აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფი რუსი ულტრანაციონალისტების სახე და სახელი

უკრაინა, სლავიანსკის მახლობლად.

კრემლი ბევრს ლაპარაკობს „ფაშიზმზე“, რაც, ვითომცდა, უკრაინაში მძვინვარებს, მაშინ როცა რუსეთის ულტრანაციონალისტური დაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში არეულობებს აღვივებს.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ალექსანდრ ბოროდაი ნაციონალისტური მიდრეკილების მქონე ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური კონსულტანტი გახლდათ. 1993 წელს იგი იმ მკაცრი კურსის მომხრეებს შორის იყო, რომლებიც რუსეთის თეთრ სახლში გამაგრდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პრეზიდენტ ბორის ელცინის კურსს. როგორც ულტრანაციონალისტური გაზეთ „ზავტრას“ მუდმივი ავტორი, 2011 წელს პატრიოტული ინტერნეტარხ „დენ-ტვ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. აი, ასეთი ბიოგრაფიის კაცი გასულ თვეში თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაასახელეს. სწორედ ალექსანდრ ბოროდაი ჰყავდა მხედველობაში ცნობილ პოლიტიკურ კომენტატორსა და ტელეწამყვანს ევგენი კისილიოვს, როდესაც ასეთი რამ განაცხადა:

„რუსეთის ისტორიამ ბოლო თვეების განმავლობაში ერთობ გასაოცარი შემობრუნება განიცადა და გუშინდელი მარგინალიები პოლიტიკის მეინსტრიმად გადაიქცნენ“.


ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მოხალისეების კოორდინირება და გაგზავნა სხვა ხალხის მიერ ხდება და არა იმათგან, ვისაც ჩვენ, ჩვეულებრივ, ნაციონალისტური დაჯგუფებების წინა რიგებში ვხედავთ...
ალექსანდრ ვერხოვსკი
ევგენი კისილიოვი ამჟამად კიევში მოღვაწეობს, თუმცა, ვიდრე კრემლთან უთანხმოების გამო ემიგრაციაში წავიდოდა, 1990-იან წლებში მას რუსეთის ტელეარხ „ნტვ“-ზე პოპულარული ანალიტიკური გადაცემა „იტოგი“ მიჰყავდა. მისი თქმით, „რუსეთის საგარეო პოლიტიკის“ საფუძველს ბოროდაისა და გაზეთ „ზავტრას“ დამფუძნებლის ალექსანდრ პროხანოვის მსგავსი მარგინალიები შეადგენენ.

გაზეთმა სახელი გაითქვა იმით, რომ 1992 წელს „გადაბირების პუნქტად“ ითვლებოდა იმ რუსი მოხალისეებისათვის, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ მოსკოვის მომხრე სეპარატისტებთან ერთად მოლდავეთის დნესტრისპირეთში ებრძოლათ. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ნაციონალისტური დაჯგუფებები არ ხელმძღვანელობენ სეპარატისტულ მოძრაობებს. მათი ფორმირება და შეგზავნა უკრაინაში გარედან ხდება.

„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მოხალისეების კოორდინირება და გაგზავნა სხვა ხალხის მიერ ხდება და არა იმათგან, ვისაც ჩვენ, ჩვეულებრივ, ნაციონალისტური დაჯგუფებების წინა რიგებში ვხედავთ“, აღნიშნავს ალექსანდრ ვერხოვსკი, მოსკოვის ცენტრ „სოვას“ დირექტორი, რომელიც მემარჯვენე ყაიდის დაჯგუფებების ქსენოფობიურ საქმიანობას სწავლობს.

მეტიც, უკრაინაში მოქმედი სეპარატისტები ყოველთვის თბილად როდი ხვდებიან იქ ჩასულ მოხალისე ექსტრემისტებს. ასე მაგალითად, ვინმე მურზი, ანდრეი მოროზოვი, რომელიც ნაციონალ-სოციალისტური დაჯგუფების „წითელი ბლიცკრიგის“ ლიდერია, სლავიანსკში გასულ თვეში ჯაშუშად მიიჩნიეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ხელბორკილდადებული დამწყვდეულიც ჰყავდათ.

თუმცა ეს გამონაკლისი შემთხვევაა, ტენდენცია კი ისაა, რომ უკრაინის კრიზისმა გააქარწყლა უთანხმოება კრემლსა და მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ნაციონალისტებს შორის. მათ რიცხვშია ედუარდ ლიმონოვი, რომელიც არათუ აღარ არის მიუღებელი რუსეთის ხელისუფლებისათვის, არამედ მას მოსკოვში მიტინგის ჩატარების უფლებაც კი მისცეს, რადგან უკრაინის მიმართ კრემლის პოლიტიკას საჯაროდ დაუჭირა მხარი.