მოსკოვის საწყობში მომხდარმა ხანძარმა შრომითი მიგრანტები იმსხვერპლა

ერთ-ერთი ბაზრის საწყობში მომხდარი ხანძრის შედეგად მოსკოვში სამშაბათს 17 ადამიანი დაიღუპა. მოსკოვის ხელისუფლებისა და მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ცენტრალური აზიის რესპუბლიკებიდან სამუშაოს საძებნელად ჩასული მიგრანტები არიან, რომლებსაც დაბალი ანაზღაურების გამო მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უხდებოდათ ცხოვრება.

რუსეთის მედიის თავდაპირველი ინფორმაციით, კაჩალოვსკის ბაზართან არსებულ ორსართულიანი ნაგებობის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ტაჯიკეთიდან იყო, თუმცა, როგორც მოგვიანებით ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა დავლათ ნაზრიევმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გარდაცვლილები ტაჯიკურ ენაზე მოლაპარაკე უზბეკეთის მოქალაქეები უნდა იყვნენ. მოსკოვის პოლიციის სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იულია ანოსოვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მსხვერპლთა ზუსტი ვინაობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ხანძარმა დაღუპულთა მთელი ქონება და დოკუმენტაცია გაანადგურა:

„აღნიშნული პირების კუთვნილი ვერც ერთი დოკუმენტი ვერ იქნა აღმოჩენილი, რადგან ყველაფერი განადგურდა. ამიტომ ახლა შემოწმდება, თუ ვინ იმყოფებოდა ამ შენობაში, რატომ და რა პირობებში იმყოფებოდნენ ისინი იქ, ჰქონდათ თუ არა მათ ამის უფლება, რადგან ეს იყო საწყობი, რომელსაც საყოფაცხოვრებო დანიშნულება არ ჰქონდა.“
ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შრომითი მიგრანტები ცხოვრობდნენ მონურ მდგომარეობაში ...
კარომატ შარიფოვი

ეს არ არის შრომითი მიგრანტების დაღუპვის ერთადერთი შემთხვევა რუსეთში. 2009 წლის იანვარში 7 მიგრანტი დაიღუპა ხანძრის შედეგად ერთ-ერთ გარაჟში, რომელსაც შრომითი მიგრანტები საცხოვრებლად იყენებდნენ. გასული წლის მაისში, ასევე მოსკოვში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში გაჩენილ ხანძარს კიდევ შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ყველა შემთხვევაში დაღუპულები ცენტრალური აზიის სამი რესპუბლიკის - ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის - წარმომადგენლები არიან, რომლებიც ღარიბი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან სამუშაოს საძებნელად რუსეთში გამორბიან. შრომით მიგრანტებს მოსკოვის სხვადასხვა ბაზრებზე იაფ მუშახელად ქირაობენ, დამქირავებლები მათ არ უხდიან ბინის ქირას, რის გამოც ისინი ჯგუფ-ჯგუფად ცხოვრობენ მიტოვებულ სახლებსა და სარდაფებში. მოსკოვის კაჩალოვსკის ბაზართან მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპული 17 ადამიანიც, სავარაუდოდ, სარდაფში მდებარე საწყობში ცხოვრობდა, სადაც მათ ჩართული ჰქონდათ კუსტარული ელექტროგამათბობელი, რომლის დაზიანება ანდა მოკლე ჩართვა გახდა კიდეც ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ტაჯიკი შრომითი მიგრანტების უფლებათა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარის კარომატ შარიფოვის ინფორმაციით, გარდაცვლილები საწყობში მონურ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ:

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შრომითი მიგრანტები ცხოვრობდნენ მონურ მდგომარეობაში. ისინი, ფაქტობრივად, მოსპეს. სახლი ბოქლომით იყო დაკეტილი, როდესაც ხანძარი გაჩნდა.“

შარიპოვი აცხადებს, რომ მაშველებმა საწყობში მყოფი შრომითი მიგრანტების გადარჩენა იმიტომ ვერ მოახერხეს, რომ კარები გარედან განზრახ იყო ჩარაზული, რათა მუშები სხვა დამქირავებლებთან არ წასულიყვნენ სამუშაოდ.

წლებია, რაც მოსკოვი იზიდავს სამუშაოს მძებნელებს ცენტრალური აზიის ღარიბი რესპუბლიკებიდან, მაგრამ ჩასულთა უმრავლესობას არა აქვს შრომის უფლება, დამქირავებლები იაფი მუშახელის დაქირავების შესახებ ინფორმაციას უმალავენ სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლებს, რაც მთავრდება იმით, რომ შრომითი მიგრანტები იძულებულნი არიან საცხოვრებლად გამოიყენონ სახლების სარდაფები ანდა დროებით იქირაონ ბინა, სადაც რამდენიმე ადამიანი ერთად ცხოვრობს. მძიმე სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობების გარდა, ცენტრალური აზიისა და მუსლიმანური კავკასიის რეგიონიდან გამოსულ შრომითი მიგრანტების ყოფნას ურთულებს ზოგიერთი რუსი მოქალაქის რასისტული გამოხდომა, რაც რამდენჯერმე სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა.