დავით კლდიაშვილი - 150

ზეგ, 11 სექტემბერს, დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი შესრულდება. მწერლის შემოქმედება, რომელმაც ქართული XIX საუკუნე დაასრულა, დღემდე აგრძელებს თავისი მნიშვნელობის განახლებას.

მის ნაწერებს ყოველ ეპოქაში ახლიდან კითხულობდნენ. ზოგჯერ, მართალია, ზერელედ კითხულობდნენ, მაგრამ თაროზე კლდიაშვილი არასდროს დარჩენილა, იგი ყოველთვის აქტუალური იყო და ახლაც, ამ რელიგიური და პოლიტიკური ცრურწმენების, ადამიანური სიმდაბლისა და სიბნელის ხანაში, კლდიაშვილს, ალბათ, კიდევ ერთხელ დასჭირდება გადაკითხვა.

აი, კლდიაშვილის ერთ-ერთი ასეთი ზერელე, იმპრესიონისტული აღქმა, რომელიც მწერლის თანამედროვე ცნობილ ლიტერატურულ კრიტიკოსს ეკუთვნის: "თუ დავით კლდიაშვილი ერთის ხელით გულს დაგიკოდავს, მეორეს ხელით მალამოს წასცხებს"... არიან ისეთები, ვისთვისაც დავით კლდიაშვილი, უბრალოდ, იუმორისტი მწერალია, ვიღაცისთვის სოფლის მწერალი, თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს ისეთი ზუსტი შეფასებებიც, როგორიც, მაგალითად, გერონტი ქიქოძისაა. იგი კლდიაშვილს "საღი მხატვრული ინსტინქტის მქონე მწერალს" უწოდებს და იქვე დასძენს, "სინამდვილის ფანატიკოსიო". ეს "სინამდვილის ფანატიკოსი", "საღ ინსტინქტთან" ერთად, ძალიან ზუსტად ახასიათებს ამ მწერალს. დავით კლდიაშვილი სწორედ ამ ჯანსაღი გრძნობების გამოა, ალბათ, დიდი მწერალი, მწერალი, ვინც ახერხებდა წარმოუდგენელი ერთგულება გამოეჩინა იმის მიმართ, რაზეც წერდა, ყოფილიყო თავგანწირულიც და, ამავდროულად, დაუნდობლად ზუსტი. მხოლოდ ასეთი უცნაური შეფასება თუ შემიძლია გავუკეთო მის ზოგიერთ მოთხრობას, პირველ რიგში კი, შესაძლოა, ყველა დროის საუკეთესო ქართულ ნოველას, "მიქელას".

ზემოთ XIX საუკუნის დასრულება ვახსენე. ამაზე ტიციან ტაბიძემ დაწერა 1931 წელს, "სამოციანი წლების მოღვაწეთა ბობოქარი ეპოქა ამ დროისთვის უკვე დამცხრალი იყო. მათი ეპიგონები ხალხოსნურ მიმართულებაში ეძებდნენ გამოსავალს. ჯანსაღი რეალიზმი უკვე გადადიოდა ყალბ ხალხოსნობაშიო". და სწორედ ამ დროს მოვიდა დავით კლდიაშვილი, მწერალი, ვინც არ მოერიდა შავ სამუშაოს, წვრილმანებს და დეტალებს და, კლასიკური ლიტერატურისგან განსხვავებით, რომელიც, გერონტი ქიქოძის სიტყვით, "...უფრო მონუმენტურობისკენ არის მიმართული, უფრო ზოგადი მოვლენების და ტიპიური ხასიათების ასახვა ეადვილება, უფრო გმირობის, მშვენიერების, რელიგიური აღფრთოვანების, სიყვარულის იდეების გამოხატვა აინტერესებს...", სიმართლეზე იწყებს წერას.

