მესამე კლასის მგზავრი, რომელსაც "ტიტანიკზე" სიკვდილი არ ეწერა

"ტიტანიკი" საბედისწერო რეისის დაწყებამდე

2012 წელს, „ტიტანიკის“ მგზავრებს შორის, ყველა მდიდარი და პრივილეგირებული არ ყოფილა. მგზავრების ნახევარზე მეტი მუშათა კლასის წარმომადგენელი ემიგრანტი იყო, რომლებიც ოკეანეს კვეთდნენ ამერიკასა თუ კანადაში უკეთესი ცხოვრების დასაწყებად. 14-15 აპრილს მსოფლიო „ტიტანიკის“ ჩაძირვის 100 წლისთავს აღნიშნავს. რადიო თავისუფლება მოგითხრობთ ერთი სომეხი მგზავრის შესახებ, რომელიც ოსმალეთის იმპერიას გაექცა, თავი „ტიტანიკზე“ ამოჰყო და გადარჩა.

ნეშან კრეკორიანი 20 წელს ოდნავ გადაცილებული იყო, როდესაც მამამ უბრძანა, დაეტოვებინა სახლი დასავლეთ სომხეთში და ახალი ცხოვრება დაეწყო ატლანტის ოკეანის გადაღმა. კრეკორიანიც დაემორჩილა მამის ნება-სურვილს; ევროპა გადაჭრა და შეიძინა მესამე კლასის ბილეთი ხომალდზე, რომელიც საბედისწერო მოგზაურობას იწყებდა. აი, რას ჰყვება მისი შვილიშვილი, ვან სოლომონიანი:

„მამამ უთხრა, დაეტოვებინა ქვეყანა, ცხოვრება ახლიდან დაეწყო კანადაში და შემდეგ ძმებიც წაეყვანა. მას ორი უმცროსი ძმა ჰყავდა, რომლებიც ადგილზე დარჩნენ. ბაბუამ ოთხი თანამემამულე შეკრიბა. ისინი ჯერ საფრანგეთში, შერბურში ჩავიდნენ, ხოლო შემდეგ ბედმა მათ ‘ტიტანიკზე’ ამოაყოფინათ თავი“, - ამბობს სოლომონიანი.

ნეშან კრეკორიანი


კრეკორიანი ერთ-ერთი იყო მესამე კლასის იმ 700 მგზავრიდან, რომლებიც ლეგენდარული გემის ბორტზე აღმოჩნდნენ. ემიგრანტებმა სკანდინავიიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ათასი დოლარის ეკვივალენტი გადაიხადეს ბილეთისათვის, რომელიც მათ მოკრძალებულ საძინებელსა და საჭმელს სთავაზობდა მესამე კლასის სასადილო დარბაზში მოგზაურობისთვის, რომელიც, წესით, ერთ კვირას უნდა გაგრძელებულიყო. სოლომონიანი იხსენებს, რომ ბაბუამისი საძინებელს აღწერდა, როგორც გადაჭედილს, მაგრამ კომფორტულს.

მგზავრობის მეხუთე დღეს, 14 აპრილს, გემი უზარმაზარ აისბერგს დაეჯახა და ჩაძირვა დაიწყო. სოლომონიანი იხსენებს, რომ ბაბუამისი და სხვა მგზავრები ის-ის იყო მაგიდას მისხდომოდნენ და ბანქოს თამაში დაეწყოთ.

„ისინი კარტს თამაშობდნენ, როდესაც რყევა დაიწყო. - ამბობს სოლომონიანი. - შემდეგ კი ყრუ ბრახუნის ხმა გაიგეს. მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ არ იცოდნენ, რა. პრობლემა ის იყო, რომ მესამე კლასის მგზავრები ჩაკეტილები იყვნენ, რადგან მაშინდელი წესების თანახმად, ისინი პირველი და მეორე კლასის მგზავრებისგან იზოლირებული უნდა ყოფილიყვნენ. ზემოთ ასასვლელად მასა და კიდევ რამდენიმე კაცს ჯაჭვის საკეტის გაწყვეტა მოუხდათ. ბაბუაჩემი მეათე ნავზე აღმოჩნდა. ნავი ნაწილობრივ უკვე ჩაშვებული ყოფილა წყალზე და მას გადახტომა მოუხდა. ასე გადარჩა.“

მესამე კლასის მგზავრების უმეტესობას ასე არ გაუმართლა. მათი ორი მესამედი გემს ჩაჰყვა ოკეანის ფსკერზე ისე, რომ ბევრმა მათგანმა გარეთ გამოღწევაც ვერ მოახერხა. გემზე მყოფი 2200 ადამიანიდან მხოლოდ 700 გადარჩა, უმეტესობა - პირველი და მეორე კლასის მგზავრები.

კრეკორიანმა ბოლოს მაინც მოახერხა კანადაში ჩასვლა. ის ონტარიოში, ქალაქ სენტ-კათარინსში დასახლდა და „ჯენერალ მოტორსის“ ქარხანაში დაიწყო მუშაობა. იმდენი მოახერხა, რომ მამისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა და ძმებიც თავისთან ჩაიყვანა. მანვე დააარსა ქალაქის სომხური ეკლესია - პირველი კანადაში.

ნეშან კრეკორიანის საფლავი კანადის ქალაქ სენტ-კათარინსში


ნეშან კრეკორიანი 89 წლისა გარდაიცვალა. მისი შვილიშვილი ამბობს, რომ ის წყნარი კაცი იყო, რომელიც ინგლისურად ცუდად ლაპარაკობდა და ხშირად ათამაშებდა ხელში კრიალოსანს. ის იხსნეებს, რომ „ტიტანიკის“ ამბებს ბაბუა იშვიათად ახსენებდა. მხოლოდ რამდენიმეჯერ თუ გაუხსენებია მგზავრების საოწარკვეთილი კივილი, როდესაც ისინი ყინულივით ცივ წყალში ცვიოდნენ. თუმცა კი ამბობს, რომ ნეშან კრეკორიანს „ტიტანიკი“ არასოდეს დავიწყებია:

მას შემდეგ გემზე აღარასოდეს ასულა. არც უცურავია. მის საცხოვრებელთან, ონტარიოს ტბაზე, კარგი პლაჟი ჰქონდათ. მისი ოჯახი უიკენდზე საცურაოდ მიდიოდა ხოლმე, მაგრამ ის თავისიანებს არასოდეს გაჰყოლია. ალბათ, ეს ტრავმის სიღრმეზე მეტყველებს. ეს შიში კრეკორიანმა ვერასოდეს გადალახა.