ოკუპაციის დღე - დღე, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს

წითელი არმია თბილისში, 1921 წლის 25 თებერვალი

25 თებერვალს თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის თავზე აღმართული სახელმწიფო დროშები დაუშვეს - ასე საქართველომ საბჭოთა ოკუპაციის დღე აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. 93 წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა.

2014 წელი, 25 თებერვალი. 1921 წლის 25 თებერვლიდან 93 წელია გასული. საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს თავისი გმირები ჰყავს - სამხედრო სასწავლებლების 20-21 წლის სტუდენტები, იუნკრები, რომლებიც, ფაქტობრივად, მარტო იცავდნენ თბილისს რუსეთის წითელი არმიისაგან. ოკუპაციის დღეებში სოციალურ ქსელებში კოჯორსა და ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკრებს იხსენებენ, ზოგს საკუთარი პროფილის მთავარ ავატარად სწორედ იმ დღეებში, 19 თებერვალს, ასევე ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის მედდის, მარო მაყაშვილის, ფოტოსურათი დაუდვია. დილიდან კოჯორში არსებულ იუნკრების მემორიალს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათ, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გმირების მემორიალს პატივი მიაგეს. პარლამენტის 2010 წლის დადგენილების თანახმად, საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

კოჯრის მემორიალთან მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა წინა საუკუნის ისტორიაში, როდესაც საქართველოს ჯარისკაცები სამშობლოს იცავდნენ: „სწორედ მათ მაგალითზე გვეძლევა მხნეობა და უნარი იმისა, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა მუდმივად დავიცვათ ძალიან ძლიერი იმპერიებისა და აგრესორებისგან, რომლებიც ისტორიულად მუდამ გვიტევდნენ“.

„მაგალითი, თუ როგორ უნდა იცხოვრო“ - ასე შეაფასა 93 წლის შემდეგ ქართველი იუნკრების გმირობა მემორიალთან მისულმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ: „იუნკრების გმირობა ჩვენი სამხედროებისთვის მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოემზადო ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ წამს ყველა სამხედროს დაუდგეს - დაიცვას საკუთარი ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად“.

დღევანდელი დღე იმასაც გვახსენებს, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა არ არის მხოლოდ წარსული, ეს ჩვენი აწმყოცაა და ამას გვახსენებს თუნდაც რამდენიმე დღის წინ კიევში დაღუპული ჩვენი გმირი თანამემამულის, დავით ყიფიანის, დაკრძალვაც...
დავით ბაქრაძე
გვირგვინებით შემკულ იუნკრების მემორიალთან 25 თებერვალს იუნკრების ახალი თაობა იდგა. გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში იუნკრების გმირობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფურცელი და ახალი თაობის სამხედროებისათვის კარგი მაგალითია.

უთანასწორო ბრძოლაში საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან 25 თებერვალს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი ბრძოლაა და ის არასოდეს სრულდება:

„დღევანდელი დღე იმასაც გვახსენებს, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა არ არის მხოლოდ წარსული, ეს ჩვენი აწმყოცაა და ამას გვახსენებს თუნდაც რამდენიმე დღის წინ კიევში დაღუპული ჩვენი გმირი თანამემამულის, დავით ყიფიანის, დაკრძალვაც, თავისუფლებისათვის ბრძოლა დღეს არის ჩვენი მომავალიც“.

აი, ისინიც, 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკრები: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი, არჩილ ჯანდიერი, გიორგი ანდრონიკაშვილი, გიორგი ზედგინიძე, გიორგი იაშვილი, ვახტანგ ისკანდერაშვილი, ივანე კერესელიძე, რევაზ ფავლენიშვილი, ივანე ჯამასპიშვილი, გრიგოლ კიკიანი, პალიკო ბეშქენაძე, ნიკოლოზ ზანდუკელი, ნიკოლოზ სტურუა, მიხეილ თუმანიშვილი, ნიკოლოზ კალანდარიშვილი, გენო ქარუმაძე, ვანო მუჯირიშვილი, სანდრო მუჯირიშვილი, ჯიშკარიანი, ირაკლი თოიძე, ბესარიონ კემულარია, არჯევან ანანიაშვილი, გაბრიელ გეხტმანი, მიხეილ იოსელიანი, გერონტი არჩვაძე, მარო მაყაშვილი...

