სიფრთხილე და ავტორიტეტები

დღეს ორი პოეტის 2 ახალ კრებულზე ვისაუბრებთ - თეა თოფურიას "ეკოციდი" გამომცემლობა "დიოგენემ" გამოსცა, ხოლო პაატა შამუგიას "დაუჯდომელი" "სიესტაში" გამოვიდა.

თეა თოფურიასთვის ეს, საერთოდაც, პირველი პოეტური კრებულია, თუმცა ლექსები მის სხვა წიგნშიც შევიდა. საქმე ისაა, რომ თეას პირველ წიგნში, "პიტნის კალო", მოთხრობებიც იყო თავმოყრილი და ლექსებიც. არადა, ჯობდა პოეზია ცალკე წიგნად გამოსულიყო მაშინ, პროზა კი - ცალკე. კრებულში ბოლო 2-3 წლის მანძილზე დაწერილი ლექსებია შესული, თუმცა, როგორც თავად ავტორმა განმარტა, აქ მთავარი მხოლოდ ეკოლოგიური ან თუნდაც ომის თემა არ გახლავთ:

"სათაურზე ვფიქრობდი ძალიან დიდხანს, იმიტომ რომ მე სათაურებს არ ვარქმევ ხოლმე ლექსებს, ძალიან მიჭირს სათაურების დარქმევა და, შესაბამისად, ლექსებს როცა არაფერი ჰქვია, მერე კრებულისთვისაც გიჭირს შერჩევა. რამდენიმე ლექსი იყო სულ დასათაურებული და ერთ-ერთი გამოვიტანე. რას ნიშნავს ეკოციდი? ხანდახან ჰგონიათ, რომ უფრო დოკუმენტურია, ომზე და ა.შ. არ არის მაგაზე. ეს წიგნი უფრო არის ეკოციდზე, როგორც ადამიანურ მოვლენაზე. რაღაცა ალეგორიასავითაა... რაც შეიძლება დამართოს ეკოციდმა ტყეს, და ეს ყველამ კარგად ვნახეთ ომის პერიოდში, იგივე შეიძლება დაემართოს ადამიანსაც. სხვა მიზეზების გამო, რა თქმა უნდა. უბრალოდ, მე ჟურნალისტი ვარ და ეს ყველაფერი მაშინ გავიარე, როდესაც ეკოლოგიაზე ვწერდი. ვნახე ეს ტყე, ეს პროცესი, თუ როგორ იწვება ტყე, როგორ ქრება მერე ეს ხანძარი. მთელი ფილოსოფიაა ამაში და მაშინ ვნახე კარგად, რომ ადამიანშიც მიმდინარეობს იგივე პროცესები, როდესაც რაღაცა ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდი განსაცდელი გადაგაქვს."
ევაკუაცია ყველასთვის არაა,
ქალებს და ბავშვებს გადამალავენ,
მაგრამ თუ მიწა ხარ,
საკუთარ საზღვრებს იქით ვერ გაიქცევი...
თეა თოფურია

ამ პირადი ტკივილის და განსაცდელის მიზეზი სიყვარულიც შეიძლება იყოს და ომიც და ორივე შემთხვევაში არსებობს საშიშროება სენტიმენტებიც გაიპაროს ლექსებში. თეას არ უყვარს სენტიმენტები და ხშირად პრინციპულადაც ახშობს ასეთ გრძნობებს, თუმცა მაინც ვერ გაურბის ბოლომდე. მაგალითად, ლექსში "ნალის შეჭამანდი" ერთი სიტყვა, "მონატრება", არღვევს სიზუსტეს და სულ სხვაგან გადავყავართ, ლექსი "ძვირფასო ჩემო" კი მთლიანად ასეთ გრძნობებზეა აგებული. იგივე შეიძლება ითქვას თეას კიდევ რამდენიმე ლექსზე.

უფრო ხშირად კი თეა თოფურია ფრთხილია, მსუბუქად ეხება საგნებს, გრძნობებს, მოგონებებს, იმდენად ფრთხილად, რომ ლექსში ზოგჯერ ხელმოსაჭიდი ცოტა რამ რჩება. ასეა ლექსში "დედლაინი", სადაც მხოლოდ ამ ფრთხილი შეხების კვალი მოჩანს. ესაა ჩანაწერები, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა, რომ ლექსად ქცეულიყო.

