აკა მორჩილაძის Obolé

“ორწელიწადნახევარი მაინც ხო? რომ წამოვედი, სანამ ის, სანამ ეს, ხან ერთი რაღაც დავწერე, ხან ის ვიმეცადინე, ხან ეს... მერე ეს დავწერე შარშან ზაფხულს და სექტემბერში თუ აგვისტოში მივეცი თინას, არც მახსოვს ზუსტად. იმის მერე ახლა გამოვიდა...”

აკა მორჩილაძის ახალმა რომანმა, Obolé-მ, ავტორის ორწლიანი დუმილი დაარღვია. დაახლოებით ამდენ ხანს ელოდა ქართველი მკითხველი აკას ახალ რომანს. ნაწილი, ერთეულები, ამ დროის მანძილზე მთლად უქმად არ იჯდნენ ალბათ და აკას ცხელ-ცხელი წიგნების გარეშე დარჩენილ უახლეს ქართულ პროზაზე დაკვირვებითაც ერთობოდნენ. სხვებმა, შეჩვეული საკითხავი რომ შემოაკლდათ, პირველად გაიხედეს დანარჩენი მწერლებისკენ. ისეთებიც იყვნენ, ვინც აკას ზოგიერთი რომანის ხელახლა გადაკითხვისთვის მოიცალეს.
Obolé ერთი ამოსუნთქვით დაწერილი რომანია. თავიდან კი ვფიქრობდი, დიდი ხნის მანძილზე დიდი სიყვარულით ნაგროვები მასალა გადმოალაგა მეთქი გიომ, მაგრამ მერე თავად გამიქარწყლა ეს ფიქრები:

“სულ ხო თავში გაქვს რაღაცა, არაფერს არ ვაგროვებდი და არც მიფიქრია ამის დაწერაზე, მაგრამ წავიდა და წაყვა. უცბად დავწერე, როგორც გამოდის ხოლმე. ზაფხულში. ეგრევე დავწერე. მართლა არაფერი არ შემიგროვებია, ზოგი მოვიგონე, ზოგი გახსოვს, ან გადააკეთებ ანდა გადაკეთებული გახსოვს. მერე რომ მიყვები, ისედაც ხომ იგონებ.... და ეგარი რა.”

საგებს ხომ წერენ დღეს? ბევრი მაგარია და ბევრი მოსაწყენია. ამიტომ, პირდაპირ საგა რომ არ ყოფილიყო, ვითომ რაღაც მოგონებებია ...
ეს გამონაგონი ძალზე ზუსტი და ნამდვილი გამოუვიდა აკას, ზოგჯერ სენტიმანტალური, ცრემლისმომგვრელიც კი, ალაგ-ალაგ კი ჩახვეული და ჩახლართული. ვიღაცამ შეიძლება აკას ნაწერების ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნიოს ეს რომანი, ჩემთვის კი ბევრი რამე გაიხსნა ამ რომანში, კონკრეტულ ავტორთან დაკავშირებითაც და ზოგადად ქართულ პროზასთან მიმართებაშიც.

რომანში თავიდან ნელი ტემპია, მიიზლაზნება ამბავი, ხოლო ავტორი შიგადაშიგ გამოსაფხიზლებლად ხან სასაცილო ამბებს ყვება, ხანაც სევდიანს. ასეთები ყოველთვის აქვს ხოლმე გიოს, მაგრამ უცებ რაღაცა ხდება და თხრობაში ყველაფერი იცვლება. ჯერ ერთი ეს ზემოთნახსენები წვრილი სევდა იზრდება უზომოდ და ხვდები, რომ ავტორმა გვარიანად შეტოპა. ადრე აკა იშვიათად იძირებოდა ხოლმე ასე დეტალებში, აქ კი ძალიან წვრილმანებშია ყველაფერი, ბოლომდე მიდის, ყოველ გამოცლილ ჭიქას უთვლის პერსონაჟებს, ყოველ გაღეჭილ ლუკმას, გადადგმულ ნაბიჯს... ქართველი კლასიკოსები ასე არ წერდნენ, არ ჰქონდათ ამისთვის დრო, ვერ იცლიდნენ ამისთვის, დიდ-დიდ რაღაცებს უტრიალებდნენ და ხშირად მთავარი გემოები ეკარგებოდათ.
რა თქმა უნდა, სამშობლოდან წასულ მწერალს შეიძლება პირველ რიგში მონატრება და ნოსტალგია დააბრალო, მაგრამ არამხოლოდ ნოსტალგიური ტექსტია Obolé. ვიღაცისთვის შეიძლება ეთნოგრაფიული რომანიც იყოს, ქცევების რომანი, ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებების გაბმული ენციკლოპედია. როდესაც ვუთხარი, რომანი კიარა, ჩვეულებების და ურთიერთობების მუზეუმი გამოგივიდა მეთქი, ასე მიპასუხა:

