პეტიცია ადამიანის უფლებების ხელყოფის შეწყვეტის მოთხოვნით

გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია სამართლიანობისათვის“ ადგილობრივ ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების ანგარიში. ამ კვლევის მიხედვით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე დღემდე არაერთ დარღვევას აქვს ადგილი. თითქმის ყოველდღიურად ილახება თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, ადგილი აქვს დისკრიმინაციას, ირღვევა გადაადგილების და განათლების უფლება, შელახულია საკუთრების და დევნილთა დაბრუნების უფლება. ანგარიშში ამ უფლებების დარღვევის კონკრეტული მაგალითებია მოყვანილი. ანგარიშის მომზადებისას კოალიციამ ისარგებლა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი წყაროებით. პოლიტიკური ვითარების გამო მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება არ მიეცათ. შესაბამისად, ყველა უფლებადარღვევის ფაქტი დაფიქსირებული არ არის, მაგრამ ორგანიზაციის წევრები ფიქრობენ, რომ ეს ანგარიში რეალობასთან ძალიან ახლოსაა. ადვოკატირების ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ვაშაკიძე ამბობს, რომ ანგარიშში მოხვდა ყველაზე გავრცელებული უფლებადარღვევის ფაქტები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისთვის“ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ადამიანების მიერ შეიქმნა 2010 წლის დასაწყისში და საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. ორგანიზაციას განზრახული აქვს ხელი შეუწყოს მშვიდობის დამკვიდრებას და აღმოფხვრას ადამიანთა იძულებით გადაადგილებით გამოწვეული უსამართლობა.

„კოალიცია სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლების აზრით, როგორც ხელისუფლებამ, ისე არასამთავრობო სექტორმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო განგაშის ზარები უნდა შემოკრას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა გაააქტიუროს.

ორგანიზაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა ხელყოფის შეწყვეტის მოთხოვნით მომზადებულია პეტიცია, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს გაეგზავნება. ამჟამად პეტიციაზე ხელის მოწერა მიმდინარეობს, ხელმომწერები კი საერთაშორისო უფლებადამცველებს შემდეგი მოთხოვნებით მიმართავენ:

პირველი – მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს მასზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაკისრებული ვალდებულებები.

მეორე – უზრუნველყონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის გაძლიერება ინფორმაციის დროული შეგროვების, გავრცელების და დარღვევებზე ადეკვატური რეაგირებისთვის.

მესამე – გააძლიერონ მუშაობა საქართველოს ხელისუფლებასთან, რუსეთის ფედერაციასთან, გაეროს თემატურ სააგენტოებთან, ევროკავშირთან, ეუთოსთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ასიათასობით დევნილის საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეული დაბრუნებისათვის.

„კოალიცია სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის თეა მაისურაძის თქმით, პეტიციის გავრცელებით, პირველ რიგში, დევნილები არიან დაინტერესებულნი და ხელის მოწერაზეც ისინი აქტიურობენ.

ამჟამად ორგანიზაციის ვებგვერდზე ხელმოწერები გროვდება. ორგანიზაციის წარმომადგენლების აზრით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის აქტიურობა მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა გაცხოველდეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე დროული რეაგირება მოხდეს.