წიგნში რამდენიმე სრულყოფილი ლექსია, რომელიც ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებდა. მაგ. "ლაზარე, შაბათი", ანდა 2-3 უსათაურო ლექსი, რომელიც თემატურადაც და ფორმის თვალსაზრისითაც დასრულებულია, ზოგიერთი კი, როგორც, მაგალითად, "მზე შინაა", პირველ რიგში საინტერესო რიტმით იქცევს ყურადღებას.

თეა თოფურია


ის ლექსებიც უნდა გამოვარჩიოთ, სადაც მიწაზე, დაკარგულ სახლზე, ომის შედეგებზეა საუბარი. სხვათა შორის, თეა ავტორია ბრწყინვალე მოთხრობისა, "სახლი", და ეს თემა მის ლექსებშიც ხშირად გვხვდება ხოლმე. აქ სულ სადღაც მიდიან, საიდანღაც გამოდიან, წასვლა, მოძრაობა მართავს აქ ყველაფერს. ძალიან მომწონს მისი ერთი ლექსის სათაური - "წასვლა დაიწყო". თეა სამშობლოს ცნებასაც ხშირად ახსენებს, თანაც სრულიად განსხვავებული ატრიბუტებით - ხან საზღვრებს გარეშე არსებულ, ხანაც უმკაცრეს საზღვრებში მოქცეულ მიწაზე წერს: "ევაკუაცია ყველასთვის არაა, / ქალებს და ბავშვებს გადამალავენ, / მაგრამ თუ მიწა ხარ, / საკუთარ საზღვრებს იქით ვერ გაიქცევი".

პაატა შამუგია ისევ არ ანებებს თავს რელიგიურ ფორმებს, მის წიგნსაც ასე ჰქვია - "დაუჯდომელი", ანუ იგივე აკათისტო, ლოცვა, რომელსაც ფეხზე დამდგარი წარმოთქვამენ. რა არის ეს? სეკულარული ჰიმნოგრაფია თუ პოეტური ტრადიციის გააზრება? იქნებ 90-იანი წლების პოეზიაში წამოწყებული რელიგიურობის დასკვნა და დასრულებაა? წიგნში სულ ახალი ლექსებია თავმოყრილი, თუმცა თავად "დაუჯდომელი" ვრცელი პოემაა, რომლის დასაწყისშიც ავტორი ახსენებს ადამიანს, ვინც "ბოლოს ყოვლად ქრესტომათიული სიკვდილით მოკვდა / და სამი დღის მერე ფეხზე წამოდგა..." და ვინაც შემდეგ "ლექსი დაწერა, / ლექსი, რომელიც დღემდე იწერება და არა და არ უჩანს დასასრული. / ესეც იმ ლექსის გაგრძელებაა, ისევე, როგორც ყველა ლექსი...". ეს ადამიანი გულიანად იცინის, სიცილს ჯვარივით ატარებს და ეს პოემაც, სიცილის გამო იწერება, "დიდ და ქრესტომათიულ სიცილზე" გვესაუბრება, გარკვეულ სიმწრის სიცილზე.

პოემის თითოეული თავი, თითოეული კონდაკი არშემდგარი ესსეა ამა თუ იმ თემაზე. აი, სტრიქონები, რომლებიც ესსეს სათაურებადაც გამოდგებოდა: "ადამიანებს მნიშვნელობები გაეპარნენ", "რიტუალის ჩანაცვლება სამოქალაქო ევქარისტიით", "სიკეთე - ყველაზე საიმედო ბიზნესი", "ნაოჭებშორის ჩამალული ტრანსგრესია", ეთნოფსიქოლოგია, მითოლოგია, ოსირისი, ისიდა, ჩანაცვლება, კომპენსაცია... ხანდახან მოსაწყენიც კი ხდება ხოლმე პოემაში ეს ტერმინები, მაგრამ რა უნდა ქნას ავტორმა, რომელიც სწორედ ასე გამოხატავს ზუსტად თავის სათქმელს. იგი გვარებსაც ხშირად ასახელებს, ანუ ავტორიტეტებს. ერთ ლექსს ასეც ჰქვია - "ავტორიტეტული სიყვარული" - და მთელი ლექსის მანძილზე პაატა გვარებს ჩამოთვლის - ჟიჟეკი, ბუკოვსკი, კასტანედა, ამირეჯიბი, ბოდრიარი, ენცენსბერგერი, ბლანშო, გრამში და ბოლოს: "და ისე, უბრალოდ, ავტორიტეტების გარეშე რომ ვთქვათ - "მე შენ მიყვარხარ" - ხომ არაფერი დაშავდება?!". როგორც ჩანს, დაშავდება!

