თვითაღიარებული რესპუბლიკები ტერმინს - „ოკუპაცია“ საერთაშორისო დონეზე აპროტესტებენ

რუსული სამხედრო ბაზა ცხინვალში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო ლექსიკონიდან ამოიღონ ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“. ეს საკითხი ოსურმა დელეგაციამ ჟენევის დისკუსიის შეხვედრისას დასვა.

ევროპიდან დაბრუნებულმა თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ჟენევის დისკუსიის მოლაპარაკების შესახებ უამბო. ოსური და აფხაზური მხარეები მტკივნეულად განიცდიან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიების“ გამოყენებას და ცდილობენ ამ საკითხის განხილვა ჟენევის დისკუსიის დღის წესრიგში შეიტანონ. ბორის ჩოჩიევის განცხადებით, ჟენევის დისკუსიის მე-20 შეხვედრაზე ოსური დელეგაცია კატეგორიულად მოითხოვს ტერმინის შესახებ მსჯელობის დაწყებას. გარდა ამისა, ოსური და აფხაზური მხარეები ქართული მხარისგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას მოითხოვენ, ქართული დელეგაცია კი კონფლიქტის მხარედ რუსეთს აცხადებს და ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერას მხოლოდ მასთან მიიჩნევს შესაძლებლად.
ქართულ მხარეს ვთხოვოთ გადახედონ მარეკ დუდაევის, ვალიევის, ზასეევის, კოჩიევის სასჯელებს, იმ ადამიანების სასჯელებს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი...
ბორის ჩოჩიევი

ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ ქართულ ციხეებში მყოფ ოსი ეროვნების მოქალაქეთა სასჯელის გადახედვა მოითხოვა. როგორც ცნობილია, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის, მათ შორის, გორის ტერაქტისთვის დაკავებულ პირებს სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. ჩოჩიევი ქართულ მხარეს მოუწოდებს, რომ ამ პირების გადაცემა თუ არა, სასჯელის შემსუბუქება მაინც მოხდეს.

„სხვა ვარიანტი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ქართულ მხარეს ვთხოვოთ გადახედონ მარეკ დუდაევის, ვალიევის, ზასეევის, კოჩიევის სასჯელებს, იმ ადამიანების სასჯელებს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. მე ვფიქრობ, რომ ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციის ფორმატები საჭიროა, იმიტომ რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ჩვენი პოზიციის გაცნობის საშუალებაა“, – აცხადებს ბორის ჩოჩიევი.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ტერმინი ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული და არავის საქმე არ არის რას ჩაწერს საქართველო საკუთარ კანონში. მისი თქმით, საერთაშორისო დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია კი ჩაიწერა, მაგრამ მას ბევრი დიპლომატი დღემდე არ იყენებს, ამიტომ ამ საკითხზე ხმაურის ატეხა მას არასერიოზულად მიაჩნია. რაც შეეხება საქართველოს ციხეებში მყოფ ოსი ეროვნების მოქალაქეებს, ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ მათი აქ გაჩერება საქართველოს არანაირ სარგებელს არ აძლევს, ოსური მხარისთვის გადაცემა კი კარგი დიპლომატიური ნაბიჯი იქნებოდა და ამით კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველების მდგომარეობაც მნიშვნელოვნად შემსუბუქდებოდა.

„ჩვენს კანონმდებლობაში რას ჩავწერთ, ეს მათ არ ეხებათ. რომ ვთქვა, საერთაშორისო სამართალმა აიტაცა ეს ტერმინი, სწორი არ იქნება. რამდენიმე დოკუმენტში კი მოხვდა, მაგრამ მაინც არ ხმარობენ. მაგალითად, ევროპარლამენტმა კი შეიტანა რეზოლუციაში სიტყვა „ოკუპაცია“, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენელი ლეფორი არ ხმარობს ამ ტერმინს. ამერიკის კონგრესმაც ჩაწერა ეს სიტყვა გადაწყვეტილებაში, მაგრამ ამერიკის ელჩი არ ხმარობს ამ სიტყვას, ამიტომ მათ მიერ ატეხილი ხმაური მხოლოდ ყურადღების გადატანაა და მეტი არაფერი. წესით, არ უნდა აპროტესტებდნენ, იმიტომ რომ ეს ჩვენი კანონმდებლობის ენაა. ქართველების გადასაწყვეტია გვაწყობს თუ არა ამდენი ლაპარაკი ოკუპაციაზე.

პაატა ზაქარეიშვილი

რაც შეეხება მეორე საკითხს, ისრაელ-პალესტინის მაგალითი ცხადყოფს, რომ პატიმრების ყოლა შენთან არაფერს იძლევა, დაძაბულობის გარდა. ესენი რომ გავათავისუფლოთ, იქ ძალიან ბევრ ქართველს ხელს შევუწყობთ, რომ არ დააპატიმრონ ან მალე გამოუშვან. ომის დროს გენერალი დუმბაძე ექვს ქართველ ოფიცერში გავცვალეთ, სწორედ მოვიქეცით ძალიან, მაგრამ თუ გენერალ დუმბაძის გაშვება შეიძლებოდა, რომელიც ათასჯერ უფრო მეტი ბოროტების მომტანი იყო საქართველოსთვის, რას გვაძლევს ამ ხალხის ციხეში ყოფნა დღეს? მე მგონია, რომ ამ პატიმრების ყოლა არაფერს გვაძლევს და, პირიქით, ვძაბავთ ვითარებას. თუ მათ გარკვეული ხელშეკრულების საფუძველზე გავუშვებთ, რომ მომავალში შეიქმნას კომისია, რომელიც მუდმივად გააკონტროლებს დაკავებულების ბედს და მათ გათავისუფლებას, ეს ძალიან კარგი დიპლომატიური ნაბიჯი იქნებოდა“,– ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ჟენევის დისკუსიის საიუბილეო მე-20 რაუნდი 8 ივნისს გაიმართება. წინასწარ უკვე ცნობილია, რომ დღის წესრიგში ისევ ძველი საკითხები შევა: მსჯელობა ტერმინზე, კამათი ძალის გამოუყენებლობის შესახებ და დაკავაბული პირების გათავისუფლების საკითხი.