თითქოს ყველამ ვიცით, რომ ქართველები დარდიმანდები, ხელგაშლილები, სტუმართმოყვარენი, შემმართებელნი და ღირსებით სავსე ხალხი ვართ. არადა, მოდის დავით კლდიაშვილი და ცხადად გვაჩვენებს ჩვენს მეწვრილმანე ბუნებას, ყველა დეტალის თანხლებით. მაგალითად, მის ერთ-ერთ მოთხრობაში მოისმის საშინელი ჩხუბის ხმა და ყაყანი. რა ხდება? რა და, ეკალაზე დაობენ, რომელიც ორი მეზობლის გამყოფი ღობის ძირას იზრდება. ანდა ეს მონაკვეთი ნახეთ: "დოვუჯერე, გადვიხადე წირვა, რაც რომ მქონდა, სულ გამოვუტანე. ვინც მეწვია, შესვეს-შეთანთქლეს და შენს მტერს ისე შეემატა, რაც მე შევიმატე მერე! უიმისოდაც მუცელს ფაყა-ფუყი გაჰქონდა, ახლა კანი ხერხემლის ძვალს მიეკრა, ეს საჭმელი თუ ჩეეტკეპნება შუაში და დააცილებს ერთმანეთს! არა, ბიძიკო, შენ შენს საქმეს მისდიე, ამათ სიტყვას ნუ აჰყვები...". იმასვე შეეხება კიდევ ერთი მოხუცი აზნაურის სიტყვები: "ლამაზი ადგილები კია, ჩემო ბატონო, მარა მისგან გულდაწყვეტილები გახლავართ. კუჭს არ გვიძღებს და მჭლედ ვყევართ შენახული..."

ასეთი წვრილმანების ჩამოთვლა ძალიან ბევრის შეიძლება. კიტა აბაშიძე ამაზე წერდა: "თითქმის ყოველდღიური, ჩვეულებრივი ამბავი, დაწვრილმანებულის ცხოვრების ერთის კუნჭულის ნაფლეთი". სწორედ ასეთ "კუნჭულის ნაფლეთებზე" დგას დავით კლდიაშვილის პროზა და ის, რაც ყოფაში მეწვრილმანეობად ითვლება, მხატვრული პროზისთვის შესაძლოა ღირსებას წარმოადგენდეს, განსაკუთრებით ქართული პროზისთვის, რომელსაც კლდიაშვილამდე უფრო მონუმენტურობა და იდეები იტაცებდა.

ძალიან მიყვარს ასეთი დეტალიზაციები დავით კლდიაშვილის პროზაში. აი, მაგალითად, "ქამუშაძის გაჭირვებიდან": ეკვირინე თავიანთ "ავლა-დიდებას" ათვალიერებინებს რძალს, სონიას - შემოივლიან მთელ კარ-მიდამოს და ეკვირინე დაწვრილებით მოუყვება ყველაფერს ჭურ-მარანზე, ბოსტანზე, სადაც ხახვი, ნიახური, ოხრახუში, პრასა, ქინძი, პატრიჯანი, ჭლაკვი და მრავალი სხვა სარჩი მოჰყავს, სასიმინდეზე, ვენახზე... ასევე დეტალურია სონიას ეკლესიაში გაყვანისთვის მზადების სცენა, ავტორი არც აქ ერიდება წვრილმანებს: "ნავახშმევს თავის ხელით დაუსხა წყალი სონიას და სურნელოვანი საპნით, თავისივე ხელით შეუფუთნა თავ-პირი, რომ ღამის ასე გათევით ლოყები დაბიჟვინებოდა და უფრო პირსუქნად ჩვენებოდა... დილას შუშით თავისი უმარული მოურბენინა პუდრის მაგიერ... წარბებზე კაკლის დამწვარი გული გადაასმევინა წარბების გასამშვენებლად და ასაბზინებლად." ასეთია დავით კლდიაშვილის სამყარო, ქაღალდებზე აჭრელებულად დახატული წმინდანების სახეებით სოფლის ეკლესიებში და საფლავის ქვაზე ჩამომსხდარი ენამწარე აზნაური ქალებით, მოჩვენებითი სიდარბაისლითა და ბნელი, მაგრამ გულახდილი ცრურწმენებით.

ეს თემა, რელიგიური ცრუმორწმუნეობა, ალბათ, ერთ-ერთი უმთავრესია დავით კლდიაშვილთან. ამას ეძღვნება მისი საუკეთესო ნაწარმოებები და ყველაზე მძაფრი ეპიზოდები. ამაში დავით კლდიაშვილს ბადალი არ ჰყავს და დღემდე ვერავინ შეძლო სხვაგვარი, განახლებული მხატვრული ხედვა წარმოედგინა ამ უმწვავესი ქართული პრობლემისა.

