გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი, არისტოკრატების შვილი, - პოლონეთის ბოლო კომუნისტი ლიდერი

ვოიცეხ იარუზელსკი

პოლონეთის ბოლო კომუნისტი ლიდერი, გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი, კვირას, 25 მაისს, 90 წლისა გარდაიცვალა. ომის შემდგომი პერიოდის პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე სადავო მმართველი შორეულ ციმბირშიც იყო, როგორც საბჭოთა ბანაკის ტუსაღი, და ნაცისტების წინააღმდეგაც იბრძოდა, საბჭოთა კავშირში შექმნილი პოლონეთის არმიის შემადგენლობაში. გენერალი კათოლიკე არისტოკრატების, მიწათმფლობელთა შვილი იყო. ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაკავების შემდეგ ოჯახი ლიტვაში გაიქცა, სადაც უკვე საბჭოთა არმიის შეჭრას მისი და მამამისის, რომელიც მგზნებარე ანტიბოლშევიკი იყო, დაპატიმრება და ალტაის მხარეში გადასახლება მოჰყვა. მომავალ კომუნისტ გენერალს, 16 წლისას, აიძულებდნენ შრომით ბანაკში ემუშავა, ვიდრე ის საბჭოთა კავშირში სტალინის სურვილით შექმნილ პოლონელთა არმიაში არ ჩაირიცხა. იარუზელსკიმ ომის დროს თვალის რქოვანა დაიზიანა და მას მერე საჯაროდ თითქმის ყოველთვის მზის სათვალით ჩნდებოდა ხოლმე. გენერალ იარუზელსკის, რომელსაც კიბოს დაავადებამ და ინსულტმა მოუღო ბოლო, ყველაზე დიდ ბრალდებად უყენებენ 1981 წელს, 13 დეკემბერს, სამხედრო მდგომარეობის შემოღებას. თვითონ იარუზელსკი, როცა მრავალი წლის შემდეგ ამ დროს იხსენებდა გერმანელ ჟურნალისტთან საუბარში, ამბობდა, ამით უფრო დიდ კატასტროფას გადავრჩითო, და სამოქალაქო ომის საშიშროებაზე ლაპარაკობდა. „ვითარების სტაბილიზებისთვის რომ ვერ მიგვეღწია, ადრე თუ გვიან, პოლონეთში დაიწყებოდა საბჭოთა, ჩეხოსლოვაკიისა და აღმოსავლეთგერმანული ჯარების ინტერვენცია“, ეუბნებოდა გენერალი გერალ პრაშლს, რომელიც წერს, პოლონეთში ჰიტლერის არმიის შესვლიდან მხოლოდ 42 წლის შემდეგ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერებისთვის რომ არავითარ მორალურ პრობლემას არ წარმოადგენდა იქ გერმანიის ჯარის კვლავ შეყვანა, დღეს დადასტურებულიაო, და იმოწმებს იარუზელსკის სიტყვებს, ბერლინში იცოდნენ, რომ პოლონეთის, როგორც აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნის, ბოლო „გე-დე-ერ-ისთვისაც“ აღსასრული იქნებოდაო.

„ვაცხადებ, რომ დღეს შეიქმნა ეროვნული ხსნის სამხედრო საბჭო. სახელმწიფო საბჭომ, როგორც ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს, დღეიდან, შუაღამიდან, მთელ ქვეყანაში შემოიღო სამხედრო მდგომარეობა“, - ასე გამოაცხადა იარუზელსკიმ სამხედრო მდგომარეობა, რასაც ქვეყანაში სამოქალაქო მმართველობის დროებით სამხედროსადმი დაქვემდებარება მოჰყვა, მოჰყვა ოპოზიციური მოძრაობის, თავისუფალი პროფკავშირის, „სოლიდარობის“, დადუმება, მისი ლიდერების, მათ შორის, ლეხ ვალენსას, ასევე ათასობით აქტივისტის დაპატიმრება, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ასი ადამიანის სიკვდილი.
იცით, ეს არის თაობა, რომელსაც საშინელ დროში მოუწია ცხოვრება. ეს იყო ღალატის დრო, როცა ჩვენ დასავლეთმა გვიღალატა 1939 წელს, 45-ში კი საბჭოთა გავლენის სფეროს ჩაგვაბარეს...
ლეხ ვალენსა

პოლონეთში იარუზელსკისა და სხვა კომუნისტი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დიდხანს არკვევდნენ მტყუანსა და მართალს. საზოგადოება გაყოფილი იყო. არავინ ამართლებდა გენერალს, მაგრამ მისი ესმოდათ. მათ შორის იყო სოლიდარობის ლიდერი, მოგვიანებით პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ ვალენსა, რომელმაც სამი წლის წინ საავადმყოფოში მოინახულა თავისი მთავარი მოწინააღმდეგე, გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი. ჩვენმა კორესპონდენტმა ვალენსას ჰკითხა, აპატიეთ მათ და მის მომხრეებს ძველი წყენაო?

