პანკები ნახევარ განაკვეთზე

ვინც კი რაიმე სუბკულტურის წევრი ვყოფილვართ, ყველას გვყოლია „შემოკედლებული სასტავები“ - ვისაც თავი ჩვენიანად მიაჩნდა, ჩვენ კი მათ ზემოდან ვუყურებდით.

„როკის მსმენელი“ ტიპები, მაგალითად, რომლებისთვისაც როკი „აეროსმითით“ და ბრაიან ადამსით შემოიფარგლებოდა. (ერთიც მიყვარს და მეორეც, მაგაზე არაა...) ანდა „მეტალისტები“, რომლებიც „სკორპიონზს“ და „ბონ ჯოვის“ უსმენდნენ.

დღეს უფრო კლუბში მოსიარულე ხალხი განსჯის ხოლმე ერთმანეთს. ზოგი ტექ-ჰაუსის მსმენელებს აძაგებს. სხვები მინიმალ ტექნოს მიიჩნევენ მოძველებულად. ყველა ერთად თანხმდება, რომ ტრანსის ადგილი საკუთრი თავის პატივისმცემელ კლუბში არაა...

წლების განმავლობაში უამრავი სიმღერა დაწერილა ამ „შეკედლებულებზე“. ახალგაზრდებზე, რომლებმაც შენი მუსიკის შენი საყვარელი სტილი გუშინ გაიგეს ან შენს სუბკულტურას შენზე გვიან ეზიარნენ - after it was cool.

მსგავსი სიმღერებიდან ჩემი საყვარელი არის ეს - Television Personalities - Part Time Punks.

სიმღერა შორეულ 1977 წელს ჯგუფის ლიდერმა დენ ტრისიმ დაწერა. 17 წლისა იყო. თავად ახალი მოსმენილი ჰქონდა „სექს პისტოლზისთვის“ და უნდოდა, რაღაც მსგავსი ეკეთებინა. ოღონდ რეპეტიცია და ეგეთები საჭიროდ არ მიაჩნდა - მუსიკა სინაღდეს დაკარგავსო. თან, ალბათ ეზარებოდა კიდეც.

სიმღერაში „ნახევარი განაკვეთის პანკები“ არიან აღწერილნი, რომლებმაც წინა დღით ჯონ პილის რადიოპროგრამაში Siouxie and the Banshees მოისმინეს და დღეს პანკების უბანს, ქინგს როუდს მოაწყდნენ. სახლში მუსიკას ხმამაღლა რთავენ და კედლებს ეხეთქებიან, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც დედიკო სამსახურში წავა. ავტობუსში ყველაზე იაფიან ბილეთებს იღებენ, კბილებს არ იხეხავენ (ყველაზე იოლი გზაა ნამდვილი პანკ-კბილების მისაღებად!), სამაგიეროდ „ქლეშის“ კონცერტის ბილეთის ფული მოაგროვესო.

სასაცილო სიმღერაა. მთელი მუღამი, ჩემთვის, კი ტექსტის ირონიულობაა. დენ ტრისი, კიდევე ერთხელ, 17 წლის იყო. სიმღერის ჩასაწერად ფული დედიკომ ასესხა. და პანკის მოსმენა მასაც რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა დაწყებული.

ერთ ინტერვიუში ჰკითხე კიდეც - რა, თავად არ ხარ პანკი ნახევარ განაკვეთზეო? სიცილით მოკვდა - აბა რა ვარ, მე კიდევ სხვებზე უარესი ვარ - თქვენს ჟურნალში ვკითხულობ რეცენზიებს და მანდედან ვიგებ, რას უნდა მოვუსმინოო.

სერიოზულად რომ ემღერა ზუსტად იგივე სიმღერა, არაფრად ივარგებდა.

Television Personalities-მა ოთხმოციანი წლებიდან დღემდე ბლომად ალბომები ჩაწერა. ჯგუფის წევრები სულ იცვლებოდნენ - მთავარი დენ ტრისი იყო, დანარჩენები მიდი-მოდიოდნენ. დროდადრო პაუზას იღებდნენ - ტრისის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან პრობლემები აქვს, რასაც ნარკოტიკებიც ემატება და დროდადრო რთული პერიოდი უდგას ხოლმე. 6 წელი ციხეში იჯდა ქურდობისთვის. გამოვიდა და, 2006 წელს, ახალი ალბომი ჩაწერა. რეცენზიები კარგი ჰქონდა, თუმცა მაინცდამაინც არავის მოუსმენია.