“შეიძლება, ხო... ერთ-ერთი მიზანი ეგეც იყო. საგებს ხომ წერენ დღეს? ბევრი მაგარია და ბევრი მოსაწყენია. ამიტომ, პირდაპირ საგა რომ არ ყოფილიყო, ვითომ რაღაც მოგონებებია... ხომ ხვდები, ფორმები რომ არის ხოლმე, მწყინდება წერის დროს და ესე არ მწყინდებოდა. თან იქ მერე ყველაფერს ყრი, ასე ვთქვათ, ქცევებსაც, ანეკდოტსაც, ანუ რასაც ითხოვს. სიმართლე გითხრა, ბევრს არც ვფიქრობ, როდესაც ვწერ ხოლმე”.

ზედმეტად დაზუსტებული არ არის, მაგრამ გეოგრაფიულად ლეჩხუმია რომანის მოქმედების ადგილი. იმერეთსაც მიამატებდა კაცი ამ ერთი ბეწო მიწას და უფრო მეტიც, მთლიანად საქართველოზეც განავრცობდა იქაურ ამბავს. მოკლედ, ეს არის რომანი საქართველოზე, ძველ და ახალ ქართველებზე და რაც მთავარია, ამის მიუხედავად, ეს არ არის ე.წ. “ნაციონალისტური დისკურსი” და არც “ძმისკურსი”. ეს სევდის, ოცნების, სხვა საქართველოს რომანია, სადაც კლიშეებზეცაა საუბარი, უცნობ განცდებზეც და ყველაზე პირადულზეც. და ეს პირადული არ არის მხოლოდ გიოსი, მე მაგ. ყოველ გვერდზე ვპოულობდი ჩემს სოფელს, ჭიშკარს, ბიძაჩემებს, ბაბუაჩემებს, ნაცნობ ადამიანებს, ნაცნობ გრძნობებს, სურნელებს.

თბილისიდან დასავლეთში რომ მიდიხარ, გზის პირველ ნახევარს ფიქრობ შენს ჩვეულებრივ საფიქრალს, რიკოთზე კი ეგ ყველაფერი თავდება ...
აი მაგ. რომანის პირველი თეზისი ქართველობაზე: “ქართველმა თუ წარსულის ამბები არ გადმოალაგა, დღევანდლისას რას ამბობს, ვერ გაუგებ”. ეს თეზისი მოგვიანებით შემდეგნაირად ზუსტდება: “საერთოდ, მგონი ქართველების იმიტომ არ ესმით მსოფლიოში, რომ ჩვენ ძალიან შორიდან ვიწყებთ ლაპარაკს... შორი ხალხი ვართ, და აბა იმათ არ უყვართ ეგ სიშორე, მგონი აბრაზებთ კიდეც”, ჩვენ კი, გვგონია, რომ შორიდან თუ არ დავიწყეთ ვერავის ვერაფერს გავაგებინებთ. მეორე თეზისი: “ჩვენი საწებელი ჩვენს სისხლზე მაგარია”, მესამე – “სიცოცხლის ერთ წამს ვიქნები ყველაზე ოქრო, მართალი და სასურველი, იმიტომ რომ ქართველი ვარ”. მეოთხე – “რანაირი სითბოები აქვთ ხოლმე შეზარხოშებულ კაი ხასიათის კაცებს. მგონი ეს არის ყველაზე ნამდვილი, რაც კაცს შეუძლია ხოლმე მისცეს მეორე კაცს. ჩვენთან ეგრეა, ემაგ გადახვევაში ლამის ყველაფერია ხოლმე. ოღონდაც, მთლად ფხიზელზე გადახვევა ეგეთი ვერ გამოდის...”. მეხუთე – “ქართული სტილი ეგრეა, ზედა ღილი ყოველთვის გახსნილი და ქვედა კი შეკრული”, მეექვსე და მთავარი – “სიკვდილზე ლაპარაკს რა ჯობია ხოლმე ქართველურ ღვინონაკრავობაში”.