დავით კლდიაშვილის ბიოგრაფიაზე საუბარს აქ არ ვაპირებ. უბრალოდ, ერთი-ორი დეტალი მინდა გავიხსენო. წლების წინ გაზეთ "საქართველოს" ძველ ნომრებს ვათვალიერებდი და იქ გადავაწყდი, თუ არ ვცდები, 1920 წლის ნომერში, საინტერესო რეპორტაჟს მწერლის იუბილედან. ზუსტად არ ვიცი, რა იუბილე გადაიხადეს, შესაძლოა მისი შემოქმედების მე-40 წლისთავი. საინტერესო კი ეს რეპორტაჟი იმით იყო, რომ ავტორი (არც ავტორი ან მისი ფსევდონიმი მახსოვს, სამწუხაროდ) საღამოს აღწერის გარდა ბანკეტის დეტალებსაც ჰყვებოდა და ბოლოს იმით დაამთავრა, თუ როგორ მიაცილეს უგონოდ მთვრალი დავით კლდიაშვილი პაოლო იაშვილმა და მისმა მეგობრებმა.

მეორე მოგონება თედო სახოკიას ეკუთვნის, რომელიც უკვე მძიმედ დაავადებულ მწერალს ესტუმრა სიმონეთში თბილისში წამოსაყვანად, სამკურნალოდ. დავით კლდიაშვილს გახარებია, თანხმობა განუცხადებია წამოსვლაზე, ასე უთქვამს, "ჩემი საწყალი მეუღლე მეტად დაიღალა ჩემს მოვლაში, დაისვენებსო". თუმცა მეორე დღეს, "სწორედ იმ წუთს, რა წუთსაც უნდა გამოვსულიყავით სვიმონეთიდან, ავადმყოფმა ერთბაშად გადაიფიქრა... მისი ოთახიდან მოგვესმა გაუწყნარებელი სასოწარკვეთილების ყვირილი: არ მინდა თბილისში წასვლა... არ მინდა... იქ მომკლავენ... თუ სიკვდილია, ისევ ჩემი მაშოს ხელში მოვკვდე, ჩემსავე სახლშიო!..."

ბოლოს ტიციან ტაბიძის ერთი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ, რომელიც დავით კლდიაშვილის წინამორბედების ძიებისას იოანე ბატონიშვილის "კალმასობას" ახსენებს და ასე ამბობს, "კალმასობის" ხერხი შეუგნებლად გამოიყენა კლდიაშვილმაო. ცხადია, პირველ რიგში, "სამანიშვილის დედინაცვალს" გულისხმობდა. სხვათა შორის, ამან ჩვენი დროის საუკეთესო პროზაიკოსი, აკა მორჩილაძე გამახსენა, რომელსაც ორივე ერთნაირად უყვარს, "კალმასობაც" და კლდიაშვილიც, და ორივეს ხშირად ახსენებს ხოლმე. ვინც მისი ბოლო რომანი, "ობოლე" წაიკითხეთ, მთხრობელის, ბაბუის ოჯახიც გეხსომებათ, დიდი, მრავალრიცხოვანი ოჯახი, უფრო კომუნას რომ ჰგავს, ტრადიციულ ქართულ კომუნას, სადაც ოჯახის წევრების, შვილებისა და შვილიშვილების გარდა, ბევრი სხვაც ირიცხება - მათ შორის სრულიად უცხო ადამიანები, მოხუცები, ყმაწვილები... იმედია, გაგახსენდათ კლდიაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი "ჩემი ცხოვრების გზაზე", სადაც პირველივე თავში შეხვდებით ასეთ ღია ოჯახს. მწერალი აქ დედულეთს, სოფელ ხომულს აღწერს და ბაბუის, ნიკო ღოღობერიძის, ოჯახს, რომელიც ყველასთვის გახსნილი იყო და რამდენიმე გარედან მიღებული წევრიც ჰყავდა "შემოთვისებული" (ასე ეძახდნენ მაშინ ასეთ ოჯახის წევრებს).