უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ომზე საუბრობს

ალექსანდრ ტურჩინოვი

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი ომს უწოდებს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის ქმედებებს. ამ შეფასებას წინ უსწრებდა ძალადობა ქალაქ ოდესაში, სადაც 2 მაისს 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 5 მაისს კი ცხარე ბრძოლებმა მოიცვა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკის მისადგომები.

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, რუსეთი მის ქვეყანას „ეომება“ და მოსკოვის მიმართ გამოვლენილი ადგილობრივი და ინსტიტუციური მხარდაჭერა „კოლოსალური პრობლემაა“ აღმოსავლეთ უკრაინაში. ტურჩინოვმა ეს შეფასებები გამოთქვა კვირას, უკრაინის ტელევიზია „მეხუთე არხთან“ ინტერვიუში.

„რუსეთის ფედერაცია ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. აღმოსავლეთშიც და სამხრეთშიც ცდილობენ ვითარების სრულ დესტაბილიზაციას. და თუ ეს მოახერხეს აღმოსავლეთში - მოდით, პირდაპირ ვთქვათ, როცა საქმე ეხება ოდესის რეგიონს, რომელიც რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ისევე როგორც ხარკოვის რეგიონი, ეს არის ადგილი, სადაც მათ რეალური წინააღმდეგობა იგრძნეს“, განაცხადა ტურჩინოვმა. ოდესაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „პატრიოტმა“ უკრაინელებმა აღკვეთეს „ადგილობრივი პროვოკატორებისა და სეპარატისტების“ მიერ ძალადობის „ორგანიზებისა“ და ოდესის „დაჩოქების“ მცდელობა.

ეს შეფასება მოჰყვა ოდესაში 2 მაისის ტრაგიკულ მოვლენებს. 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად შენობაში, რომელშიც რუსეთის მომხრე აქტივისტები იმყოფებოდნენ. გარეთ კი მიმდინარეობდა კიევის მომხრე დემონსტრანტებთან შეტაკება, რომელმაც, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი შეიწირა. კვირას ოდესაში ჩავიდა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არსენი იაცენიუკი და მოსკოვს დააკისრა პასუხისმგებლობა ქალაქში მომხდარ შეტაკებებზე.

ძალადობაზე უცხოეთის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც:

„იცით, ბევრია ადგილობრივი პროვოკატორი და სეპარატისტი, რომელმაც ორგანიზება გაუწია ბრძოლას ოდესის დასაჩოქებლად. მაგრამ მათ ვერ გათვალეს... ამავე დროს, მათ კოორდინაციას უწევდნენ ერთი ცენტრიდან. ეს ცენტრი ქვეყნის საზღვრებს მიღმა მდებარეობს. და ორგანიზატორებსა და ბოროტმოქმედებს შორის იყო ბევრი პირი რუსეთის პასპორტებით და იყვნენ გასტროლებზე დნესტრისპირეთიდან“. დნესტრისპირეთი, რომელიც ტურჩინოვმა ახსენა, როგორც ცნობილია, მოლდავეთის სეპარატისტული რეგიონია.

თუმცა ტურჩინოვმა იცის, რომ სეპარატისტებს ძლიერი მხარდაჭერა აქვთ საკუთრივ უკრაინაშიც - კერძოდ, აღმოსავლეთში, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში. „ვითარება ლუგანსკსა და დონეცკში დრამატულად განსხვავდება უკრაინის სხვა რეგიონებისაგან. რუსეთის სპეცშენაერთების მიზანია მრავალი რეგიონის დესტაბილიზაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინასა და ცენტრალურ უკრაინაშიც კი. მაგრამ რეალურ შედეგს მხოლოდ აღმოსავლეთში მიაღწიეს - დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში - და, პირველ რიგში, იმიტომ რომ იქ არის დიდი რაოდენობით ხალხი - გულახდილად ვთქვათ, ამ რეგიონების მოსახლეები, ვინც მხარს უჭერს სეპარატისტებს და მხარს უჭერს ტერორისტებსაც კი, რაც ძალიან ართულებს ანტიტერორისტულ ოპერაციას. ეს კოლოსალური პრობლემაა!“ - ამბობს ტურჩინოვი.

დონეცკის ოლქში მდებარეობს ქალაქი სლავიანსკი, რომლის მისადგომებთანაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები და რუსეთის მომხრე ექსტრემისტები. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ექსტრემისტებმა მისი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, თუმცა გადარჩა ყველა, ვინც ბორტზე იმყოფებოდა. ეს არის უკვე მესამე ასეთი შემთხვევა: სეპარატისტებმა 2 მაისს ასევე სლავიანსკთან ჩამოაგდეს უკრაინის ჯარის ორი ვერტმფრენი.

უკრაინის მთავრობა იუწყება ასევე, რომ ორშაბათს სლავიანსკთან რუსეთის მომხრე ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა ოთხი და დაიჭრა 30 უკრაინელი ჯარისკაცი.