრეზიდენტის აპარატმა პატიმართა შეწყალების ახალი წესი შეიმუშავა. ეს ის წესია, რომლის შეცვლის აუცილებლობაც დაასახელა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმის მიზეზად.
ახალ წესში აღარსად მოიხსენიება შეწყალების კომისია - შეწყალების საქმეებს განსახილველად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახური მოამზადებს.
2019 წლის 26 ნოემბრის პრეზიდენტის №556 ბრძანებულების თანახმად შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულება.
რა შეცვალა პრინციპულად პრეზიდენტმა შეწყალების წესში?
ამ წესის ამოქმედებით დასრულდება თუ არა მორატორიუმი?
და შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომლის შეწყალების მოთხოვნით სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ეკლესიის სინოდმა სწორედ ამ მორატორიუმი ფონზე, 2019 წლის 31 ოქტომბერს მიმართა?
ასევე ნახეთ წმინდა სინოდი დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავსრას გულისხმობს შეწყალების ახალი წესი?
შეწყალების უფლების გამოყენებისას პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს
ა)
- დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი;
- დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი;
- მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება;
- ოჯახური და ეკონომიკური პირობები;
- ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- ასაკი;
- სასჯელის მოხდის ვადა;
- ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის;
- წარსულში მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემა;
- ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს;
- დაზარალებულის მოსაზრება;
- მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება;
ბ)
- მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება;
- მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა;
- ოჯახური დანაშაული, ოჯახში ძალადობა, აგრეთვე,
- დანაშაული ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ბავშვის ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ;
გ)
- მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის მიმართ, დაკავშირებული მათ მიერ სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან;
დ)
- დანაშაული ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო.
ახალი წესის თანახმად, იმ პატიმრების შეწყალების საკითხი, ვისი პირადი საქმეებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულია 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ახალი ბრძანებულების ამოქმედებამდე, განიხილება თუ ისინი აკმაყოფილებენ წინა წესდების:
- მე-2 მუხლის მე-2–მე-9 პუნქტებით დადგენილ პირობებს;
- ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობას, რომელზეც გავრცელდება ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობა.
ხოლო იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომელთა პირადი საქმეები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოდგენილია 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე და რომელთა მიმართაც 2020 წლის პირველ იანვრამდე არ გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შეწყალების თაობაზე, განიხილება ასეთი თხოვნის ხელახლა წარმოდგენისას, ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესით.
ასევე ნახეთ ვინ დაუდო მაგიდაზე პრეზიდენტს შეწყალების სია?შეწყალების უფლებას საქართველოს პრეზიდენტს აძლევს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება გამონაკლისის სახით.
შეწყალების წესში განმარტებულია, რომ შეწყალების უფლება - ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.
ვისი შეწყალების საქმეს არ განიხილავს პრეზიდენტი?
იმ მსჯავრდებულის, რომელსაც:
ა) შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით 20 წელი; (შეწყალების წინა წესის თანახმად, მსჯავრდებულს მოხდილი უნდა ჰქონოდა 15 წელი).
ბ) რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი; (ეს წინა წესდებაშიც ასე იყო).
გ) რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი; (წინა წესის თანახმად, პატიმარს მოხდილი უნდა ჰქონოდა აღკვეთის ვადის ნახევარი).
დ) რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მეოთხედი; (წინა წესდებით მოხდილი უნდა ჰქონოდა ვადის ერთი მესამედი).
ე) რომელიც იყო მსჯავრდებული წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი; (წინა წესდებით, პატიმარს მოხდილი უნდა ჰქონოდა ვადის ნახევარი).
ვ) რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი; (ეს წინა წესდებაშიც ასეა).
ზ) რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი; (ეს პუნქტი წინა წესდებაშიც ასე იყო).
თ) რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი; ( ეს პუნქტი წინა წესდებაშიც ასე იყო).
ი) რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა; (ეს პუნქტიც წინა წესდებაში იდენტური იყო).
კ) რომელიც არ ითხოვს შეწყალებას. (ეს პუნქტიც წინა წესდებაში ასე იყო ფორმულირებული).
გამონაკლისია, თუ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი.
