”პოლიტიკური პარტიების გაურკვეველი მილიონები”

კონტროლის პალატა

”პოლიტიკური პარტიების გაურკვეველი მილიონები” - ამ სათაურით აქვეყნებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დასკვნას, რომელიც მათ პარტიების მიერ კონტროლის პალატისთვის წარდგენილი 2011 წლის ფინანსური დეკლარაციების ანალიზის შედეგად შეიმუშავეს. ორგანიზაციამ იმ 14 პარტიის ფინანსური დეკლარაციები შეამოწმა, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ. როგორც დასკვნიდან ირკვევა, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წლიური შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმომავლობა უცნობია. რა პრობლემებზე მიუთითებენ დასკვნის ავტორები და რა პასუხი აქვს მმართველ პარტიას ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დასკვნის თაობაზე?

მაშინ, როდესაც კონტროლის პალატა უკანასკნელი ორი თვეა, ასე ვთქვათ, გამადიდებელი შუშით აკვირდება ოპოზიციური პარტიების დაფინანსების წყაროებს, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მმართველი პარტიის ფინანსურ დეკლარაციებში არსებული გაურკვეველი მილიონების შესახებ ლაპარაკობს.
ელექტრონული ფორმები ეხება როგორც შემოწირულობების გამჭვირვალობას, ასევე პოლიტიკური პარტიების ხარჯების გამჭვირვალობას ...
ლევნ ბეჟაშვილი

დავიწყოთ იქიდან, რომ 2012 წლის დასაწყისში საქართველოს კონტროლის პალატამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე ფინანსური დეკლარაციების წარსადგენად პოლიტიკური პარტიებისთვის სპეციალური ფორმები შეიმუშავა. ეს ფორმები მედიის წარმომადგენლებს იანვრის დასაწყისში კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა ასე დაუხასიათა:

”ელექტრონული ფორმები ეხება როგორც შემოწირულობების გამჭვირვალობას, ასევე პოლიტიკური პარტიების ხარჯების გამჭვირვალობას.”

2011 წლის საფინანსო დეკლარაცია 62-მა პარტიამ წარადგინა. “საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს” ყურადღების ცენტრში კი ის 14 პარტია მოექცა, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ. მათ შორის არის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ”ქრისტიან-დემოკრატები”. სწორედ ამ პოლიტიკური მოძრაობების გაურკვეველი წარმომავლობის თანხებზე საუბრობენ დასკვნის ავტორები. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მთავარი ანალიტიკოსი და დასკვნის ერთ-ერთი ავტორი, ლევან ნატროშვილი, მიუთითებს, „ნაციონალური მოძრაობის” მთლიანი შემოსავლების 38%-ის წარმომავალობა, რომელიც 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, უცნობია. საქმე ისაა, რომ დეკლარაციის ფორმა შეიცავს კატეგორიას, სათაურით ”სხვა შემოსავლები”. სწორედ იმ გრაფაში მითითებულ თანხას უწოდებენ დასკვნის ავტორები გაურკვეველი წარმომავლობის თანხას:

”დეკლარაციაში არ იყო დაკონკრეტებული, თუ რა წარმომავლობის იყო ეს შემოსავლები. 2011 წლის ბოლოს მიღებული ახალი კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი დასაბუთება სწორედ ის იყო, რომ გაუმჯობესებულიყო პარტიების ფინანსების გამჭვირვალობა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის ბუნდოვანი ჩანაწერი დეკლარაციაში არ არის შესაბამისობაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებთან”, - ამბობს ლევან ნატროშვილი.
ჩვენთან თითოეული თეთრი აღრიცხულია, ყველა საკითხზე იქნება ამომწურავი პასუხი. მე უკვე ვიცი, რაზეა საუბარი ...
მიხეილ მაჭავარიანი

გაცილებით ნაკლები ე.წ. გაურკვეველი წარმომავლობის თანხაა მითითებული ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მიერ შევსებულ საფინანსო დეკლარაციაში. ის საერთო შემოსავლების 6 პროცენტს, 50 ათასზე მეტ ლარს მოიცავს. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანალიტიკოსები ამბობენ, 2011 წლამდე, ანუ იქამდე, სანამ კონტროლის პალატა დეკლარაციის სპეციალურ ფორმას შეიმუშავებდა, ყველა პარტია ზუსტად განსაზღვრავდა შემოსავლის სახეს და არ უთითებდა „სხვა“ კატეგორიას. 2011 წლის ბოლოს კი ერთიანი ანგარიშგების ფორმების შექმნის ფონზე, პოლიტიკური პარტიების მიერ გაურკვეველი შემოსავლების გაჩენა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, უკანგადადგმული ნაბიჯია, მიაჩნიათ ორგანიზაციაში. სწორედ ამიტომ ისინი, ერთი მხრივ, მოუწოდებენ კონტროლის პალატას დახვეწოს დეკლარაციის ფორმა და მასში მიუთითოს შემოსავლის მაქსიმალურად ყველა შესაძლო სახე, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონდეთ ”სხვა კატეგორიით” მანიპულირების საშუალება, მეორე მხრივ კი, მიმართავენ მმართველ პარტიასა და ”ქრისტიან დემოკრატებს”, ”სხვა შემოსავლების” წარმომავლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნონ.

”საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს” „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსური ბრუნვის დეტალებს უახლოეს მომავალში გავაცნობთ, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მიხეილ მაჭავარიანი, მოძრაობის გენერალური მდივანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი. მისი თქმით, ის უკვე ესაუბრა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელობას და მათგან უახლოეს მომავალში ოფიციალურ წერილს ელოდება:

”ჩვენთან თითოეული თეთრი აღრიცხულია, ყველა საკითხზე იქნება ამომწურავი პასუხი. მე უკვე ვიცი, რაზეა საუბარი, მაგრამ დაველოდები ორგანიზაციისგან ოფიციალურ წერილს და შემდეგ უკვე ვთხოვ მათ, რომ გამოაქვეყნონ ჩვენი საპასუხო წერილიც, რადგან ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს.”

სწორედ პოლიტიკური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დამკვიდრების მიზნით, უკანასკნელი ორი დღეა, რეგიონებში ოპოზიციური პარტიების აქტივისტებს ახსნა-განმარტებების ჩამოსართმევად იბარებენ. ამ პროცესის პარალელურად კი, გასაუბრებიდან გამოსული მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები კონტროლის პალატის წარმომადგენლების უკანონო ქმედებებსა და უფლებამოსილების გადაჭარბებაზე საუბრობენ.