რატომ აშინებს ევროპას რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება ბუნებრივი აირის გამო

ვლადიმირ პუტინი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც გაზის გამო რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება ევროპის შეშფოთებას იწვევს. პირველ ყოვლისა, ევროპის კავშირი მოიხმარს რუსეთის გაზის ერთ მესამედს, რომლის ნახევარს ევროპა უკრაინაზე გამავალი გაზსადენით ღებულობს. რუსეთი კი იმუქრება, რომ შეწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას უკრაინისათვის, ვიდრე კიევი არ დაფარავს მოხმარებული პროდუქციის დავალიანებას.

ევროკავშირის შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დასავლეთ უკრაინაში განლაგებული გაზგამანაწილებელი და სარეზერვუარო ინფრასტრუქტურაა. ზაფხულში უკრაინა გიგანტურ რეზერვუარებს რუსული ბუნებრივი აირით ავსებს და შემდეგ ამ მარაგს ხარჯავს ზამთარში, როდესაც საწვავის მოხმარება პიკს აღწევს. ორ ქვეყანას შორის დაწყებული დიპლომატიური და ეკონომიკური დაპირისპირების შემდეგ არავითარი გარანტია არაა, რომ ამ ზაფხულსაც უკრაინა ანალოგიური სქემით შეძლებს რეზერვუარების შევსებას. ეს მოცემულობა კი შემაშფოთებელია იმდენად, რამდენადაც არსებობს შესაძლებლობა, რომ უკრაინამ, რომელსაც აღარ ექნება ბუნებრივი აირის საკმაო მარაგი, - ეს კი წელიწადში 12 მილიარდი კუბური მეტრია, - დეფიციტის აღმოფხვრა ევროპისთვის განკუთვნილი საწვავის ხარჯზე სცადოს.

მოსკოვმა 3,5 მილიარდ დოლარად შეაფასა უკრაინის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის დავალიანება, აპრილში მოულოდნელად გაზრდილი საფასურის ჩათვლით. კიევი ამ ფასს შეუსაბამოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის გადაიხადოს „ბუნებრივი აირის საბაზრო ღირებულება.“

მოსკოვი, როგორც ჩანს, თავის მხრივ, ბუნებრივი აირის კრიზისით ბრიუსელს უგზავნის მესიჯს, რომ უკრაინის ამჟამინდელი გარდამავალი ხელისუფლება არასაიმედოა და რომ მისი მხარდაჭერა ევროპას მძიმე ტვირთად დააწვება.

„კიევში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რუსეთის პოზიცია ასეთია: ევროპა, ეს შენი პრობლემაა. ამ ხელისუფლებასთან კავშირი ახლა თქვენ გაქვთ. თქვენ ამართლებთ იმას, რასაც ისინი აკეთებენ და თქვენვე მოაგვარეთ ეს პრობლემა. ჩვენ ვასესხეთ ფული და ჩვენ ამ ფულის დაბრუნება გვინდა“, - ასე ხსნის მოსკოვის კრემლის ტაქტიკას ოქსფორდის ინსტიტუტის ენერგეტიკული სწავლების პროგრამის კოორდინატორი ჯონატან სტერნი.

იმის გამო, რომ კიევს არ აქვს ფული, მოსკოვი ვარაუდობს, რომ მის დანახარჯს დასავლეთი გადაიხდის. წინა თვეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისათვის 17 მილიარდი ევროს დახმარების ფონდი დაამტკიცა, საიდანაც უკრაინა 3,2 მილიარდ დოლარს დაუყოვნებლივ მიიღებს.

თუმცა გაურკვეველია გამოყენებული იქნება თუ არა ევროპული ფინანსური დახმარება უკრაინის დავალიანების დასაფარად.

თუ მოსკოვსა და კიევს შორის ბუნებრივი აირის საკითხში უთანხმოება გაგრძელდა, რუსეთმა, შესაძლოა, შეწყვიტოს გაზის მიწოდება, რისი პრეცედენტიც არსებობს.

2009 წელს უკრაინისათვის ორი კვირით ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტამ ევროკავშირის ნაწილიც - განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - დააზარალა. რუსული გაზის მიწოდება 5 წლის წინ აღდგა - მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და კიევმა ბუნებრივი აირის ახალ ფასზე მოილაპარაკეს.

არსებული კრიზისის ფონზე, ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას უკრაინა ბუნებრივი აირით უზრუნველყოს, რუსეთის მხრიდან გაზსადენის გადაკეტვის შემთხვევაში.

ერთ-ერთი მეთოდია უკრაინაზე გამავალი გაზსადენით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - სლოვაკეთში, პოლონეთსა და უნგრეთში - ტრანსპორტირებული რუსული ბუნებრივი აირის რევერსულად მიწოდება უკრაინისათვის, რომელიც წელიწადში, დაახლოებით, 30 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. რევერსული მიწოდების გეგმა ითვალისწინებს რუსეთისაგან დაბალი ფასით შეძენილი ბუნებრივი აირის მიყიდვას უკრაინისათვის, რასაც, თავის მხრივ, რუსეთი ეწინააღმდეგება.

ბუნებრივი აირის საკითხში უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ირგვლივ გრძელვადიანი შეთანხმების თაობაზე 2 მაისს გამართული სამმხრივი - რუსეთის, უკრაინისა და ევროკავშირის პასუხისმგებელი პირების - შეხვედრა ვარშავაში უშედეგოდ დასრულდა.

ევროკავშირის ენერგეტიკის საკითხების კომისრის გიუნტერ ეიტინგერის თანახმად, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები შეთანხმდნენ გარანტიებზე, რაც უკრაინელი და ევროპელი მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებას მხოლოდ მაისის ბოლომდე უზრუნველყოფს. რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე მორიგი სამმხრივი შეხვედრა მაისის შუა რიცხვებში და თვის ბოლოს გაიმართება.