ახალ წესდებაში არ არის ქვეთავი შეწყალების კომისიის წევრთა ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე იმ მარტივი მიზეზით, რომ შეწყალების კომისია აღარ არსებობს - ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის იანვარში გააუქმა.
საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს განსახილველად ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური.
ვინ მიმართავს პრეზიდენტს თხოვნით?
ეს უფლება აქვს იმ პირს, რომელიც:
- მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე;
- ასევე იმ პირს, რომელიც მსჯავრდებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე.
- ან სხვა ნებისმიერ პირს.
მიმართვიდან ერთ თვეში სამსახური შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს საჭირო დოკუმენტაციას, რომელშიც შედის განაჩენი, ჰანმრთელობის ცნობა, სასამართლოს გადაწყვეტილებები და ა.შ. - ახალი წესის 3 მუხლის 4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
შესაბამის სამსახურებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურისათვის დოკუმენტების მისაწოდებლად ორკვირიანი ვადა აქვს.
შეწყალების ახალი წესი ასევე ითვალისწინებს საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამის შექმნას, რომელიც მოიცავს შეწყალების მოსურნე ყველა პატიმრის სრულ ინფორმაციას. ამ პროგრამასთან წვდომა აქვთ ადმინისტრაციისა და სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს.
შეწყალების სკანდალი
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი 2019 წლის 118 სექტემბერს, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მის მიერ შეწყალებულთა სიაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავებული პირები აღმოჩნდნენ.
აგვისტოს მიწურულს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მან, პირადი გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე და გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რასაც პრეზიდენტის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა და მის შესაძლო იმპიჩმენტზეც კი დაიწყო საუბარი.
ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების მიზეზად დაასახელა ის, რომ საჭირო იყო შეწყალების წესების გადახედვა და ახალი წესის შემუშავება.
როგორ იღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტი?
პრეზიდენტს შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაცია გაიაროს შესაბამისი უწყებებთან ან დარგის წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტს შეუძლია ამ წესის დაუცველადაც მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
პრეზიდენტს შეუძლია პატიმრის:
- უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება;
- შეფარდებული სასჯელის შემცირება ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა.
- ნასამართლობის მოხსნა.
პრეზიდენტის განკარგულებაში შეწყალების შესახებ მითითებული უნდა იყოს შეწყალებული პირის ბიოგრაფიული მონაცემები, სასამართლო განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზეც ეს პირი იქნა მსჯავრდებული, შეწყალების ღონისძიების სახე.
თუ პრეზიდენტი არ გამოსცემს შეწყალების შესახებ განკარგულებას კონკრეტულ პირზე - ეს ნიშნას უარს თხოვნაზე.
განმეორებით მსჯავრდებულს შეუძლია შეწყალების თხოვნით მიმართოს პრეზიდენტს ექვსი თვის შემდეგ.
როდის იგებს მსჯავრდებული პრეზიდენტის პასუხს?
მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
ასევე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
უარის შემთხვევაში, პენიტენციურ სამსახურს პასუხი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
პენიტენციური სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა ინდივიდუალურად და კონფიდენციალურობის დაცვით აცნობებს თითოეულ მსჯავრდებულს.
მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ პრეზიდენტის განკარგულება სასჯელის აღმასრულებელი ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა აღასრულოს და აცნობოს პრეზიდენტის სამსახურს.
გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?
ახალი წესი უკვე არსებობს, მაგრამ როგორია ის? უკეთესი თუ უარესი? რადიო თავისუფლებამ წინა წესთან შეწყალების ახალი წესის შედარება რამდენიმე სპეციალისტს სთხოვა, თუმცა ისინი ჯერ დოკუმენტს არ გასცნობიან და კვალიფიციური შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
შეწყალების უფლებამოსილების საკითხს სწავლობდა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.
ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის შეფასებით, მათი ერთ-ერთი მთავარი დასკვნა ის იყო, რომ შეწყალების კომისიის არსებული მოდელი უნდა გაუმჯობესებულიყო. ის, რაც მოხდა ახლა, მისი აზრით, მხოლოდ აუარესებს ვითარებას:
"შეწყალების კომისია დარჩა გაუქმებული. შეწყალების საქმეების განხილვის არეალიც უფრო დაავიწროვა და ადმინისტრაციის სამსახურს ჩააბარა. ჩვენ არ ვიცით ეს „სამსახური“ რომელმაც ჩაანაცვლა კომისია, რამდენად იქნება დაკომპლექტებული კვალიფიციური ექსპერტებით. კომისია იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მის შემადგენლობაში ყოფილიყვნენ ავტორიტეტული, სანდო ადამიანები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის ეს კონკრეტული გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ დააყენებს შეწყალების უფლებამოსილების გამჭვირვალობას და კი არ შეამცირებს, არამედ გაზრდის იმ საფრთხებს, რის გამოც მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული“, - უთხრა ალეკო ცქიტიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ცქიტიშვილის შეფასებით, საყურადღებოა, რომ ახალ წესში განმარტებულია თუ რას ეფუძნება შეწყალების აქტი ზოგადად - საუბარია ჰუმანიზმის პრინციპსა და სახელმწიფო ინტერესებზე, თუმცა მიისივე შეფასებიტ ეს დისკუსიის საგანია, რამდენად უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ამ ორ პრინციპის შეწყალება.
თუმცა, ალეკო ცქიტიშვილი ამბობს იმასაც, რომ შესაძლოა, დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი, სწორედ სახელმწიფო ინტერესების პრინციპიდან გამომდინარე გადაწყდეს. თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს თავად პრეზიდენტს როგორ ესმის სახელმწიფო ინტერესების პრინციპის განმარტება.
შეიწყალებს თუ არა დეკანოზ მამალაძეს ზურაბიშვილი?
იმისთვის, რომ პრეზიდენტმა დეკანოზ მამალაძის საკითხი განიხილოს, ჯერ მორატორიუმი უნდა შეწყვიტოს - როდის გადაწყვეტს ამას სალომე ზურაბიშვილი - ეს ცნობილი არ არის.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: მიკვირს, რატომაა ინტერესი ერთ ადამიანზებოლო კომენტარი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილმა ნოემბერს გააკეთა და თქვა, რომ „სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულიაო“
"ციანიდის საქმე"
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ წარდგენილი - სსკ-ის 18-109 მუხლი 18-108 მუხლით გადააკვალიფიცირა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადებაში დაედო ბრალი. ამასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2-წლიანი პატიმრობა იარაღის ნაწილშიც მიესაჯა.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავდაპირველად, ბრალად ედებოდა საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, მას ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.
თუმცა, იძლევა თუ არა შეწყალების ახალი წელი დეკანოზის შეწყალების შესაძლებლობას? ეს შეკითხვა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს დავუსვით.
ადვოკატი ამბობს, რომ დეკანოზ მამალაძის შეწყალების მოთხოვნის პირობები ვერ აკმაყოფილებს შეწყალების ახალი წესის მოთხოვნებს. დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, არ მოუხდია სასჯელის ორი მესამედი ანუ ის ზომა, რაც მითითებულია შეწყალების ახალი წესის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში.
„ჩემი აზრით, შექმნილია ისეთი ვითარება, რომ პასუხისმგებლობა აცილებული აქვს როგორც საპატრიარქოს, ისე ხელისუფლებას. ანუ საპატრიარქოს მიმართვას აზრი დაკარგული აქვს, რადგან შეწყალების წესში პირდაპირ წერია, რომ არ განიხილავს პრეზიდენტი იმ მსჯავრდებულის საქმეს, ვისაც სასჯელის ორი მესამედი არ აქვს მოხდილი“.
მიხეილ რამიშვილმა გვითხრა, რომ შეწყალების თხოვნაზე წინა მიმართვებზე (როცა შეწყალების ძველი წესი მოქმედებდა), მათ პრეზიდენტისგან არანაირი პასუხი არ მიუღიათ. თუმც კი შეხვდნენ შეწყალების კომისიის წევრებსაც და მათ არაფერი უთქვამთ იმის თაობაზე, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შეწყალების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა და ამ განცხადების პრეზიდენტამდე მისვლას რეკომენდაციას ვერ გაუწევდნენ.
დეკანოზ მამალაძეს შეწყალებაზე ჯერ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და შემდეგ მოქმედმა, სალომე ზურაბიშვილმა სამჯერ უთხრეს უარი.
პს: რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის პრესსამსახურს ჰკითხა, როდის შეწყვეტს სალომე ზურაბიშვილი მორატორიუმს შეწყალებაზე. პასუხს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ამ დრომდე ველით.