წამება - სეპარატისტების ახალი იარაღი აღმოსავლეთ უკრაინაში

ალექსანდრ გუროვი

უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ აღადგინონ კონტროლი ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც რამდენიმე რაიონია მოცული რუსეთის მომხრე სეპარატისტების შეიარაღებული ამბოხებით. ბოლო ცნობებით, ადგილობრივი ოპონენტების გასატეხად სეპარატისტები წამებას იყენებენ. ეს საკუთარ თავზე გამოსცადა ალექსანდრ გუროვმა, 36 წლის მაღაროელმა.

გუროვი მალე წააწყდა უსიამოვნებებს მას შემდეგ, რაც სეპარატისტების დროშა ჩამოხია მშობლიურ ქალაქ ნოვოხრადოვსკის მერიის შენობიდან. ორ კვირაში ის უკვე კიევის საავადმოყოფში იწვა დაზიანებული ყბით, გატეხილი ცხვირით, მკლავის არეში ჭრილობითა და გაბზარული ნეკნებით.

„გაუთავებლად მირტყამდნენ. ძირს ვიწექი და მცემდნენ, წიხლებს მიშენდნენ, თავში პისტოლეტს მიბრახუნებდნენ. ერთი ხელზე მექაჩებოდა, მეორე მკლავზე მახტებოდა. ზოგჯერ გონებას ვკარგავდი, საბედნიეროდ, რადგან გონებას რომ კარგავ, ეს დასვენებასავით არის, ვერ გრძნობ, რომ გირტყამენ“, - იხსენებს ალექსანდრ გუროვი, რომელსაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ესაუბრა.

გუროვი ამბობს, რომ თავდამსხმელები მას „მოღალატეს“ ეძახდნენ და ცდილობდნენ, ნათურის ნატეხით მოეცილებინათ მხრებზე ამოსვირინგებული წარწერა: „დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!“

Your browser doesn’t support HTML5

ნათურის ნამსხვრევით ცდილობდნენ სვირინგის მოშორებას

ასეთი საზარელი შემთხვევები იშვიათი არ არის აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსეთის მომხრე სეპარატისტებს ადამიანების მოტაცებასა და წამებაში ადანაშაულებენ. თვით სეპარატისტები არც მალავენ, რომ გამართლებულად მიაჩნიათ მძევლების აყვანა, იქნებიან ეს ადგილობრივი ჩინოვნიკები თუ უკრაინის მომხრე აქტივისტები, ჟურნალისტები თუ უცხოელი მეთვალყურეები - ყველა ის, ვინც კრიტიკულად ეკიდება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითგამოცხადებულ „სახალხო რესპუბლიკებს“.

რაც უფრო ორგანიზებული ხდება სეპარატისტული მოძრაობა, მით უფრო სისტემატურ და მეთოდურ ხასიათს იღებს ადამიანების მოტაცებაც. „მე ამას არ ვუწოდებდი ცალკეულ შემთხვევებს“, ამბობს საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ წარმომადგენელი, ანა ნეისტატი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა დონეცკის რეგიონში ადამიანის მოტაცების შემთხვევების შესასწავლად. „ყოველდღე მაწვდიდნენ ინფორმაციას ხალხის მოტაცებასა ან გათავისუფლებაზე, ტყვეობაში ცემისა და წამების შემდეგ“, უთხრა ჩვენს რადიოს ანა ნეისტატმა. მისი ორგანიზაციის, „ჰიუმან რაითს უოჩის“ მონაცემებით, ამჟამად მეამბოხეების ხელშია ათობით მძევალი.

ეს რომ ასეა, ჩვენს რადიოსთან საუბარში დაადასტურა ყოფილმა სეპარატისტმა მებრძოლმა - 25 წლის ანტონმა, რომელსაც არ სურს თავისი ნამდვილი ვინაობის საჯაროდ გამხელა. ანტონი, მისი თქმით, ამბოხებულებს გაემიჯნა მას შემდეგ, რაც დონეცკის საკრებულოს შენობასთან ნახა დასისხლიანებული, ნაწამები მძევლები - უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მომხრე ხალხი. „ხალხს ურტყამენ, მერე „დისციპლინირებაზე“ გადადიან - უკრძალავენ სიტყვა „უკრაინის“ ხმარებას და უკრაინულად ლაპარაკს. ეუბნებიან, ეს უკვე რუსეთი არისო. ასე რომ, კი, ტყვეებს სცემენ და აწამებენ. მერე ქალაქის პირას მიჰყავთ და უშვებენ“, უთხრა ჩვენს რადიოს ანტონმა.

ზოგჯერ უარესიც ხდება: ყველა ვერ უძლებს სასტიკ წამებას. გასულ თვეში ორი მამაკაცის გვამი იპოვეს მდინარეში, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკთან. არიან დაკარგულებიც - ხალხი, ვინც მოტაცების შემდეგ აღარავის უნახავს...

ამერიკელი ჟურნალისტი საიმონ ოსტროვსკი სამი დღე იყო სლავიანსკში სეპარატისტების ხელში. ის ამბობს, რომ კიდევ ათობით ტყვე ნახა სპეცსამსახურის საქალაქო ოფისის სარდაფში.

ამდენად, ალექსნდრ გუროვი, შესაძლოა, იმაზე უარესს გადაურჩა, ვიდრე შეიძლებოდა მომხდარიყო. ის ცოცხალია და თავისუფალი. რა გეგმები აქვს საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ? ჩვენი კორესპონდენტის ამ შეკითხვის პასუხად გუროვი ამბობს, რომ, ჯერ ერთი, ერთიანი უკრაინისათვის ბრძოლას გააგრძელებს და კიდევ - აღიდგენს სვირინგს „დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!“