არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) განცხადებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს პარტიული აქტივისტების მხრიდან აგიტაციისა და მოსული ამომრჩევლებისთვის მხარდამჭერების მოყვანის დავალების შემთხვევები. ბენიძის თქმით, მსგავსი მეთოდებით მოქმედებენ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოწმობის მქონე პირებიც. „აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ. „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და კანდიდატებს, ასევე სხვა ორგანიზაციებს, ვინც მსგავს პრაქტიკას მიმართავს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საარჩევნო უბნების წინ ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მცდელობები.