რომანში ერთხელ ჭურსაც მოხდიან და ამ დროს აღმოხდება მთხრობელს ნაცნობი და მშობლიური სიტყვები: “ჭური მოვხადეთ. და ამოვარდა. დალევა კი არ არის მთავარი. მთავარია, რაც ამოვარდება. საქართველო ამოვარდება ხოლმე. თუ იკადრებს და მოეწონება ღვინო”.

გორის ტრასა არ უყვარს მთხრობელს, მაგრამ “გორის ტრასის გარეშე საქართველო არ არსებობს”, კიდევ ერთი გეოგრაფიული დაკვირვება: “თბილისიდან დასავლეთში რომ მიდიხარ, გზის პირველ ნახევარს ფიქრობ შენს ჩვეულებრივ საფიქრალს, რიკოთზე კი ეგ ყველაფერი თავდება და იწყება ლოდინი... ღმერთო, რატომ არის, რომ როგორც კი რიკოთს გადავალ, მიკანკალებს ფეხები, მერე ხელები, მერე მხრები და მთელი ამ დროის განმავლობაში გულიც? რატომ არის ეგრე?”.

და ადამიანები როგორები არიან? ესენი არიან კაცები, რომლებსაც უფრო განწყობა და გარემო ათრობს, ვიდრე ღვინო, შეჭიკჭიკებული მთხრობელები... კოწო, 20-22 წლით უფროსი ბიძაშვილი, უფრო ბიძად რომ გერგება – თავზეხელაღებული ჩახუტებით და ფულების ჩაკუჭვით. ბაბუცა მამიდა, ცეცხლის, თონის სურნელებით. სწორედ ბაბუცასთან დაკავშირებით წამოცდება ავტორს ყველაზე მხურვალე სიტყვები: “რა მიყვარს, რა მკლავს, რა მატირებს და – ბებიების ჩახუტება. ჩემი პატარა, მჩატე, სუფთა ბებიების ჩახუტება, აწევა და დატრიალება. ეგრე გგონია, რომ რაც კარგი გვქონდა ცხოვრებაში, იმას ეხუტები.”
ამ რომანში რომ ჩამოსხდებიან სალაპარაკოდ, ძირითადად სახელდახელო სუფრასთან, და რომ დაიწყებენ... ეს საუბრები დიდი მუსიკასავითაა, მოცარტის და ჰაიდნის ტრიოებივით, კვარტეტები, კვინტეტები, შუბერტი, შუმანი და მისი ჯანი. ჯერ ორი იწყებს, დუეტში, მერე კი შემოდიან და შემოდიან, ხან გადიან, ან ჩუმდებიან, იცინიან, ტირიან. სუფრიდან სასაფლაოზე გადადიან ვენახ-ვენახ, გრაფინით ხელში, სანთლებსაც მოანთებენ იქ, შემდეგ დამალავენ გრაფინს და სატირალში მიდიან მღვრიე, არეული ნაბიჯით.

რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი თოფია, ობოლე, ქალივით თოფი, რომელსაც თამამად ასხამს ხოტბას მთხრობელი. რატომ? იმიტომ, რომ ამ ადამიანს, ბევრი ჩვენთაგანივით “სროულობის”, “სახალხო სროულობის” დრო აქვს გამოვლილი, ანუ 90-იანი წლები და იცის, რომ ამ ქალბატონის ქება-დიდებას არავინ ჩაუთვლის მანკიერებაში. ეს არც კალაშნიკოვია, არც ბერეტა და არც გლოკი. თანაც არავის ახსოვს, ბოლოს როდის გაისროლა ამ თოფმა. იგი თოფადაც არ მიაჩნიათ, ეგ კი “რამხელა შეღავათია, თოფი რომ თოფი არ გეგონება”.

ბოლოს ერთ სცენას გავიხსენებ, ბაბუცა მამიდა და მთავარი გმირი დაბალ მაგიდას უსხედან, მათ შორის დიდი ნათურა კიდია. დიდი, ძველებური ნათურა, შიშველი ნათურა: “შიშველი ნათურები, აი რა მიყვარს აქ. რატომღაც სანთლებივით ანათებენ. ეტყობა იმდენად ძველი ნათურებია, რომ დიდი ძალა აღარ შერჩენიათ...”.