პაპი კუბელებს ღია საზოგადოების შექმნისკენ მოუწოდებს

ბენედიქტე მე-16 კუბაში

რომის პაპი ბენედიქტე მე-16 სოციალისტურ კუბას სტუმრობს. მან სანტიაგო დე კუბაში ღვთისმსახურება ჩაატარა. მანამდე ვატიკანის მმართველი პრეზიდენტ რაულ კასტროს შეხვდა. კათოლიკეთა მამამთავარს კუბაზე მიმდევართა მცირე ჯგუფი ეგულება - ამ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტია კათოლიკე. მაგრამ, სავარაუდოდ, დიდია ინტერესი კათოლიკეთა მამამთავრის სტუმრობის მიმართ, რომლის დროსაც, მართალია, ბენედიქტე მე-16 ოპოზიციას არ ხვდება, მაგრამ ცნობილია პოლიტიკურ პატიმართა ციხიდან გაშვების საქმეში მისი შუამდგომლობის წარმატებული მცდელობები.

სანტიაგო დე კუბაში მესის დროს პაპმა გაიხსენა თავისი წინამორბედის, იოანე პავლე მეორის ვიზიტი კუბაზე 14 წლის წინ და ილაპარაკა იმ წარუშლელ კვალზე, რომელიც დატოვა მან კუბელებზე, მორწმუნეებსა და ურწმუნოებზე. იმ სტუმრობის მნიშვნელოვანი შედეგი იყო კუბაში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ახალი ფაზის დაწყება, რაც თანამშრომლობის და ნდობის ახალი სულისკვეთებით ხასიათდებაო, თქვა პაპმა, თუმცა ბევრ სფეროში კვლავ დიდი ნაბიჯებია გადასადგმელიო, დაამატა მან.

ვატიკანის წარმომადგენლის შეფასებით, ორასი ათასი ადამიანი მივიდა ღვთისმსახურებაზე, მათ შორის პრეზიდენტი რაულ კასტროც იყო. მესა გაიმართა კუბელებისთვის მეტად მნიშვნელოვანი მფარველის, გულმოწყალე ელ კობრეს ღვთისმშობლის სახის სასწაულებრივი გამოცხადების მე-400 წლისთავთან დაკავშირებით, რაც იყო კიდეც პაპის იქ ჩასვლის ერთ-ერთი მიზეზი. ისიც უნდა ითქვას, რომ ელ კობრეს ღვთისმშობელი კუბის ოფიციალურ მფარველად 1916 წელს რომის პაპის ბენედიქტე მე-15-ის მიერ დადგინდა.

ბენედიქტე მე-16-მ კი კუბელებს მოუწოდა, გაიძლიერეთ რწმენა, თქვენ მშვიდობის, შეწყალებისა და გაგების იარაღით უნდა ააგოთ ახალი, ღია საზოგადოება, იბრძოლოთ უკეთესი, უფრო ღირსეული მსოფლიოსთვისო. პაპმა იცის, რომ ეს არ არის იოლი და მიმართა კუბელებს, დიდი სიმამაცე და ძალაა საჭირო ამისთვის თქვენი ქვეყნის პირობებშიო. სანტიაგო დე კუბაში მესის დაწყებამდე მოხდა ინციდენტი: ვიღაც უცნობი პირი, ხმამაღალი შეძახილებით, ძირს კომუნიზმი, ძირს დიქტატურაო, პაპის ტრიბუნისკენ გაემართა, მაგრამ უშიშროების ძალებმა დააკავეს.

კუბიდან გამომგზავრებამდე რომის პაპი დედაქალაქ ჰავანაში, რევოლუციის მოედანზე, გამართავს მესას. სანამ კუბაში ჩავიდოდა, პაპმა კუბელებს მოუწოდა, უარი თქვით მარქსიზმზე, როგორც მოძველებულ სისტემაზეო.