„არა. იცით, ეს არის თაობა, რომელსაც საშინელ დროში მოუწია ცხოვრება. ეს იყო ღალატის დრო, როცა ჩვენ დასავლეთმა გვიღალატა 1939 წელს, 45-ში კი საბჭოთა გავლენის სფეროს ჩაგვაბარეს. ამიტომ, ყველასთან ანგარიშის გასწორება რომ მომინდეს, იმ დროიდან უნდა დავიწყო: რატომ გვიღალატეს? რად დაგვიჯდა ეს ღალატი? მე სხვაგვარად ვფიქრობ: გამარჯვების შემდეგ პოლიტიკოსებმა პოლიტიკაზე უნდა იფიქრონ. თავისუფალ ქვეყანაში დამნაშავეთა ძებნა შესაბამისი სამსახურების საქმეა. მე ამ თაობისა მესმის. არაერთი ბრძოლა წავაგე გენერალ იარუზელსკისთან, მის მიმართ ბევრი პრეტენზია მაქვს, მაგრამ ომი ჩემი გამარჯვებით დასრულდა. ამიტომ დანარჩენი დემოკრატიის, შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების საქმეა და არა პოლიტიკოსების ან ლეხ ვალენსასი. მე შემიძლია ჩემი აზრი გამოვხატო, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკოსების მთავარი ამოცანა“.
მივედი დასკვნამდე, რომ სისტემა, საიდანაც მე ვიყავი წარმოშობით, უსამართლო იყო. მამაჩემს მოხუცი ქალები ხელზე ჰკოცნიდნენ, როცა მისგან დახმარებას ითხოვდნენ...
ვოიცეხ იარუზელსკი

სწორედ ეს თაობა, რომელზეც ვალენსა ლაპარაკობს, ახსენა იარუზელსკიმ, როცა სამხედრო მდგომარეობას აცხადებდა, ვკისრულობ ამ პასუხისმგებლობას, რადგან პოლონეთისთვის ამ დრამატულ მომენტში მოვალე ვარო:

„პოლონეთის მომავალი სასწორზეა. მისთვის ჩემი თაობა ომის ყველა ფრონტზე იბრძოდა, მას შევწირეთ სიცოცხლის საუკეთესო წლები“.

რატომ გახდა საბჭოთა ბანაკში გადასახლებული ეს თავადიშვილი კომუნისტი? თვითონ იარუზელსკი ამბობდა, რომ მას ახალგაზრდობაშივე ჩამოუყალიბდა კომუნისტური შეხედულება, პირველ რიგში, ადამიანთა შორის თანასწორობის სურვილზე დაფუძნებული პოზიცია:

„მივედი დასკვნამდე, რომ სისტემა, საიდანაც მე ვიყავი წარმოშობით, უსამართლო იყო. მამაჩემს მოხუცი ქალები ხელზე ჰკოცნიდნენ, როცა მისგან დახმარებას ითხოვდნენ. ჩემ წინაშეც კი, 15 წლის ლაწირაკის წინაშე, ისინი ქედს იხრიდნენ, რადგან მე ახალგაზრდა ბატონი ვიყავი. შემაძრწუნებელი იყო გლეხების სიღატაკე, როცა ოთხი ოჯახი ერთ პატარა ქოხში ცხოვრობდა. ამან გააჩინა ჩემში სწრაფვა სოციალური სამართლიანობისკენ, რაც, მეგონა, შესაძლებელი იქნებოდა კომუნიზმის, უფრო სწორად, რეალურად არსებული სოციალიზმის პირობებში“.

იარუზელსკი მოგვიანებით, როცა პენსიონერი გახდა, სულაც არ თვლიდა, რომ კომუნიზმის არსებობას რაიმე საფუძველი შერჩა. მაგრამ კომუნიზმის დადებით როლზე მაინც ლაპარაკობდა.

„რუსეთის რევოლუციამ ხელი შეუწყო იმას, რომ დასავლეთში კაპიტალისტებმა დაიწყეს უბრალო ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, რადგან რევოლუციის ეშინოდათო", - ამბობდა იარუზელსკი, რომელიც პოლონეთში კომუნისტური რეჟიმიდან დასავლურ დემოკრატიაზე გადასვლის პირველ საფეხურზე მოვლენების აქტიური მონაწილე იყო. მრგვალ მაგიდას მიუჯდა „სოლიდარობასა“ და კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად. სოციალიზმი არ მენატრებაო, უთხრა მან 2010 წელს ჩაწერილ ინტერვიუში გერმანელ ჟურნალისტებს. მე შევიტანე ჩემი წვლილი იმაში, რომ ეს სისტემა აღარ არსებობს და ამით ვამაყობო, უთქვამს გენერალ ვოიცეხ იარუზელსკის, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში „პრაღის გაზაფხულად“ წოდებული სოციალიზმის რეფორმირების დასრულებაში აქტიურად იყო ჩართული, როგორც თავისი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. იარუზელსკი 25 მაისს გარდაიცვალა 90 წლისა.