პაატა შამუგია არ არის 90-იანელი, მაგრამ მისი პოემა 90-იანელების პოეზიის დასკვნასავით იკითხება. თითქოს მან სპეციალურად ქექა ის პერიოდი, ფილოლოგის მონდომებითა და სიჯიუტით იკვლია იქაურობა და ბოლომდე მიიყვანა ძველი კონცეპტები. შემდეგ ეს ყველაფერი თანამედროვე, XXI საუკუნის პირველი ათწლეულების ქაოსთან დააკავშირა და ამის გამო ბოლოს იძულებული გახდა ეს "ესეისტიკა" უბრალო სტატისტიკით შეევსო და დაესრულებინა. პოემა ასე მთავრდება: "ყოველწლიურად 15 მილიონი ბავშვი შიმშილით კვდება..." როგორც თავად ამბობს, პაატა ცდილობს პოეზია გახადოს მათემატიკაზე ზუსტი და შიმშილზე სასტიკი. იმედია სულ მალე იგი ამ სიზუსტეს ციფრების გარეშეც მიაღწევს, ხოლო მანამდე კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მის ლექსებს, მოვუსმინოთ, მოვქექოთ.

პაატა შამუგია


აი, მისი ტროპები: ტროტუარმა ბალახები ამოიყმუვლა, ასფალტმა ბალახები და ხეები ამოიკივლა, ისააკ ნიუტონი თავზე ვაშლივით გეცემა, კორპუსები ფანჯრებს მოხუჭავენ, მდინარეები ტალღებს დაიკაპიწებენ. სხვა თანამედროვე ქართველ პოეტებთან სხვაგვარადაა, პაატასთან კი ეს უმწიფარი მეტაფორები მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებენ, რომ ავტორი დიდი ფორმებისთვის იბრძვის, ტილოს შექმნა სურს და ასეთ მოუქნელ სტრიქონებს ფარდაგებივით იყენებს, პოეტური სივრცის შესავსებად. ალბათ, იმავე ფუნქციას ასრულებს ჟღერადობაზე აგებული წყვილები - "ეთიკური და გოთიკური, ეპიკური და ლოგიკური, კომიკური და მისტიკური, ლირიკული და პრაქტიკული, არქტიკული და ტროპიკული". ასეთი სიმჩატეები მასთან ხშირად გვხდება. იგი ყველაფერს ისრუტავს და შემდეგ აფრქვევს ამას, ხელოვნური თოვლივით. თუკი თეა თოფურიას სიფრთხილისგან მოსდის რაღაცების გამოუთქმელობა, შამუგიასთან პირიქით, გაუფრთხილებლობის გამოა, რომ ყველაფერს ამბობს და მხოლოდ შემდეგ ცდილობს ნათქვამისთვის ადგილის პოვნას. მისი ეს პოემა ქართული "ღმუილივითაა", სადაც საყვარელი თუ საძულველი ავტორები, ცნებები, კომპლექსები, ციფრები, საინფორმაციო ნაგავი, ღირებულებები და ამ ღირებულებებთან ბრძოლის საშუალებები - ყველაფერი ერთადაა დახვავებული. ამ წიგნით შამუგიამ თავის თავში, როგორც პოეზიის მკითხველში, რაღაცას ბოლო მოუღო და რაღაც ახალში შეაბიჯა, როგორც პოეტმა. პაატა 90-იანი წლების ქართული პოეზიის გაუმაძღარი მკითხველი იყო. ამ წიგნის შემდეგ კი, მომეჩვენა, თითქოს იგი საბოლოოდ დანაყრდა ამით.