სააკაშვილი ჩვენებას მისცემს... ოღონდ სასამართლოს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა - ის ჩვენების მისაცემად მზადაა, ოღონდ მხოლოდ სასამართლო პროცესზე, კონკრეტული საქმის არსებითი განხილვისას. ეს ამბავი 28 მარტს, გვიან საღამოს გახდა ცნობილი. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აცხადებენ, სხვა შემთხვევაში სააკაშვილი გამოძიების შეკითხვებს არ უპასუხებს. ერთი დღით ადრე, 27 მარტს, უკრაინის დედაქალაქში ყოფნისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ ენდობა გარედან მართულ პროკურატურასა და მთავრობას და არანაირი ფორმით არ აპირებს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას.

მიხეილ სააკაშვილის კატეგორიული უარი, რომ ის არც პროკურატურაში გამოცხადდებოდა და არც სკაიპის მეშვეობით მისცემდა ჩვენებას, 28 მარტს, გვიან საღამოს შეიცვალა და, როგორც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, განაცხადა, სააკაშვილი თანახმაა გასცეს პასუხი კითხვებს მხოლოდ ერთი პირობით:
„თუ პროკურატურის მიერ წარმოებულ ამა თუ იმ საქმეს აქვს ბუნებრივი პერსპექტივა სასამართლოში, ცხადია, ეს საქმე წავა უკვე სასამართლოში განხილვისათვის. პროკურატურას აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერი მოწმე იყოს ჩამონათვალში და, მათ შორის, ისეთი მოწმეც, რომელიც გამოძიების დროს არ არის დაკითხული, მაგრამ სიაში ის იქნება და მხოლოდ შემდეგ, საქმის არსებითი განხილვისას, როდესაც მოსმართლე საჭიროდ ჩათვლის სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობას ჭეშმარიტების დასადგენად, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი მზადააა ჩაერთოს სკაიპით და უპასუხოს შეკითხვებს“.

კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად უნდა იყოს ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი. დამაჯერებელი პასუხის გაცემა ყოველთვის სწორი გამოსავალია, ხოლო თავის არიდება, პირიქით, საჯარო ფიგურის მხრიდან არასწორი ქმედება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილის ბოლო დღეების განმავლობaში გაკეთებულ განცხადებებს:
ყველამ ვიცით, რომ პროკურატურას ჩრდილოვანი მეთოდებით კვლავაც მართავს ოთარ ფარცხალაძე. შერჩევითი სამართლის არაერთი მაგალითი შეგვიძლია დავასახელოთ მთელ რიგ საქმეებზე, ამიტომ, ცხადია, ასეთ პროკურატურას უნდობლობას ვუცხადებთ...
ლევან ბეჟაშვილი

„ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც სახელმწიფოს ბედი ებარა, კანონის უზენაესობის გარანტი უნდა ყოფილიყო, თავად როდესაც ასე ეპყრობა საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტებს, ამაზე კომენტარი ნამდვილად ზედმეტია. ყველას ვურჩევ, ვიყოთ მზად განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით გაჩენილი შეკითხვების საპასუხოდ როგორც ჟურნალში, ისე პროკურორებთან“.

უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ პროკურატურა დისკრედიტირებულია, სასამართლოს კი ჯერ კიდევ აქვს რეპუტაცია - სწორედ ამით ხსნიან კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სააკაშვილის გადაწყვეტილებას სასამართლოში უპასუხოს მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებს.

„ყველამ ვიცით, რომ პროკურატურას ჩრდილოვანი მეთოდებით კვლავაც მართავს ოთარ ფარცხალაძე. შერჩევითი სამართლის არაერთი მაგალითი შეგვიძლია დავასახელოთ მთელ რიგ საქმეებზე, ამიტომ, ცხადია, ასეთ პროკურატურას უნდობლობას ვუცხადებთ“, - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი.
სამართლებრივადაც ეს შესაძლებელია, თუმცა, მეორე საკითხია, მოწმეს როგორ შეატყობინებ და წამოვა თუ არა მოწმე ამ დაკითხვაზე...
კოტე კუბლაშვილი

ის, რომ ტექნიკურად სასამართლოში მოწმის დისტანციურად დაკითხვა შესაძლებელია, მედიასთან საუბრისას 29 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმაც დაადასტურა, თუმცა კონკრეტულად სააკაშვილის შემთხვევაზე მას დამატებით კომენტარი არ გაუკეთებია.

„სამართლებრივადაც ეს შესაძლებელია, თუმცა, მეორე საკითხია, მოწმეს როგორ შეატყობინებ და წამოვა თუ არა მოწმე ამ დაკითხვაზე“, აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.

სააკაშვილს რომ დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს, ამაზე ლაპარაკობს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარიც, თუმცა შესაძლოა მისი ამჟამინდელი მოწმის სტატუსი, იმის მიხედვით, საქმის რა მასალები მოგროვდება პროკურატურის მიერ, შეიცვალოს კიდეც.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა მაია ხუციშვილმაც განმარტა, რომ თუკი პროკურატურა ჩათვლის, რომ ამოიწურა დაკითხვისთვის საჭირო ყველა საშუალება და გონივრული ვადა, მაშინ მთავარ პროკურორს შეუძლია დაიწყოს პირის, ამ შემთხევვაში კი მიხეილ სააკაშვილის, სისხლისსამართლებრივი დევნა.