ხუგაევის გადადგომა და ჯიოევას მომხრეების არჩევანი

თეიმურაზ ხუგაევი

დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე თვითაღიარებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა თეიმურაზ ხუგაევმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გრძნობს პასუხისმგებლობას სამხრეთ ოსეთის მომავალზე და ამ ნაბიჯს საზოგადოების კონსოლიდაციისთვის დგამს. ხუგაევის გადადგომას დიდი ხანია ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვდნენ, მოგვიანებით კი იგივე მოთხოვნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევსაც გაუჩნდა, თუმცა ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მთავარი დასაყრდენი ამ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობდა. გარდა ამისა მას მხარს პარლამენტიც უჭერდა. საბოლოოდ, როგორც ჩანს, ხუგაევი თანამდებობის დატოვებაზე კრემლიდან მაინც დაიყოლიეს.

დე ფაქტო რესპუბლიკაში კი წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. უკვე გარკვეულია ვინ ვის უჭერს მხარს. ალა ჯიოევას მომხრეების მცირე ნაწილი დიმიტრი მედოევის საარჩევნო შტაბში აღმოჩნდა, უფრო მეტმა კი მხარდაჭერა ლეონიდ თიბილოვს გამოუცხადა. თვითონ ჯიოევა კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებს და ძალაში ტოვებს 25 მარტის არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხს, მაგრამ მისი თანამებრძოლები აცხადებენ, რომ თიბილოვი იყო პირველი კანდიდატი, რომელმაც ჯიოევას გამარჯვება აღიარა და მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ჯიოევას თანამებრძოლი ალან პლიევი, რომელიც ახლა თიბილოვის შტაბშია, აცხადებს, რომ ოპოზიციური კონსულტაციების შედეგად, თიბილოვის მხარდაჭერა გადაწყვიტეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ძამბოლათ თედეევის და ალა ჯიოევას მომხრე სპორტსმენებიც თიბილოვთან გადავიდნენ.

ცხინვალში კი თიბილოვის წინააღმდეგ გუშინ დაუდგენელმა პირებმა პროკლამაციები დაყარეს. ფურცლებზე წერია, რომ თიბილოვი ქურდია და ამომრჩეველმა მას „არა“ უნდა უთხრას. მის შტაბში მიიჩნევენ, რომ თიბილოვს ხელისუფლების წარმომადგენლები ბინძური მეთოდებით ებრძვიან.

პოლიტიკური მიმომხილველი იური ვაზაგოვი მიიჩნევს, რომ თითოეული კანდიდატი ოპოზიციური ელექტორატის მიმხრობას ცდილობს. ამიტომ, მისი აზრით, ოპოზიციური ლიდერები სხვადასხვა ბანაკებში საკუთარი ინტერესების მიხედვით გადანაწილდნენ.

ექსპერტ ვასილ ჭყოიძის აზრით, ცხინვალში უკონტროლო ვითარებაა და კრემლის მთავარი ინტერესი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა სტაბილურობა, არამედ მხოლოდ სამხედრო ბაზების ყოფნაა.

კიდევ ერთ კანდიდატს, დავით სანაკოევს, ძირითადად ცხინვალში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უჭერენ მხარს. კრემლის რჩეული დიმიტრი მედოევი მთავარ კონკურენტებად სწორედ სანაკოევს და თიბილოვს მიიჩნევს. ადგილობრივი ხელისუფლება კი, რომელიც კრემლიდან კონტროლდება, დიმიტრი მედოევს ეხმარება, ადმინისტრაციული რესურსიც მის სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. რადიო თავისუფლებას ახალგორიდან აცნობეს, რომ ადგილობრივი ამომრჩეველი ძირითადად სანაკოევს და თიბილოვს ემხრობა. ბროვცევმა კი იქ საკადრო ცვლილება განახორციელა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი ნოდარ გოჩიაევით შეცვალა, რომელიც დაბაში მედოევმა ჩაიყვანა.