მარო მაყაშვილის დღიური

რა შეცვალა თებერვლის ამ სისხლიანმა დღეებმა 93 წლის წინ საქართველოსთვის? -ვკითხეთ ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს. მისი აზრით, ეს იყო რადიკალური გადახვევა ევროპული გზიდან - გზიდან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ მთავრობას ჰქონდა არჩეული:

„ეს გზა ნიშნავდა, რომ ვვითარდებოდით. ცხადია, ჯერ იქ არ ვიყავით მისულები, რასაც ვესწრაფვოდით, მაგრამ გზა გვქონდა არჩეული. სწორედ ეს გზა შეწყდა. ეს იყო ძალიან სამწუხარო, რადგან ზოგადად ქვეყნისთვის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტისათვის, დამოუკიდებლობის დაკარგვა ყველაზე კატასტროფული რამაა, რაც ქვეყანას შეიძლება დაემართოს. სწორედ ამიტომ, ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დღეა საქართველოს ისტორიაში. მე ვფიქრობ, ეს დღე უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე აყვანილი, აღნიშნული დღესაწაული. ამაზე უნდა ლაპარაკობდეს მედია, ამას უნდა ასწავლიდნენ სკოლებში, თუნდაც ექსკურსიები ეწყობოდეს იმ ადგილას, სადაც იუნკრები დაეცნენ და იმ ბრძოლების ისტორიაც კარგად უნდა ასწავლონ სკოლაში. თუმცა, სამწუხაროდ, ეს დღეს ასე არ ხდება“.

ისტორიკოსი, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რომელიც გამომცემელია წიგნისა „მარო მაყაშვილის დღიური“, გვეუბნება, რომ საქართველოს ისტორიის ეს ოთხწლიანი პერიოდი, 1917-1921 წლები, ისევე როგორც, ზოგადად, საბჭოთა პერიოდი, სათანადოდ გააზრებული და შესწავლილი არ არის. არ არსებობს ერთი სრულყოფილი მონოგრაფიაც კი, რომელშიც დაინტერესებული ადამიანი წაიკითხავდა, თუ რას ნიშნავდა საქართველოსათვის დამოუკიდებლობის ეს რამდენიმე წელი:

მე ვფიქრობ, რომ სანამ ჩვენ ჩვენს ბრალეულობას არ დავინახავთ ამ სამოცდაათწლიან პერიოდში, მანამდე სერიოზული შეფასებების გაკეთება გაგვიჭირდება. არ შეიძლება ყოველთვის სხვებს შევახოცოთ ხელი და ვთქვათ, რომ ყველა ბოროტმოქმედება, რაც ხდებოდა, ჩვენი ბრალი არ იყო...
ლაშა ბაქრაძე
„იმ გასაოცრად რთულ პერიოდში, როდესაც დამთავრებულიც არ იყო პირველი მსოფლიო ომი, რასაც შემდეგ სამოქალაქო ომიც მოჰყვა იმ უზარმაზარ იმპერიაში, რომელსაც ჩვენ მაშინ ვეკუთვნოდით, სადაც იყო შიმშილობა და ნგრევა, სწორედ ამ ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფეხს ითრევდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისგან (და ამასაც ჰქონდა თავისი გასაგები მიზეზები, თუმც არც ეს მიზეზები აგვიხსნია), ამ ადამიანებმა მაინც შეძლეს ძალიან ბევრის გაკეთება იმისათვის,რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო“.

1921 წლის 25 თებერვალი კი ამ იმედების, მომავლის, ბედნიერი ხედვის დასასრულად იქცა, რასაც შემდეგ სამოცდაათწლიანი მონობის პერიოდი მოჰყვა. ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ეს პერიოდიც გასააზრებელია, ოღონდ ისე, რომ არც საკუთარი შეცდომები დავივიწყოთ:

„მე ვფიქრობ, რომ სანამ ჩვენ ჩვენს ბრალეულობას არ დავინახავთ ამ სამოცდაათწლიან პერიოდში, მანამდე სერიოზული შეფასებების გაკეთება გაგვიჭირდება. არ შეიძლება ყოველთვის სხვებს შევახოცოთ ხელი და ვთქვათ, რომ ყველა ბოროტმოქმედება, რაც ხდებოდა, ჩვენი ბრალი არ იყო. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მთელი ეს პერიოდი და შემდეგ საბჭოთა წლებიც სრულიად გაუაზრებელია და არც სკოლებში ისწავლება იმ მარტივი მიზეზით, რომ არ არსებობს ამასთან დაკავშირებით სერიოზული ნამუშევრები. ასეთი პატარ-პატარა ღონისძიებები კი გვახსენებს იმ დროს, მაგრამ რეალურად ჩვენი სტორიისათვის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის ანალიზი არ გაგვიკეთებია, გარდა ამ ზედაპირული საუბრებისა, რომლებიც მხოლოდ 25 თებერვალს ან შიგადაშიგ 26 მაისსაც გვახსენდება“.

25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის თემაზე გადაღებული და საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის მიერ თავმოყრილი ფოტოები მეტრო „რუსთაველის“ ფოიეში გამოიფინა. კანდელაკის თქმით, ეს ფოტოები მოგვითხრობს ამბავს იმის შესახებ, თუ რა წაართვა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამ. ეს არის ამბები, ამბობს გიორგი კანდელაკი, რომლებიც საქართველოს და მის ხალხს მუდმივად უნდა ახსოვდეს.