გარემოს დაცვის კანონი - ინდულგენცია თუ ამნისტია?

გარემოს დამცველი და სხვა 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი 23 მარტს პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბა, რათა პრეზდენტისთვის ვეტოს დადება მოეთხოვა პარლამენტის მიერ 20 მარტს ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” შეტანილ ცვლილებებზე. აღნიშნული ცვლილებები შეეხო ”გარემოს დაცვის შესახებ ”კანონსაც. არასამთავრობოების განცხადებით, განხორციელებული ცვლილებებით სახელმწიფო საშუალებას აძლევს კონკრეტულ პირებს გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ სერიოზული ზიანი მიაყენონ გარემოს, ამ პირთა მიერ ჩადენილი ყველა ქმედება კანონიერად ჩაითვლება და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მათი საქმიანობის შემოწმებაც შეუძლებელი იქნება. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კანონს არასწორად კითხულობენ.

იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირი და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმებას დადებს, ამ პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად, თუკი ის სახელმწიფოს გარკვეულ კომპენსაციას გადაუხდის; შეთანხმების დადების დღიდან პირს არ დაეკისრება სახელმწიფოს მიმართ არანაირი პასუხისმგებლობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის გამო და ყველა მის მიერ ჩადენილი ქმედება ჩაითვლება კანონიერად. პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ თითქმის 100-მდე შემთხვევაში, - ასე კითხულობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გარემოს დაცვის შესახებ კანონში 20 მარტს შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სამი მოსმენით იქნა მიღებული, დაჩქარებული წესით. კანონში შესატანი ცვლილებები ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ მოამზადა, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა იყო. ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც ერთ-ერთია იმ არასამთავრობოთა წარმომადგენლებს შორის, ვინც პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადება მოსთხოვა, ამბობს:
ეს არის ინდულგენცია გარკვეული მეწარმეებისთვის ...
მანანა ქოჩლაძე

” მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და დაზიანება, მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულის, სასარგებლო წყლის და ნიადაგის მოხსნა და გაუვარგისება, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობა, - ეს ჩამონათვალი შორს წაგვიყვანდა, იმიტომ რომ ასამდე მუხლია, - ანუ ამ დანაშაულებებზე პასუხი არ მოეთხოვება პირს, რომელიც გააფორმებს შეთანხმებას ენერგეტიკის სამინიტროსთან, მხოლოდ კომპენსაციას გადაიხდის და როცა ამ კომპენსაციას გადაიხდის, მწვანე შუქი ენთება, რაც უნდა ის გააკეთოს.”

მანანა ქოჩლაძე, თავმჯდომარე ორაგნიზაციისა ”მწვანე ალტერნატივა”, მიიჩნევს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან ინდულგენციაა იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ხელშეკრულებას გააფორმებენ გარემოს გამოსაყენებლად, კანონის ამოქმედების შემთხვევაში კი განუზომელი ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს:

”ეს არის ინდულგენცია გარკვეული მეწარმეებისთვის და მე ეჭვი მაქვს, რომ თუ პრეზიდენტმა ამას ხელი მოაწერა, ჩვენ ძალიან მალე - მომდევნო კვირაში -დავინახავთ მთელ რიგ საწარმოებს, რომლებთანაც ეს შეთანხმება გაფორმდა და მე არ მგონია, რომ ეს ის საწარმოებია, რომლებიც ასეთი ტიპის შეთანხმებებს საჭიროებენ.”

პირდაპირ და ცალსახად წერია ამ კანონში, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ და მხოლოდ წარსულ პერიოდს ეხება ...
ნინო ენუქიძე
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე კი ირწმუნება, რომ არასამთავრობოები კანონს არასწორად კითხულობენ და რომ ის მხოლოდ წარსულში ჩადენილ უკანონობებზე ვრცელდება, რომლის პატიებაც დასაშვები გახდება სახელმწიფოსთან შეთანხმების გზით, ანუ, როგორც ნინო ენუქიძე განმარტავს, კანონი მხოლოდ იმ ლიცენზიანტებს შეეხებათ, რომლებიც გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სფეროში აქამდეც მუშაობდნენ, მაგრამ მოუქნელი მონიტორინგის სისტემის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს სჩადიოდნენ. კანონში შესული ცვლილებებით სწორედ ასეთ პირებს ეძლევათ საშუალება კომპენსაციის გზით საკუთარი უკანონობების გამოსწორებისა:

” წლების განმავლობაში დაგროვილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები, სანქციები, საურავები, ზიანი, რაც არის დამდგარი მათი ქმედების შედეგად, შესაძლებელია, რომ ამ ხელშეკრულების, ამ შეთანხმების საფუძველზე იქნეს გაწერილი და კომპენსაციის გადახდის გზით, წლების გადანაწილების გზით, -შეიძლება 10 წელზე გადავუნაწილოთ, - იმ შემთხვევაში, თუ რაღაც ზიანი ტყეს მიაყენეს, დავავალოთ ახალი ტყის გაშენება. პირიქით, ეს არის ჰუმანური კანონი და ემსახურება იმას, რომ ბიზნესსაც ხელი შევუწყოთ, რომ ამ სანქციებით და საურავებით არ დავხუროთ ეს წარმოებები, არამედ მივცეთ იმის საშუალება, რომ მათ მიერ ჩადენილი ესა თუ ის ქმედება გამოასწორონ. ეს არის ამ კანონის მიზანი.”

თუმცა არასამთავრობოები ნინო ენუქიძის ამ განმარტებას გაუგებრად მიიჩნევენ, რადგან, მათი განცხადებით, სამინისტროს საკმარისი ბერკეტები ჰქონდა ეკონტროლებინა კონკრეტული მეწარმეები, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონის მეშვეობით. ”მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე სახელმწიფოს ხელში არსებულ კიდევ ერთ ისეთ ინსტრუმენტს ასახელებს, როგორიც არის გარემოს დაცვის ინსპექცია, რომლის ფუნქციებში არა მხოლოდ მეწარმეებისთვის ჯარიმების დაწესება შედიოდა, არამედ საურავების გადახდის გრაფიკის შედგენაც. გამომდინარე აქედან, განმარტება, რომ კანონი ამნისტიაა წარსულში ჩადენილ დანაშაულებებზე, მისაღები არ არის, მით უფრო, რომ ასეთი რამ კანონში არსად წერია, ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თუმცა ნინო ენუქიძე დაბეჯითებით იმეორებს, რომ კანონში ასეთი განმარტება დევს:

” პირდაპირ და ცალსახად წერია ამ კანონში, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ და მხოლოდ წარსულ პერიოდს ეხება და ის უკვე განხორციელებულ ქმედებებზე შეიძლება დაიდოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში.”

იმას, რომ კანონი სხვადასხვაგვარი წაკითხვის საშუალებას იძლევა, მანანა ქოჩლაძეს უმყარებს რწმენას, რომ კანონი ცუდია და ის აუცილებლად შესაცვლელია. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დასადებად ათდღიანი ვადა აქვს. თუ ის ამ უფლებას არ გამოიყენებს, ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.