ჯერომ დ. სელინჯერის ახალი თარგმანები

გამომცემლობა “დიოგენემ” ჯერომ სელინჯერის ერთდროულად სამი კრებული გამოსცა, სადაც მწერლის ყველა ცნობილი მოთხრობაა თავმოყრილი. წიგნებში შესული მოთხრობების უმრავლესობა ახლიდან, ან სულაც პირველადაა თარგმნილი. ვახტანგ ჭელიძისეული კლასიკური თარგმანების გარდა წიგნში დაბეჭდილია გია ჭუმბურიძის, ლელა დუმბაძის, თამარ ჯაფარიძისა და გია ბერაძის ახალი თარგმანები. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სელინჯერი თითქმის სრულად გვაქვს ქართულ ენაზე.

სელინჯერზე საუბრისას უმრავლესობას პირველ რიგში “თამაში ჭვავის ყანაში” ახსენდება ხოლმე, რომლის ხელმეორე თარგმანიც 5-6 წლის წინ გამოსცა “დიოგენემ”, სათაურით “კლდის პირზე, ჭვავის ყანაში...”. ჩემთან საუბარში არტ-კურატორ მაგდა გურულმაც პირველ რიგში ამ წიგნით მიღებული შთაბეჭდილება ახსენა:

“სელინჯერი პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მწერალია, იმიტომ, რომ იგივე “თამაში ჭვავის ყანაში” იყო ჩემი პირველი წიგნი, რომელიც კი ოდესმე წამიკითხავს. ძალიან პატარა ვიყავი, სადღაც მეორე კლასში და მახსოვს ჩემი რეაქციები. ცხადია მთლად ვერ გავიგე იქ რა ხდებოდა, მაგრამ იქ ისეა ყველაფერი მოთხრობილი, რომ აუცილებლად, ყველა რაღაცას აღმოაჩენს თავისთვის. მაგალითად, იგივე კოლფილდის დის პრობლემატიკა, ფიბი ერქვა, თუ არ ვცდები, ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო და საერთოდ, ამ წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე შემდეგ. ანუ რასაც ვარჩევდი წასაკითხად, ან როგორ ვუყურებდი რაღაც-რაღაცეებს.”

ამის მიუხედავად, ძალიან ბევრს ვიცნობ ისეთსაც, ვინც გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სელინჯერის მოთხრობებს და ნოველებს, მის სახელგანთქმულ “ფრენი და ზუის”, “ჭერი ასწიეთ დურგლებო”-ს, “ბანანა თევზის ამინდს”, “ძღვნად ესმეს” და სხვებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ სელინჯერის საუკეთესო, ვრცელი მოთხრობები ახალი თარგმანებითაა წარმოდგენილი. ასე მაგალითად, “სიმორი – შესავალი” ლელა დუმბაძემ თარგმნა, “ფრენი და ზუი” კი გია ჭუმბურიძემ.

ეს წიგნი პირველივე ფურცლიდან გიპყრობს. ჯერ მიძღვნა ნახეთ როგორია: “უილიამ შონს, The New Yorker-is genius domus-ს, თამამი გადაწყვეტილებების ერთგულს, არაპროდუქტიული მწერლების ქომაგს, გამოუსწორებელ მჭერმეტყველთა დამცველს, ცოცხალთაგან უდიდეს ხელოვან-რედაქტორს...”.

“გამოუსწორებელ მჭერმეტყველთა დამცველს...”, ეს რომ წავიკითხე, რა თქმა უნდა სელინჯერის მოქაქანე პერსონაჟები გამახსენდნენ, გამოუსწორებელი მოქაქანეები. პირველ რიგში რა თქმა უნდა გლასები – დედაშვილიანად. ეს წიგნიც ხომ სულ ქაქანია, ქაქანი და მელანქოლია, ხმაური და ამოოხვრები. ეს ამბები აქ ყველას ეხერხება.

გლასების ოჯახმა უკვე დიდი ხანია განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ლიტერატურის ისტორიაში. გლასები მზად არიან ყველა ლიტერატურული ოჯახი დაჯაბნონ კვიმატიანობით – ბუდენბროკების ოჯახიც და კეჟერაძეებისაც, სნოუპსებისაც და ფორსაიტებისაც. მათ ვერაფერში შეერკინები, ყველაფერი იციან, ყველაფერი ესმით. 12 წლის გლასისთვის, მაგ. სკოტ ფიცჯერალდის “დიდი გეტსბი” “ტომ სოიერივითაა”, მეტყველებენ ეზოთერულ ოჯახურ ენაზე – “რაღაც საშუალოზე სემანტიკურ გეომეტრიასა და არაევკლიდურ გეომეტრიას შორის”, ერთ-ერთი გლასი ცალმხრივი სიყვარულის იარებს “მუნდაკა უპანიშადების” ძველბერძნულად თარგმნით იშუშებს. გლასები დიდ ტკივილს ატარებენ, მაგრამ მაინც ლაღები არიან.

