ოპოზიციის ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა „კარგ კონსენსუსს“ მიაღწიეს

უკრაინის ოპოზიცია დაეთანხმა და ხელი მოაწერა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად შეთავაზებულ გეგმას. შეთანხმება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების 2014 წლის დეკემბერში ჩატარებას, 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენას, საპრეზიდენტო ძალაუფლების შეკვეცას და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებას ითვალისწინებს.


პარლამენტი პრეზიდენტის ჩრდილიდან გამოვიდა


თუმცა, დოკუმენტზე ხელმოწერიდან ორ საათში მოვლენები ელვისებურად განვითარდა: პირველივე საკანონმდებლო ცვლილებით უკრაინის პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებისა და კონტროლის უფლება აღიდგინა, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენა, ხოლო სხდომის ბოლოს კი პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მიიღო.

უკრაინის პარლამენტმა უკვე უყარა კენჭი და 386 ხმით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმადაც, უკრაინა კვლავ საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკად გამოცხადდა. „ამ გადაწყვეტილებით უკრაინის უზენაესი საბჭო ღებულობს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტების უფლებას და პარლამენტი აღარასოდეს იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფილიალიო“, - განაცხადა ფრაქცია „ბატკივშჩინის“ ლიდერმა არსენი იაცენიუკმა, რომელმაც დასძინა, უზენაესი საბჭოს უფლებამოსილება ამ შესწორებით 2017 წლამდე გაგრძელდებაო.

უკრაინის პრეზიდენტისა და ოპოზიციის კონსენსუსს წინ უძღოდა 9 საათიანი მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ოპოზიციის ლიდერები არსენი იაცენიუკი, ვიტალი კლიჩკო და ოლეგ ტიაგნიბოკი. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი. მანამდე უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, ვერხოვნა რადამ, ხმათა უმრავლესობით მიიღო დადგენილება ცეცხლის შეწყვეტისა და კიევიდან სპეცდანიშნულების ნაწილების გაყვანის თაობაზე:

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა შეაწყვეტინოს სამართალდამცველებს კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების სატრანსპორტო კვანძების, გზების, მოედნებისა და ბულვარების ბლოკირება; უზრუნველყოს სამართალდამცველი ორგანოების მუშაკთა მუდმივი დისლოკაციის ბაზაზე დაბრუნება“.

უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში ვიცე-სპიკერმა რუსლან კუშილინსკიმ წაიკითხა. დადგენილებას არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამედ მმართველი „რეგიონების პარტიის“ რიგებიდან გასულმა რამდენიმე დეპუტატმაც დაუჭირა მხარი. დადგენილების პირველ პუნქტში პარლამენტარებმა დაგმეს ძალის გამოყენება და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შეტაკებების დროს დაღუპულთა ხსოვნას:

„საკუთარი დადგენილებით უკრაინის პარლამენტი, პირველ რიგში, კატეგორიულად გმობს ძალის გამოყენებას, რასაც შედეგად მოჰყვა ხალხის დაღუპვა უკრაინაში, გმობს წამებას, ძალადობას და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სხვა დანაშაულს“.

კონსენსუსით კმაყოფილები და იმედგაცრუებულები

საპროტესტო აქცია მაიდანზე

პარლამენტის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ სპეცდანიშნულების ნაწილის - „ბერკუტის“ - წევრებმა სასწრაფოდ დატოვეს სამთავრობო კვარტალი. მნიშვნელოვნად შემცირდა ასევე შინაგანი ჯარების რაოდენობა კიევის ცენტრში. ამ ფონზე ყველა ელოდა უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარე ხანგრძლივ და დაძაბულ მოლაპარაკებას, რომელზეც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კონსენსუსს მიაღწიეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.
შეთანხმება ითვალისწინებს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების 2014 წლის დეკემბერში ჩატარებას, აღდგება 2004 წლის კონსტიტუცია, შეიკვეცება საპრეზიდენტო ძალაუფლება და პარალელურად დაიწყება ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება. ანტისამთავრობო აქციის მონაწილე უკრაინელი მიხაილო ასეთ შედეგს ლოგიკურად მიიჩნევს:

„ჩემი აზრით, ეს მოსალოდნელი იყო. უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს არ ჰქონდა სხვა გზა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარდა, რადგან ხალხი, ვინც იძულებული იყო ეს მოძრაობა წამოეწყო, უკეთეს ცხოვრებას და უკეთეს პრეზიდენტს იმსახურებს. ვფიქრობ, ახალი არჩევნები საშუალებას მოგვცემს ავაშენოთ ახალი ქვეყანა, რომელიც ევროპასთან ახლოს და თავის ხალხთან ახლოს იქნება“.


თუმცა ოპოზიციის ნაწილი - მათ შორის, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანატოლი გრიცენკო - ასეთ გარიგებას მიუღებლად მიიჩნევს. „ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა ვიმუშაოთ წლის ბოლომდე ვიქტორ იანუკოვიჩთან, რომელსაც ხელები სისხლში აქვს გასვრილიო“, - განაცხადა გრიცენკომ უკრაინულ ტელეკომპანია „მე-5“ არხთან ინტერვიუში. ოპოზიციასა და იანუკოვიჩს შორის მიღწეული შეთანხმებით უკმაყოფილოა „მემარჯვენე სექტორი“, „ავტომაიდანი“ და „ავღანელთა კავშირი“, რომლებიც, გრიცენკოს თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრ ზახარჩენკოს დაუყოვნებლივ დაპატიმრებას მოითხოვს. მოგვიანებით უკრაინის უზენაესმა საბჭომ კენჭი უყარა და 332 ხმით თანამდებობიდან გადააყენა ვიტალი ზახარჩენკო, რასაც დეპუტატები ოვაციებით შეხვდნენ.

ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას საკუთარ ტვიტერზე „კარგი კომპრომისი“ უწოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ, რომელიც ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლის მისიას ასრულებდა.


პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ბოლო დღეებში ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ნიშნებიც გაჩნდა. კატასტროფულად ეცემა ეროვნული ვალუტის, გრივნის, კურსი და იზრდება მოთხოვნილება პირველადი მოხმარების საქონელზე. აშკარაა, რომ ეკონომიკური კრიზისის ლოკალიზებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის უკრაინას სოლიდური ფინანსური დახმარება დასჭირდება. კიევს კი დახმარების იმედი ახლა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან უნდა ჰქონდეს, რადგან მოსკოვი, რომელიც უკმაყოფილოა უკრაინაში მოვლენების მსგავის სცენით განვითარებით, ყველაფერს გააკეთებს კრიზისის გასაღრმავებლად. ნიშანდობლივია, რომ მხარეებს შორის შეთანხმების ტექსტს როგორც შუამავალმა, ხელი არ მოაწერა რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეებში ვლადიმერ პუტინის რწმუნებულმა ვლადიმირ ლუკინმა. ხოლო როდესაც პოლიტიკური კონსენსუსის მიღების შესახებ გახდა ცნობილი, რუსეთის უმსხვილესმა „სბერბანკმა“ საკრედიტო ოპერაციები დროებით შეწყვიტა უკრაინაში.