შესანიშნავია გლასების ოთახების აღწერა, რომელსაც მთხრობელი ბადი გლასის სიტყვებით ამთავრებს: “ეს კედლები ჭეშმარიტად რომ ხატადქმნილი ჰიმნია კომერციალიზებული ამერიკული ბავშვობისა და ადრეული მომწიფების უგვანობისა...”.

“ფრენი და ზუიში” ბევრი უგვანობა თავად ამ სიტყვების ავტორს და უფროს ძმას, სიმორს ბრალდება. აი როგორ ახასიათებს ამ დანაშაულს ზუი: “იმ ორმა ნაბიჭვარმა პატარაობიდანვე რაღაც დამახინჯებული პრინციპები ჩაგვინერგა, სულში ამოგვისვირინგა და ახლა აღარც იქნება ჩვენი საშველი, სანამ ყველა სხვასაც იგივეს არ ვუზამთ... “ჭკუისკოლოფების კომპლექსი” გვაქვს აკიდებული...”. და ბოლოს, გაიხსენეთ ფინალური სცენები, ზუის ტირადა, გაოფლიანება, გასვლა, შემდეგ სატელეფონო ზარი და უკვდავი სიტყვები სქელ დეიდაზე და კიდევ: “თუკი ნაკურთხი ბულიონის თასსაც კი ვერა ცნობ, რომელ წმინდანს იცნობ მტვრიან ბილიკზე?”, ანდა ეს: “იორიკის თავისქალას ჯერაც შევნატრი – მინდა, ჩემი სიკვდილის მერე ისეთივე თავისქალა დავუტოვო კაცობრიობას, როგორიც მისი იყო...”. და ბოლო აბზაცი, ფრენის ამოოხვრა, ყურმილის დაკიდება და ღიმილი...

გია ჭუმბურიძის თარგმანი ძალზე თანაბარი და ინტონაციურად ზუსტია, თუმცა შიგადაშიგ მაინც ხვდება ყურს არქაიზმები – ნიდაყვი, რა ჩარაა, გვარიანად უსიამო ვინმე, შორენკეცი, ჭიფხია, მიკელანობს და სხვ. ამის მიუხედავად წიგნი კარგად იკითხება, ზოგიერთი ეპიზოდი კი დენის ეფექტივით მოქმედებს მგრძნობიარე მკითხველზე.

ცხრა მოთხრობიდან მხოლოდ ოთხია ვახტანგ ჭელიძისეული, მათ შორის ჩემი რესპოდენტის, მაგდა გურულის საყვარელი მოთხრობა, “ძღვნად ესმეს”:
“ჩემთვის ორი ყველაზე საყვარელი მოთხრობა, რომლებიც იმ ცხრა მოთხრობაშია შესული, ეს არის, “ძღვნად ესმეს” და “ბანანა თევზის ამინდი”. “ძღვნად ესმეს” ალბათ ისედაც ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობად ითვლება, დანარჩენ რვასთან შედარებით და თან სელინჯერი ისე წერს, რომ როდესაც კითხულობ, ამას ვიზუალურად უყურებ. ამიტომაც ალბათ არასდროს განხორციელებულა მათი ეკრანიზაცია... ძალიან ბევრს უნდოდა უფლების აღება, მაგრამ თვითონ სელინჯერი იყო წინააღმდეგი და ამბობდნენ ხოლმე, რომ ერთად-ერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია კოლფილდი ითამაშოს, თავად სელინჯერიაო, იმიტომ, რომ ეს წიგნი, რაღაც მომენტში ავტობიოგრაფიულიც იყო. ჩემთვის, იმ პერიოდში როდესაც ამას ვკითხულობდი, ანუ საბჭოთა კავშირის დროს, სულ სხვა სამყარო იყო. ეს იყო კაფეების, საეკლესიო გუნდების სამყარო, ეს იყო ის სამყარო, სადაც პატარა გოგოს შეეძლო მისულიყო ჯარისკაცთან, მაგიდასთან დამჯდარიყო და საუბარი გაება. თუ გახსოვს იქ ჯარისკაცი ფიქრობს, როგორ უხდება ეს კაბა და ა.შ. ანუ ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო მაშინდელი ჩვენი აზროვნებისთვის, ყოფისთვის, და ამ მხრივ, ის განსხვავება, რომელიც იყო ჩემს რეალობასა და იქ აღწერილ რეალობას შორის, ჩემზე პირადად ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.”

ამ მოთხრობების სამყარო მართლაც რომ განსხვავებული სამყაროა, ამაში თავადაც ადვილად დარწმუნდებით, როდესაც კრებულებს გადაიკითხავთ. მით უმეტეს, სელიჯერის ოსტატობამ შეიძლება შიგადაშიგ მთარგმნელის აზარტი გამოაჩინოს, მოხაზოს ის ბრძოლის ველი, სადაც გაიმარჯვა ან დამარცხდა მთარგმნელი. ეს კი ორჯერ უფრო საინტერესოს ხდის კლასიკის წაკითხვის პროცესს.